რედნაპმა ბევრი იგინა

AutoSharing Option
"ტოტენჰემ ჰოთსპურის" თავკაცმა, ჰარი რედნაპმა სტოკში მისი გუნდის მარცხი (2:1) მსაჯ კრის ფოისა და მის ასისტენტს დააბრალა.

მოგეხსენებათ, ამ წაგებამდე "დეზები" ზედიზედ 11 შეხვედრაში დაუმარცხებლები იყვნენ. რედნაპის აზრით, არბიტრებმა ამ შეხვედრაში მისი გუნდის სასარგებლოდ სამი (!) პენალტი არ არ დანიშნეს, ხოლო 27 წლის ტოგოელ თავდამსხმელ ემანუელ ადებაიორს წესების დაცვით გატანილი გოლი არ ჩაუთვალეს.

"ტოტენჰემის" თავკაცმა, რომელსაც ამ შემოდგომაზე გულის მცირე ოპერაციის გადატანაც კი მოუხდა, თქვა:
"მსაჯებს ეს შეცდომები, რასაკვირველია, განზრახ არ დაუშვიათ, მაგრამ საღამოს, როდესაც ფოი შინ, ტელევიზორთან დაჯდება და
ცოლი ბეკონს მიუტანს, ის ჩანაწერს ნახავს და იტყვის: ჩემი .... ეს რა გამიკეთებია".

ზუსტად ასე იყო, რედნაპი პრესკონფერენციაზე სალანძღავ სიტყვებს არ მორიდებია. მან განაგრძო:
"ვიმეორებ, მსაჯს ეს შეცდომები იმიტომ არ მოსვლია, რომ მას ჩვენთვის საქმის გაფუჭება უნდოდა. ფოი კარგი ბიჭია, მაგრამ ძალიან ცუდი დღე ჰქონდა. 30 წელიწადია მწვრთნელად ვმუშაობ და ღირსეულად დამარცხება ნამდვილად შემიძლია. ამ ხნის მანძილზე არ ყოფილა შემთხვევა ჩემი წაგება მსაჯისთვის გადამებრალებინოს, მაგრამ დღეს მეტისმეტი მოხდა. მსაჯს ხომ საშინელი დღე ჰქონდა და არც თანამსაჯი იყო უკეთეს ფორმაში. მან ადებაიორს ნამდვილი გოლი არ ჩაუთვალა. მანუ ოფსაიდში არ იყო, მის მერე ორ მეტრში კიდევ სტოკელი ფეხბურთელი იდგა".

რედნაპმა თქვა, რომ კრის ფოის დაახლოებით ხუთი საკვანძო შეცდომა მოუვიდა და ყველა "ტოტენჰემის" საწინააღმდეგოდ.
"საბოლოოდ ყურებჩამოყრილი დაგვტოვეს, არადა, ზედ კარის ხაზზე, ორ ეპიზოდში, მეტოქემ აშკარად ხელით ითამაშა. თავიდან გამიკვირდა, ამ კაცმა ბურთი როგორ გადმოაგდო, მეთქი, მაგრამ ჩანაწერში ნათლად ჩანს რაც ხდება. ამაზე აშკარა ხელით თამაში ცხოვრებაში არ გექნებათ ნანახი. ადებაიორის ნაღდ გოლზე უკვე ვთქვი. ჩართეთ, ტელევიზორი და ნახეთ. ოფსაიდის ნასახიც არ იყო."

ჩანაწერში მართლაც მკაფიოდ ჩანს ხელით თამაშის ორი ეპიზოდი. პირველად რაიან შოუკროსმა იონას ქაბულის დარტყმულს მკლავით არ მისცა კარში გასვლის საშუალება, შემდეგ კი დინ უიტჰედმა ასევე ხელით დაბლოკა ჯერმაინ დეფოს მიერ კარში დამიზნებული ბურთი.

ორივე ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც "სტოკი" 2:1-ს იგებდა. სხვათაშორის, მასპინძელთა კართან კიდევ ერთი საპენალტე სიტუაცია დაფიქსირდა: კუთხურის დროს შოუკროსი ქაბულს დაებღაუჭა და წააქცია. ქაბულმა პროტესტი გამოთქვა, რის გამოც ფოიმ მას ყვითელი ბარათი ამოუღო, ერთი ხნის შემდეგ კი არცთუ განსაკუთრებული უხეშობისთვის მეორედაც გააფრთხილა და 25 წლის ფრანგი გასახდელის გზას გააყოლა.

ისევ რედნაპი: "ვატყობდი, რომ არბიტრი ჩვეს სასარგებლოდ არაფერს დანიშნავდა. ის სიამოვნებით უძღვებოდა შეხვედრას ჩვენს საწინააღმდეგოდ. თამაშის შემდეგ მსაჯთან სალაპარაკოდ ცხოვრებაში არ მივსულვარ, მაგრამ დღეს თავი ვერ შევიკავე".

აქ, აუცილებლად უნდა აღინიშნოს ერთი ამბავიც. "ტოტენჰემმა" თავისი გოლი პენალტით გაიტანა - ლუკა მოდრიჩი გლენ უილენმა წააქცია. უნდა ითქვას, რომ ამ ეპიზოდში დარღვევა მეტისმეტად აშკარა არ იყო. უილენი მოდრიჩს თუ შეეხო, ძალიან ზედაპირულად. როდესაც ჟურნალისტებმა რედნაპს ეს ეპიზოდი შეახსენეს, მან თქვა: "ზედაპირული კონტაქტი იყო? მართლა გეკითხებით, არ ვიცი".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული