არადა, ერთი წლის წინ დასავლეთლონდონელებმა მასში "ლივერპულის" 50 მილიონი ფუნტი გადაუხადეს.
დიახ, ტორესი "ჩელსიში" 31 იანვრიდან ირიცხება, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში, პრემიერლიგაში, მხოლოდ სამი გოლი გაიტანა. ასეთი სტატისტიკის შემყურე, "სტემფორდ ბრიჯზე" მიიჩნიეს, რომ ყველაფერი, რისი ცდაც შეიძლებოდა, უკვე სცადეს და, მიუხედავად იმისა, რომ ესპანელის გაყიდვა დიდ მატერიალურ ზარალთან იქნება დაკავშირებული, მაინც ეს გზა ამჯობინეს.
ზემოთ დავწერეთ, რომ
ზაფხულში, "ჩელსის" ახალი მწვრთნელი, ანდრე ვილაშ-ბოაში დარწმუნებული იყო, რომ ტორესის ჩავარდნა დროებითია და ოდესღაც მრისხანე ფორვარდი სულ მალე ძველებურად ათამაშდებოდა. სპეციალურად, ტორესის გამოსაფხიზლებლად აყიდინა ვილაშ-ბოაშმა კლუბს 23 წლის ხუან მატა.
ეგონა, მკვირცხლი თანამემამულის მხარში ამოყენებით "ელ ნინიოს" გოლების გატანას დააწყებინებდა, მაგრამ არც ამ ხერხმა გაჭრა. ამდენი ცდის შემდეგ კი "ლურჯებს" მოთმინების ფიალა აევსოთ და ევროპაში ხალხი დააგზავნეს, ცდილობენ გამოიკვლიონ, ვინ გადაიხდის ყოფილ ლივერპულელში მათთვის ყველაზე მისაღებ თანხას.
დღეს ვილაშ-ბოაში თავდასხმაში 33 წლის დიდიე დროგბასა და 22 წლის დენიელ სტარიჯს ათამაშებს. ორშაბათს, "მანჩესტერ სიტისთან" უმნიშვნელოვანესი შეხვედრის დროს მწვრთნელს მისი მოედანზე შეყვანა ცოტა ხნითაც კი არ უფიქრია, რაც, ბევრის აზრით, პირდაპირ ადასტურებს, რომ "ჩელსიში" მისი საქმე დამთავრებულია.
საინტერესო ფაქტია: არსებობს, ფოტო, რომელზეც ისე ჩანს, თითქოს "სიტისთან" შეხვედრაში, ფრენკ ლემპარდის გამარჯვების გოლი ტორესის გარდა მთელმა სათადარიგოთა სკამმა იზეიმა. არადა, სექტემბერში, როდესაც ესპანელმა "ოლდ ტრეფრდზე" გოლი შეაგდო და კარგადაც ითამაშა, გულშემატკივარს იმედი მიეცა, რომ ყველაფერი გამოსწორდებოდა. სამწუხაროდ, "სუონსისთან" შეხვედრაში ის მოედნიდან გააძევეს და გამოცოცხლებაც იქ დასრულდა.
საგულისხმოა, რომ "ჩელსიში" გადასვლამდე ფერნანდო ტორესს "ლივერპულშიც" ცუდად მიუდიოდა საქმეები - მთელი 13 მატჩის განმავლობაში გოლი ვერ შეეგდო.
ლურჯი მაისურით პირველი გოლი "ელ ნინიომ" 23 აპრილს "ვესტ ჰემს" გაუტანა, შემდეგ კი 18 სექტემბრამდე დადუმდა, როდესაც "მანჩესტერ იუნაიტედს" მოუძებნა კარის გასაღები... სულ, მიმდინარე სეზონში, ყველა შეჯიბრებაში ერთად, ტორესმა ოთხი გოლი გაიტანა. ვილაშ-ბოაშმა ის 11 შეხვედრაში დააყენა სასტარტო შემადგენლობაში.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"