მოღალატე ქველმოქმედი

AutoSharing Option
მაიკლ ოუენი რისკის წინაშე დგას: შემდეგ კვირას, 4 სექტემბერს, ის კვლავ "ლივერპულის" მაისურის ჩაცმას აპირებს და ამან "მანჩესტერ იუნაიტედის" ფანები შეიძლება ძალიან გააღიზიანოს. "ლივერპული" რა შუაშია? "ენფილდ როუდზე" ჯეიმი კარაგერის ბენეფისი იმართება და მეგობარმა მხარში დგომა პირადად სთხოვა. მოგეხსენებათ, შარშან ამ დროს ოუენმა "იუნაიტედში" გადასვლით მთელი ინგლისი გააოცა. მან ხომ თავისი წარმატებული კარიერის უდიდესი ნაწილი მერსისაიდში გაატარა და "ოლდ ტრეფორდზე" მორბენალს ვერავინ წარმოიდგენდა.

და აი, კიდევ ერთი თამამი საქციელი: 30 წლის ვეტერანმა "შინ" დაბრუნება და ერთი დღით საყვარელი ფორმის მორგება
გადაწყვიტა. რასაკვირველია, ოუენის ზრახვა კეთილშობილურია. ის "ენფილდზე" ქალაქის მეორე გუნდის, "ლივერპულის" დიდი მოქიშპის "ევერტონის" სიმბოლური ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებს და კარაგერს საქველმოქმედო ფულის აგროვებაში დაეხმარება, მაგრამ "მანჩესტერ იუნაიტედის" ბრაზიანი ფანები ამას მშვიდად ვერ მიიღებენ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, წლეულს "იუნაიტედსა" და "ლივერპულს" შორის "მტრობამ" უმაღლეს წერტილს მიაღწია - მერსისაიდელები და მანჩესტერელები აქმდე 18-ჯერ იყვნენ ინგლისის ჩემპიონები და თუ გაზაფხულზე პრემიერლიგას "იუნაიტედი" მოიგებს ("ლივერპული" აქედანვე არ ჰგავს მომგებს), მეცხრამეტე ტიტული მას ქვეყნის ისტორიაში ყველაზე წარმატებული გუნდის სახელს მოუტანს - ეს კი სწორედ ის არის, რითაც აქამდე "წითლები" ტრაბახობდნენ, ხოლო "ოლდ ტრეფორდზე" საშინლად აღიზიანებდათ.

სხვათაშორის, ცნობილი გახდა, რომ ოუენი 4 სექტემბერს მხოლოდ ერთ ტაიმს ითამაშებს. ცნობილია ისიც, რომ "ენფილდზე" გამგზავრების ნება მას პირადად სერ ალექს ფერგიუსონმა დართო. ლეგენდარული შოტლანდიელი, მოგეხსენებათ, არაფერს აკეთებს თუ მის ნაბიჯს პრაქტიკული სარგებელი არ მოაქვს. ამჯერადაც, ფერგის იმედი აქვს, რომ თუნდაც ერთტაიმიანი პრაქტიკა მის თავდამსხმელს კარგ სამსახურს გაუწევს.

ინგლისური გაზეთები კი წერენ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ბევრი გულშემატკივარი ოუენს თავისიანად ისედაც ვერ აღიქვამს. მიზეზი ზემოთ უკვე ვთქვით: "ლივერპულში" გატარებული წლები. თუმცა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ "ნიუკასლიდან" "მანჩესტერში" გადასვლის შემდეგ 2001 წლის "ოქროს ბურთის" ლაურეატს ხეირიანად არ უთამაშია - ვერ მოიგო ხალხის გული. გეხსომებათ, თითქმის ერთი წლის წინ, შარშან სექტემბერში მან "მანჩესტერ სიტისთან" დაუვიწყარ შეხვედრაში გადამწყვეტი გოლი გაიტანა, მაგრამ... შემდეგ, პრემიერლიგაში ამ გოლს მხოლოდ ორიღა მიამატა. დანარჩენი ექვსი გოლი მან ჩემპიონთა ლიგასა და ლიგის თასზე შეყარა. თავდამსხმელი მაინცდამაინც არც ბედმა გაანებივრა - ხსენებული ლიგის თასის ფინალში, "უემბლიზე" დაშავდა და სეზონიც იქ დაამთავრა. ეს საკმაოდ ადრე, თებერვალში მოხდა.

და რას უნდა ველოდოთ უამრავი ტრავმით დატანჯული 30 წლის კაცისგან ახალ სეზონში? გუნდში სადაც ახალი თაობის ისეთი ფორვარდები თამაშობენ, როგორებიც არიან უეინ რუნი, დიმიტარ ბერბატოვი და ხავიერ ერნანდესი? სავარაუდოდ, ბევრს არაფერს.

და კიდევ, საინტერესოა, როგორ მიიღებენ ოუენს "ლივერპულის" ფანები. ხომ არ დაგვავიწყდა, რომ მან "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლა იკადრა?


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული