რედნაპს ტევესი მოუნდა

AutoSharing Option
"ტოტენჰემ ჰოთსპურის" მწვრთნელი, ჰარი რედნაპი საიანვროდ სენსაციური ნაბიჯის გადასადგმელად ემზადება - "მანჩესტერ სიტისგან" 27 წლის კარლოს ტევესის ყიდვა სურს.

"დეზებს" უკვე მოუსინჯავთ ნიადაგი, უკითხავთ, მიჰყიდის თუ არა "სიტი" ტევესს 20 მილიონ ფუნტად, მაგრამ ვაჭრობა შეიძლება სხვანაირადაც წარიმართოს: "სფურზს" ხომ ისტლენდიდან ტოგოელი თავდამსხმელი, ტევესის ტოლი ემანუელ ადებაიორიც ჰყავს ნაქირავები. მოკლედ, არ არის გამორიცხული, "უაით ჰართ ლეინზე" "ეტიჰედ სთედიუმიდან" ერთბაშად ორი ფეხბურთელი გადავიდეს.

მოლაპარაკებებში ჩართულმა მავანმა ადამიანმა ტაბლოიდებს უთხრა: "ლონდონურ კლუბში მიაჩნიათ, რომ ეს ტრანსფერი იურგენ კლინსმანის ოდინდელ ტრანსფერზე უფრო დიდი იქნება.
"სფურზის" შეფებს ტევესის ყიდვა სერიოზულად უნდათ, თუმცა, კარგად ესმით, რომ "სიტიმ" კონკურენტისთვის ძლიერი ფორვარდის მიყიდვა შეიძლება არ ინდომოს".

მოგეხსენებათ, "მანჩესტერ სიტის" არგენტინელის თავიდან მოშორება სურს. მიზეზი: ტევესი მწვრთნელ რობერტო მანჩინის მალიმალ დაუმორჩილებლობას უცხადებდა.

მეორე მხრივ, მანჩინის ტევესის იჯარის წესით გასხვისება არ აწყობს, უნდა მასთან ყოველგვარი კავშირი გაწყვიტოს. თითქოსდა ამაში შეუძლებელი რა უნდა იყოს, მაგრამ არც ასე მარტივად არის საქმე: გარდა იმისა, რომ ტევესის სატრანსფერო ფასი საკმაოდ მაღალია, ის ვეებერთელა ხელფასს იღებს. "ტოტენჰემ ჰოთსპურს" მაგალითად, მისთვის კვირაში 198 ათასი ფუნტის გადახდა არათუ გაუჭირდება, არამედ სახელფასო სტრუქტურას დაურღვევს. ზემოხსენებულმა წყარომ განაგრძო:
"კლუბში არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ტევესის ყიდვა მათ ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრისა და იქ წარმატებით გამოსვლის გარანტიას მისცემს. მათი აზრით არგენტინელში ფულის გამეტება ღირს".

შეგახსენებთ, რომ კარლოს ტევესის გადაბირება იტალიურ "მილანსაც" უნდა, ოღონდ "როსონერი", თითქოსდა, მის პირდაპირ ყიდვას არ აპირებს, ჯერ ქირაობა სურს. მილანელთა ვიცე-პრეზიდენტმა, ადრიანო გალიანიმ თქვა: "ჩვენ ფეხბურთელთან უკვე გარიგებული ვართ და იმედი გვაქვს, რომ ის პარალელურად სხვა კლუბებთანაც არ აწარმოებს მოლაპარაკებებს".

"ტოტენჰემ ჰოთსპურთან" დაკავშირებით კიდევ ერთი ცნობა გავრცელდა: 22 წლის მექსიკელ შემტევ ნახევარმცველს ჯოვანი დოს სანტოსს ჩრდილოლონდონიდან წასვლა სურს. მისმა მამამ და იმავდროულად აგენტმა, სისინიომ თქვა:

"ჯიოს "სფურზიდან" წასვლა იმიტომ უნდა, რომ აქ მას არ ათამაშებენ და უკმაყოფილოა. გამოიკვეთა კლუბი, რომელსაც მისი ყიდვა უნდა. ეს არის "სევილია". ახლა, შემდეგ კვირაში, ჩვენ "ტოტენჰემის" დირექტორებს შევხვდებით და გამოსავლის პოვნას შევეცდებით".

"სევილიამ" მექსიკელის ყიდვა ჯერ კიდევ ზაფხულში სცადა. ესპანელები "დეზებს" 4,5 მილიონ ფუნტს ანუ 5,3 მილიონი ევროს სთავაზობდნენ. ამბობენ, იანვარში დოს სანტოსის ფასი 6 მილიონი ფუნტი ანუ 7,09 მილიონი ევრო გახდებაო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული