ჟოზე ხელებს "ჩელსიში" აფათურებს

AutoSharing Option
"რეალის" მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო "ჩელსის" ფრენკ ლემპარდს სთხოვს.

მოგეხსენებათ, 33 წლის ინგლისელი ნახევარმცველი ბოლო პერიოდში "ლურჯების" ძირითად შემადგენლობაში სულ უფრო და უფრო იშვიათად ხვდება. "განსაკუთრებულს" თავისი ყოფილი შეგირდის გამოხსნა და "სანტიაგო ბერნაბეუზე" გადაყვანა გადაუწყვეტია.

"სანმა" შეიტყო, რომ მოურინიო, დასავლეთლონდონელებს, ლემპარდის სანაცვლოდ ესპანელ შემტევ ნახევარმცველს, 24 წლის ესტებან განეროს სთავაზობს. განეროს სატრანსფერო ფასი 7 მილიონი ევროს ფარგლებშია და იანვრის სატრანსფერო ბაზრობაზე მის ყიდვას "არსენალი" და "ლივერპული" აპირებენ, თუმცა მოურინიუ თავის ყოფილ გუნდს დაუკავშირდა და შესაძლოა ესპანელს "სტემფორდ ბრიჯზე" ამოაყოფინოს თავი.

მოგეხსენებათ,
შაბათს, "რეალმა" ესპანეთის ჩემპიონატში "ბარსელონასთან" მორიგი თამაში წააგო. მოურინიო ვარაუდობს, რომ ლემპარდი თავისი მდიდარი გამოცდილებით "სამეფო გუნდს" გამოადგება. იმავდროულად, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ლემპსი "ჩელსის" ახალი თავკაცის, მისი თანატოლი ანდრე ვილაშ-ბოაშის ხელში "ჩელსის" შემადგენლობაში ხშირად ვეღარ ხვდება.

გასულ კვირაში, ჩემპიონთა ლიგაში, "ვალენსიასთან" სათამაშოდ, ვილაშ-ბოაშმა ინგლისელი ნახევარმცველი მოედანზე არ შეიყვანა, არადა შეხვედრა გადამწყვეტი გახლდათ. პორტუგალიელი ახალგაზრდებს, ორიოლ რომეუს, რაულ მეირელეშს და რამირესს უფრო ენდობა. ლემპარდის გარეშე "ჩელსიმ" "ვალენსიასთან" შესანიშნავად ითამაშა და 3:0 მოიგო, რამაც ვეტერანის საჭიროებას კიდევ ერთი კითხვისნიშანი დაუსვა.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ორგზის გამარჯვებულმა მწვრთნელმა ლემპარდის "ჩელსიდან" წაყვანა პირველად 2008 წელს სცადა. მაშინ ის მილანის "ინტერს" ედგა სათავეში. შემდეგ, როდესაც მოუ "ინტერიდან" "რეალში" გადავიდა, მან კიდევ სცადა ლემპსის გადაბირება, მაგრამ საქმე ამჯერადაც ჩაიშალა. ლემპარდი ორივეჯერ "ჩელსის" ერთგული დარჩა.

დასავლეთლონდობური კლუბი ხომ ლემპარდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან აქ, მან სამჯერ ინგლისის ჩემპიონის ტიტული მოიგო, სამჯერ ფეხბურთის ასოციაციის თასი და ორჯერ ლიგის თასი. ფრენკ ლემპარდი, როგორც ავღნიშნეთ, ნახევარმცველია, მაგრამ მისი პოზიციისთვის გასაოცარი რაოდენობის გოლები აქვს გატანილი - 177.

ისიც აღსანიშნავია, რომ ინგლისელი ვეტერანის წარმატებათა მეტი წილი 2004-07 წლების პერიოდზე მოდის, როდესაც "ჩელსის" სათავეში ჟოზე მოურინიო ედგა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული