ფლეტჩერი გამოკვლევაზეა

AutoSharing Option
27 წლის შოტლანდიელი ნახევარმცველი, დარენ ფლეტჩერი ფეხბურთისგან დიდი ხნით აპირებს დასვენებას - ჯანმრთელობას უნდა მიხედოს.

"მანჩესტერ იუნაიტედის" ვარსკვლავს წყლულოვანი კოლიტი აქვს. ეს გახლავთ ქრონიკული ნაწლავური ანთებითი დაავადება, რომლის გამოც ამ სეზონში ბურთს ვეღარ გააგორებს. "იუნაიტედის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია:

"დარენ ფლეტჩერთან დაკავშირებით გვინდა განვაცხადოთ, რომ ის ჯანმრთელობის გაუარესების გამო ფეხბურთს ხანგრძლივი დროით ჩამოშორდება. მას გასულ სეზონშიც გაუცდა არცთუ მცირე პერიოდები, როდესაც კლუბმა პატივი სცა ადამიანის უფლებას იზრუნოს საკუთარ ჯანმრთელობაზე.

როგორც კი მისი მდგომარეობა გაუმჯობეს
და დარენი, როგორც საქმის ერთგული ადამიანი, კლუბსა და ნაკრებს დაუბრუნდა, მაგრამ ამჯერად დაავადებამ ხელახლა და უფრო მწვავედ იჩინა თავი, რის გამოც მას მოუხდა ექიმების რჩევისთვის დაეგდო ყური და მთლიანად მკურნალობაზე გადართულიყო. ახლა აუცილებელია დაავადების მორიგი რემისია სრულიად გამოირიცხოს".

გეხსომებათ, რომ ფლეტჩერი კოლიტის გამო გასულ სეზონშიც ჩამოშორდა მოედანს და 1 მარტის შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედის" ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ ერთხელ ითამაშა. ჩემპიონთა ლიგის ფინალში, რომელიც მანჩესტერელებმა "ბარსელონასთან" 3:1 წააგეს, შოტლანდიელი სათადარიგოთა სკამზე იჯდა და მოედანზე ფეხი არ შეუდგამს. რაც შეეხება მიმდინარე სეზონს, აქ ფლეტჩერმა, ყველა შეჯიბრებაში ერთად, ათჯერ ითამაშა. ბოლოს ის მოედანზე 22 ნოემბერს გავიდა.

ფლეტჩერის თანაგუნდელმა, 33 წლის რიო ფერდინანდმა "ტვიტერში" დაწერა: "ჩვენ ორი დიდი ფეხბურთელი, ფლეტჩერი და ვიდიჩი დაგვაკლდება. დიდი იმედი მაქვს, რომ ისინი ადრინდელზე ჯანმრთელები და ძლიერები დაგვიბრუნდებიან".

მაიკლ ოუენი: "ფლეტჩერს სრულ და სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ".

ფლეტჩერის ამბავი "იუნაიტედის" თავკაც სერ ალექს ფერგიუსონს, რასაკვირველია, მძიმედ დააწვება. მას ტრავმების თვალსაზრისით ამ სეზონში ბედი ისედაც არ სწყალობს და ახლა კიდევ ერთ გამოცდილ ვარსკვლავს მოისაკლისებს. მოგეხსენებათ, მის განკარგულებაში არ არის ანდერსონიც, რომელიც მუხლის ოპერაციის შემდეგ თებერვლამდე დაემშვიდობა მოედანს. სავარაუდოდ, იანვრის დასაწყისამდე ვერც ტომ კლევერლი დაბრუნდება.

რაც შეეხება ვიდიჩის ზემოთ ნახსენებ ტრავმას, ის ფერგის, სავარაუდოდ, იანვრის სატრანსფერო ბაზარზე გაიყვანს. 30 წლის სერბმა "ბაზელთან", ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში, ისეთი ტრავმა მიიღო, რომლის გამოც ამ სეზონში ვეღარ ითამაშებს. რასაკვირველია, ვიდიჩის საქმე ფილ ჯონსს შეუძლია იტვირთოს, მაგრამ ამ შემთხვევაში ნახევარდაცვას მოაკლდება კაცი.

ფლეტჩერის ავადმყოფობის გამო პრობლემის წინაშე დადგა შოტლანდიის ნაკრების მწვრთნელი კრეიგ ლევინიც:
"დარენის მდგომარეობამ დამზაფრა, რადგან კარგად ვიცი როგორ მუშაობდა ის კლუბსა და ნაკრებში რომ დაბრუნებულიყო და მუდმივი ადგილი დაემკვიდრებინა. თანაგუნდელების აყოლიების თვალსაზრისით მისი ბადალი კარიერაში სულ ერთი-ორი თუ მინახავს.

შოტლანდიის ნაკრებში ფლეტჩერი ერთ-ერთი საუკეთესოა. ჩვენ, ყველა ღონეს ვიხმართ, რათა მას და მის ოჯახს დავეხმაროთ. დარენს უსწრაფეს გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. მე ამ დღეებში პირადად მასაც ვალაპარაკე და სერ ალექსსაც. ახლა მთავარია მას მშვიდად დასვენებისა და მკურნალობის საშუალება მივცეთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული