ქეროლის ყოველწლიური პრემია

AutoSharing Option
კაციც ესა ყოფილა: 22 წლის ენდი ქეროლი იანვარში "ლივერპულისგან" ეგრეთწოდებულ ერთგულების პრემიას, 150 ათას ფუნტს მიიღებს.

არადა, თავდამსხმელმა, "ენფილდ როუდზე" "ნიუკასლიდან" 35 მილიონ ფუნტად გადასვლის შემდეგ "წითლების" სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ 13 შეხვედრა ჩაატარა. ხსენებული თანხა ქეროლს კონტრაქტით აქვს გარანტირებული - თუ სადმე არ გაიქცევა, ყოველი წლის ბოლოს მიიღებს.

დავუბრუნდეთ სტატისტიკას და ყოფილი "კაჭკაჭის" საკონტრაქტო დეტალებსაც კიდევ ერთხელ გადავხედოთ. ფორვარდს, რომელმაც "ლივერპულში", 11 თვის განმავლობაში, მხოლოდ ოთხი გოლი გაიტანა, მერსისაიდელები კვირაში 60 000 ფუნტს უხდიან. ეს ჩვეულებრივი გასამრჯელოა. გარდა ამისა, არსებობს
"იმიჯის უფლებები", რაც ფეხბურთელს ზედაც 10 ათასს აძლევს, ხოლო მოედანზე თითოეული გამოჩენისთვის მის ჯიბეს კიდევ 5 ათასი ემატება.

აღსანიშნავია ისიც, რომ ქეროლისა და "ლივერპულის" ხელშეკრულების თანახმად თუ თავდამსხმელი მიმდინარე სეზონში თამაშების 60 პროცენტში მიიღებს მონაწილეობას, მას ხელფასს გაუზრდიან.

როგორც ჩანს, მომავალ ზაფხულში კონტრაქტის ეს პუნქტი ვერ ამოქმედდება, რადგან ქეროლი კენი დალგლიშის გუნდში ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი არ არის.

გეხსომებათ, თავდაპირველი ჩანაფიქრის თანახმად ქეროლს "აიაქსიდან" ნაყიდ ლუის სუარესთან უნდა შეექმნა ფორვარდთა წყვილი, მაგრამ დრომ აჩვენა, რომ ურუგვაელი და ინგლისელი ერთად შეხმატკბილებულად თამაშს ვერ ახერხებენ.

ქეროლმა სახელი "ნიუკასლ იუნაიტედის" შემადგენლობაში გაითქვა, როდესაც გასულ სეზონში, "ენფილდზე" გადაბარგებამდე, 19 შეხვედრაში 11 გოლი გაიტანა. სწორედ ამ პერიოდის ხათრით აიყვანეს ახალგაზრდა ვარსკვლავი ინგლისის ნაკრებში და "ლივერპულმაც" ამის გამო გაიმეტა თანხა, რომლის ტოლიც ფეხბურთელში არასდროს გაემეტებინა.

ისმის კითხვა: რამ შეუშალა ხელი უთუოდ ნიჭიერ ფორვარდს თავი დიდ გუნდშიც გამოეჩინა? პასუხი ორი ნაწილისგან შეგდება. ერთი მიზეზი გახლავთ ტრავმები. ხშირმა ტრავმებმა მის ფორმაზეც იმოქმედა და საკუთარი შესაძლებლობების რწმენაზეც. მეორე მიზეზი კი, გაგიკვირდებათ და ნიუკასლის მონატრებაა. როგორც ირკვევა, ენდი ქეროლი არის ადამიანი, რომელსაც თავისი ქალაქის, გარემოს და მიკროკლიმატის გარეშე არ შეუძლია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული