საინტერესოა, რომ კაპელოს სქოულზზე მეტად ორი ესპანელის ამბის გაგება სურს - მოგეხსენებათ, მიკელ არტეტა და მეკარე მანუელ ალმუნია მზად არიან, თავიანთ "საფეხბურთო სამშობლოდ" ინგლისი გამოაცხადონ. ამ საკითხთან დაკავშირებით ინგლისურმა ტაბლოიდებმა კაპელოს მავანი ახლობლისგან ისიც გაიგეს, რომ
სხვათა შორის, იმავე ახლობლის თქმით კაპელო არც 35 წლის სქოულზის ამბის გადაწყვეტას ჩქარობს. საერთოდაც, სქოულზის თემა მას მერე წამოიჭრა, რაც ვეტერანმა თავად თქვა ერთ-ერთ ინტერვიუში, მსოფლიოს ჩემპიონატზე რომ არ წავედი, ვნანობო. ცნობისთვის - სქოულზი ნაკრებს, რომელშიც 65 თამაში აქვს ჩატარებული, 6 წლის წინ გამოეთხოვა.
თანაგუნდელის სინანულს კი "მანჩესტერ იუნაიტედისა" და ინგლისის ნაკრების თავდამსხმელი უეინ რუნი ჩაებღაუჭა და სქოულზს ნაკრებში დაბრუნებისკენ მოუწოდა. მან თქვა:
"ძალიან მინდა ის ინგლისის ნაკრებში ვიხილო. სქოულზი საოცარი მოთამაშეა, ინგლისში ერთ-ერთი საუკეთესო, თუმცა დაუბრუნდება ეროვნულ გუნდს თუ არა, მისი გადასაწყვეტია. მისი და კაპელოსი. საბოლოო სიტყვა, რასაკვირველია, ამ ორ ადამიანს ეკუთვნის".
აღსანიშნავია, რომ ასაკის მიუხედავად პრემიერლიგის ახალდაწყებულ ჩემპიონატში სქოულზი შესანიშნავად თამაშობს და ბევრს ამანაც გაუჩინა მისი ნაკრებში დაბრუნების სურვილი, თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ ამ საქმეში ბევრი რამ თავმოყვარეობაზეც იქნება დამოკიდებული - კაპელო პირველ ნაბიჯს ფეხბურთელისგან ელის. მოგეხსენებათ, მსოფლიოს ჩემპიონატზე გამგზავრებამდე რამდენიმე დღით ადრე მან მანჩესტერელ ნახევარმცველს თავისი მარჯვენა ხელი ფრანკო ბალდინი მიუგზავნა და სამხრეთ აფრიკაში გამგზავრება ათხოვნინა, რაზეც მოთამაშემ უარი უთხრა.
და ბოლოს ორიოდ სიტყვით კიდევ ერთ მანჩესტერელ ვეტერანზე, ინგლისის ნაკრების დაშავებულ კაპიტან რიო ფერდინანდზე ვთქვათ. მოგეხსენებათ, გაზეთმა "სანმა" კაპელოს ვირი და უტვინო უწოდა. მიზეზი: მწვრთნელმა შესარჩევი შეხვედრებისთვის არ გამოიძახა ახალგაზრდა ინგლისელი მოთამაშეები, ენდი ქეროლი და ჯეკ უილშერი, ფერდინანდმა კი მწვრთნელის აუგად მოხსენიება ვერ აიტანა და კრიტიკოსებს პასუხი გასცა:
"თუ გახსოვთ, ჩვენ მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი შეჯიბრება დიდებულად გავიარეთ. ხალხი ფაბიო კაპელოს "დონ ფაბიოს" ეძახდა, მაგრამ დღეს, ზუსტად იგივე ადამიანები სხვას ლაპარაკობენ. ის, რომ ჩვენ სამხრეთ აფრიკაში ცუდად ვითამაშეთ სულაც არ ნიშნავს, რომ კაპელო ცუდი მწვრთნელია. ხალხი ძალიან მალე, ძალიან შორს ცდილობს გადახტომას. ჩვენ, ფეხბურთელები, იმას ვასრულებთ, რასაც ის გვავალებს. მთავარი ინგლისის ნაკრების გამარჯვებაა და არა რომელიმე ფეხბურთელის წარმოჩენა".