სუარესის და ტერის საქმეები

AutoSharing Option
ბოლო ორი დღეა ინგლისის ფეხბურთის ასოციაციაში განაახლეს ლივერპულის ურუგვაელი თავდამსხმელის, 24 წლის ლუის სუარესისა და "მანჩესტერ იუნაიტედის" ფრანგი მცველის, 30 წლის პატრის ევრას კონფლიქტის გარჩევა.

ამბობენ, ვერდიქტს 48 საათში გამოიტანენო. მოკლედ შეგახსენებთ საქმის არსს: 15 ოქტომბერს, "ენფილდ როუდზე", "ლივერპულისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" 1:1 დამთავრებული შეხვედრის შემდეგ ევრამ იჩივლა, რომ სუარესმა ათჯერ მაინც მიაყენა რასობრივი შეურაცხყოფა.

თუ დამტკიცდება, რომ ეს მართლა ასე მოხდა, ურუგვაელს დისკვალიფიკაცია და დიდი ჯარიმა არ აცდება, თუმცა ლივერპულელი შეშინებული არ ჩანს. ის კატეგორიულად აცხადებს, რომ მსგავსი არაფერი
მომხდარა.

ევრა ამბობს, რომ მისი სიმართლე იოლად დამტკიცდება თუ გამომძიებლები ვიდეოჩანაწერებს კარგად გაჩხრიკავენ: "თამაშს უამრავი კამერა იღებდა. ამ ჩანაწერებზე ნათლად ჩანს, რომ სუარესი ერთსა და იმავე ფრაზას ათჯერ მაინც მეუბნება".

ბრალდებასთან დაკავშირებით "ლივერპულის" წარმომადგენლები ამბობენ, რომ ევრას სიტყვები საეჭვოა, რადგან ლივერპულში ჰოლანდიიდან 11 თვის გადაბარგებულმა სუარესმა ინგლისური ძალიან ცუდად იცის და საეჭვოა ოქტომბერში ამ ენაზე რასობრივი შინაარსის ლანძღვა შეძლებოდა. თავად ფეხბურთელმა თქვა:

"არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ მე ევრას შეურაცხყოფა მივაყენე. რატომ არ არსებობს? იმიტომ, რომ მსგავსი არაფერი მომხდარა. თამაშის მსვლელობისას ჩვენ ერთმანეთს რაღაც სიტყვები მართლაც გავუცვალეთ. ეს დიალოგი ნაწილობრივ ესპანურად მიმდინარეობდა და ნაწილობრივ ინგლისურად. ვიმეორებ, შეურაცხყოფა არ მიმიყენებია, უბრალოდ, ჩემს სათქმელს ვამბობდი. მე მას ის დავუძახე, რასაც თანაგუნდელები ეძახიან. ევრას არაადექვატურმა რეაქციამ თვით "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელებიც კი გააკვირვა".

სიახლეა პრემიერლიგაში ამტყდარ მეორე სკანდალთან დაკავშირებითაც: "ქუინზ პარკ რეინჯერსის" 26 წლის მცველის, ანტონ ფერდინანდისა და "ჩელსის" კაპიტნის, 31 წლის ჯონ ტერის კონფლიქტის შესახებ მოგახსენებთ. ესეც ოქტომბრის ამბავია - "რეინჯერსმა" "ჩელსის" 23 ოქტომბერს უმასპინძლა და 1:0 მოუგო.

ბრალდება ამ შემთხვევაშიც იგივეა, ფერდინანდი ამბობს, რომ ტერიმ რასობრივად გალანძღა, ხოლო სიახლე მორიგი ვიდეოჩანაწერი გახლავთ. მოგეხსენებათ, ამ საქმეს ფეხბურთის ასოციაციის გარდა ლონდონის პოლიციაც იძიებს და ჩანაწერი სწორედ მას გადაეცა. პოლიციელებმა დისკი ანალიზისთვის თავიანთ შესაბამის ანალიტიკურ ცენტრს გადასცეს.

შეგახსენებთ, რომ ამ ისტორიას სათავეში სწორედ ვიდეოჩანაწერი უდევს. რამდენადაც ცნობილია, ფერდინანდი თავიდან ტერის წინააღმდეგ ჩივილს არ აპირებდა, მაგრამ, როდესაც გამოჩნდა კადრი, სადაც, თითქოსდა ჩანს, როგორ ლანძღავს მას "ლურჯების კაპიტანი", რეინჯერსელმა ასოციაციას მიმართა. ტერი ბრალდებას უარყოფს.

"ჩელსის" ვეტერანი თავის ვერსიას ყვება. ის ამბობს, რომ თამაშის ერთ-ერთ ეპიზოდში მასთან მივარდა ფერდინანდი და ჰკითხა, მართლა დაუძახა თუ არა მან "ესა და ეს". ტერის უპასუხია, რომ "ესა და ეს" მისთვის არ უწოდებია. "რეინჯერსის" მცველი ამ პასუხით დაკმაყოფილებულა, მაგრამ მოგვიანებით ინტერნეტში გამოჩნდა ვიდეო, სადაც ჩანს ის მონაკვეთი, როდესაც ტერი ფრაზას "ესა და ეს" იმეორებს.

თავის მხრივ, ფერდინანდი აცხადებს, რომ მასა და ტერის შორის მსგავსი დიალოგი საერთოდ არ ყოფილა. პოლიციამ დაჰკითხა "ჩელსის" მოთამაშეები: ეშლი კოული, ჯონ ობი მიკელი, ბრანისლავ ივანოვიჩი და დავიდ ლუიზი. ტაბლოიდებს ეჭვი აქვთ, რომ ამ ფეხბურთელებმა ვერც თავისი კაპიტნის სიმართლე დაადასტურეს და ვერც ანტონ ფერდინანდის. პოლიციის ანალიტიკური ცენტრი ახალ ჩანაწერთან დაკავშირებულ დასკვნას, სავარაუდოდ, დღეს-ხვალ გამოიტანს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული