ორშაბათს „ჩელსი“ გახდა პრემიერლიგის პირველი გუნდი, რომელმაც „მანჩესტერ სიტის“ დამარცხება შეძლო. ეს „სტემფორდ ბრიჯზე“ მოხდა, მასპინძლებმა 2:1 იმარჯვეს. იმავდროულად, ეს გახლდათ ანდრე ვილაშ-ბოაშის შეგირდების ზედიზედ მესამე გამარჯვება, რამაც გუნდი მესამე ადგილზე გადაიყვანა.
„სიტისთან“ შეხვედრაში გამარჯვების გოლი ფრენკ ლემპარდმა
ამაზე კი ყურადღება ორი მიზეზის გამო შევაჩერეთ. პირველი გახლავთ ის, რომ ნახევარმცველობის მიუხედავად ლემპარდს გოლები ხშირად გააქვს, მეორე კი ის, რომ დიდი შანსია, ორშაბათს გატანილი პენალტის გამო დღეს ის „Dჭ სთედიუმზე“ სასტარტო შემადგენლობაში ვიხილოთ.
„ჩელსის“ მოთამაშეთა შორის „მანჩესტერ სიტისთან“ შეხვედრაში ყურადღება მიიპყრო 22 წლის დენიელ სტარიჯმაც, ხოლო ესპანელი ხუან მატა, რომელიც, სხვათა შორის, სტარიჯზე მხოლოდ ერთი წლითაა უფროსი, გუნდის ერთ-ერთ საკვანძო ფიგურად ჩამოყალიბდა - მიმდინარე სეზონში შვიდი საგოლე პასი მიითვალა.
საბოლოოდ ასეთი სურათის მოწმენი ვართ: მანჩესტერული გრანდებისგან განსხვავებით „ჩელსი“ ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფშიც მოხვდა და პრემიერლიგაშიც ყოჩაღობს - ხსენებულ გრანდებს კვალში უდგას და მშვიდად ცხოვრების საშუალებას არ აძლევს. შესაბამისად, დღეს ის, რა საკვირველია, „უიგანის“ გაბრდღვნას შეეცდება.
ვფიქრობთ, საინტერესო უნდა იყოს „ნიუკასლ იუნაიტედისა“ და პრემიერლიგის უელსური კლუბის, „სუონსი სიტის“ დაპირისპირება. ძირითადად, აქაც ერთი გუნდია საინტერესო - „ნიუკალსი“. საქმე ის არის, რომ „კაჭკაჭებს“, ცოტა ხნის წინ, მთელი მსოფლიო ინგლისის ჩემპიონატის მთავარ სენსაციას უწოდებდა. ნიუკასლის გუნდი საუკეთესოებს ტოლს არ უდებდა, მაგრამ, მერე ცენტრალური მცველები სტივენ ტეილორი და ფაბრისიო კოლოჩინი დაუშავდა და გაირკვა, რომ მისი მთავარი კოზირი სწორედ ეს წყვილი ყოფილა.
ცნობისათვის: დიდი შანსია კოლოჩინიმ დღეს ითამაშოს, თუმცა თავს ვიზღვევთ და მას მაინც დაშავებუთა სიაში ვტოვებთ. დღეისათვის, ალან პერდიუს ხალხი, ბოლო ოთხ შეხვედრაში მოგების გარეშეა და, რად უნდა ლაპარაკი, რომ ყველა ღონეს იხმარს, რათა კვლავ გამარჯვების გზებს დაუბრუნდეს. ჩახედეთ ცხრილს: „ნიუკასლი“ მეშვიდე ადგილზეა ჩაცურებული. წინა ტურში ჯორდების გუნდმა (ასე ეძახიან ინგლისის ამ რეგიონში მცხოვრებ ხალხს) პირველად გაუშვა ერთ შეხვედრაში ოთხი გოლი. მოკლედ, მდგომარეობას გამოსწორება სჭირდება.
უელსური გუნდის ჩრდილოირლანდიელმა მწვრთნელმა, ბრენდენ როჯერსმა კი გასულ ტურში ოთხთამაშიანი მოუგებელი სერია „ფულჰემთან“ 2:0 გამარჯვებით დაასრულა. ამ შეხვედრაში, ოთხმატჩიანი „დუმილის“ შემდეგ ბურთი მოწინააღმდეგის კარში კვლავ შეაგდო „სუონსის“ საუკეთესო ბომბარდირმა, დენი გრემმა, რომელსაც მიმდინარე სეზონში უკვე ხუთი აქვს გატანილი. კარგად ითამაშა 33 წლის ვეტერანმა ნახევარმცველმა, მარკ გოვერმა, რომელმაც რაც ეს ჩემპიონატი დაიწყო უკვე ხუთი საგოლე პასი შეასრულა. ის გუნდის ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურაა, თუმცა ნიუკასლში სასურველი შედეგის მიღწევას, სავარაუდოდ, განსაკუთრებული ძალისხმევა დასჭირდება.
„ბლექბერნისა“ და „ვესტ ბრომვიჩის“ შეხვედრაში მწვრთნელი, სტივ კინი კვლავ შეეცდება რივერსაიდელთა სეზონი გადაარჩინოს. არადა, საქმე გადასარჩენად რომ არის, ცხრილიდანაც ჩანს - გუნდი ბოლოსწინა ადგილზეა. კინის ფეხბურთელებმა ბოლო ათ ტურში ერთადერთი თამაში მოიგეს - ეს 3 დეკემბერს მოხდა, როდესაც იაკუბუს ოთხი გოლის წყალობით „ბლექბერნმა“ ზემოხსენებულ „სუონსის“ 4:2 მოუგო.
დიდი ვაჟკაციაო, ვერც „ვესტ ბრომვიჩზე“ ვიტყვით - მე-15 ადგილზე მყოფმა გუნდმა ბოლო ექვს შეხვედრაში ერთადერთხელ გაიმარჯვა და ისიც 19 ნოემბერს ბოლო ადგილზე ჩარჩენილ „ბოლტონს“ მოუგო.
დღეს გაიმართება „ევერტონისა“ და „ნორვიჩის“ დაპირისპირებაც. ლივერპულელთათვის ეს მნიშვნელოვანი მატჩია. ამ შეხვედრაში მასპინძლებმა ბედის ბორბლის სათავისოდ შემოტრიალება უნდა სცადონ. მწვრთნელი, დევიდ მოიესი ბუნებრივია, უკმაყოფილოა ზედიზედ ნაწვნევი მარცხებითა და იმით, რომ დღევანდელ მოწინააღმდეგეს, პრემიერლიგაში ახალაღზევებულ „ნორვიჩს“ ცხრილში ორი ადგილით ჩამორჩება. ბოლოს „ევერტონმა“ „არსენალთან“ წააგო 1:0, მაგრამ თუკი ამ მარცხში გასაკვირი არაფერი იყო, 3 დეკემბერს, შინ, „სტოკ სიტისთან“ წაგებას ნამდვილად არავინ ელოდა.
ახლა მერსისაიდელებს მდგომარეობის გამოსწორების დიდებული შანსი ეძლევათ. განა რა არის „ნორვიჩის“ ძლევაში შეუძლებელი? რასაკვირველია, არაფერი. მერე კი „გუდისონ პარკის“ ბინადრებს „სუონსისთან“, „სანდერლენდთან“, „ვესტ ბრომვიჩთან“ და „ბოლტონთან“ უწევთ დაპირისპირება - როგორც ხედავთ, არც ერთი მეტოქე განსაკუთრებით ძლიერი არ არის.
და კიდევ ერთი: „ევერტონმა“ „ლოს ანჯელეს გელესისგან“ ცნობილი ამერიკელი ფეხბურთელი, 29 წლის ლენდონ დონოვანი დაიმატა. დონოვანი „გუდისონ პარკზე“ 2010 წელსაც თამაშობდა. ის ახლაც დროებით გადმობარგდა ევროპაში, სადაც პირველ თამაშს 4 იანვარს, „ბოლტონთან“ ჩაატარებს.
„ფულჰემს“ გასავარდნთა ზონიდან მხოლოდ სამი ქულა აშორებს, მაგრამ ამ ტურში ვისთან-ვისთან და აუტსაიდერთან სხვაობის გაზრდის შესანიშნავი შანსი ეძლევა - სწორედ ბოლო ადგილზე მყოფ „ბოლტონს“ მასპინძლობს. მეორე მხრივ, დასავლეთლონდონური გუნდი ასეთი პრობლემის წინაშე დგას: ამ სეზონში, ევროლიგის თამაშების შემდეგ პრემიერლიგაში ქულებს კარგავს. სწორედ ევროპული ტურის შემდგომი დღეები უდგას ახლაც - „ოდენსესთან“ 2:2 ითამაშა (თან, 2:1-ს იგებდა და საბედისწერო გოლი ზედ საფინალო სასტვენის წინ გაუშვა), რის გამოც შეჯიბრებას გამოეთიშა.
ჰოლანდიელი მწვრთნელის, მარტინ იოლის ფეხბურთელებს საქმე იმ მხრივაც აქვთ ცუდად, რომ დაუშავდათ ავსტრალიელი მეკარე მარკ შვარცერი, რომელიც კიდევ ხუთ-ექვს ტურში ვერ მიიღებს მონაწილეობას, არადა მიმდინარე სეზონში გოლკიპერმა ბევრი ქულა გადაურჩინა. შვარცერი წინა შაბათს, „სუონსისთან“ შეხვედრაში დაშავდა.
ბირმინგემში, „ასტონ ვილასა“ და „ლივერპულის“ შეხვედრა კი უკვე ხვალ, კვირას გაიმართება. მერსისაიდელებს, რასაკვირველია, გამარჯვება სწყურიათ - „წითლები“ ჩემპიონთა ლიგაში დაბრუნებისთვის იბრძვიან და ყველა ღონეს ხმარობენ, რათა ლიდერები შეავიწროვონ. ჩემპიონატი დღეს რომ დამთავრდეს, „ლივერპული“ ავტომატურად მოხვდება საგაისო ევროლიგაში, თუმცა ლიდერს, „მანჩესტერ სიტის“, კენი დალგლიშის გუნდი 12 ქულით ჩამორჩება. კაცმა რომ თქვას, „წითლები“ ჩემპიონატში ცუდად არ მიდიან, მხოლოდ სამი თამაში აქვთ წაგებული, მაგრამ მათი აქილევსის ქუსლი ფრეებია. როდესაც უმაღლეს მიზნებს ისახავ, ამდენი ქულის კარგვა არ შეიძლება.
ალექს მაკლიშის გუნდისა კი რა გითხრათ, სეზონი კარგად კი დაიწყო, მაგრამ 15 ოქტომბერს, „მანჩესტერ სიტისთან“ 4:1 წაგების შემდეგ ჯახირობს - არც აქეთ არის და არც იქით.
„მანჩესტერ იუნაიტედი“ ლონდონში „ქუინზ პარკ რეინჯერსს“ ხვდება - ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნის შემდეგ ინგლისის ჩემპიონს მთელი ყურადღება პრემიერლიგისკენ აქვს გადატანილი და მთელი ძალითა და ღონით ცდილობს დაუმტკიცოს საკუთარ თავს, რომ კვლავ უძლეველი „იუნაიტედია“. ეს როგორ ხდება? ნებისმიერი შემხვედრის რბევით. ფაქტია: მანჩესტერულ დერბიში, „სიტისთან“ 6:1 დამარცხების შემდეგ „იუნაიტედს“ უკვე ექვს ტურში აღარ წაუგია.
რაც შეეხება „რეინჯერსს“ მან, ოქტომბერში, „ჩელსისთან“ დაუვიწყარი მოგების შემდეგ, ექვსი შეხვედრიდანკიდევ ორში გაიმარჯვა. მართალია, ბოლო სამ თამაშში მხოლოდ ერთი ქულის აღება მაინცდამაინც კარგად არ ჟღერს, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ ნილ უორნოკის გუნდმა „ლივერპულთან“ ღირსეულად ითამაშა - „წითლებს“ 1:0 მოგება ფრიად გაუჭირდათ.
„ტოტენჰემისა“ და „სანდერლენდის“ შეხვედრაზე საუბრისას პირველი, რაც ადამიანს ახსენდება ამ გუნდების ბოლო შეხვედრებია. „დეზებმა“ სტოკში წააგეს 2:1. მართალია, ამ მატჩის შემდეგ ლონდონელთა მწვრთნელი, ჰარი რედნაპი გაბრაზებული იყო და აცხადებდა, რომ ცხოვრებაში პირველად მივიდა მსაჯთან პრეტენზიის გამოსათქმელად, მაგრამ ფაქტი ფაქტად, მარცხი კი მარცხად დარჩა.
დაბოლოს, ტურის მთავარი შეხვედრა: „მანჩესტერ სიტი“-„არსენალი“. მანჩესტერელებისთვის ხვალ საღამოს გამარჯვებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მოგეხსენებათ, მათ, ორშაბათს, „ჩელსისთან“ 2:1 წააგეს (ეს მათი პირველი მარცხი იყო მიმდინარე შეჯიბრებაში) და „მანჩესტერ იუნაიტედთან“ უპირეტესობა ორ ქულამდე შეუმცირდათ. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ისინი „არსენალთანაც“ დამარცხდებიან, დიდი შანსია ლიდერობა დაკარგონ. აკი ზემოთ მოგახსენეთ, ვის ხვდება „იუნაიტედი“ და რა პერსპექტივა აქვს.
„ეტიჰედ სთედიუმზე“ მიღწეულ შედეგს უდიდესი მნიშვნელობა აქვს „მეთოფეებისთვისაც“. ბოლოხანს ისინი შესანიშნავად თამაშობენ და მეხუთე ადგილზე არიან. სეზონის საშინელი სტარტი რომ არა, ვინ იცის, იქნებ „იუნაიტედის“ მსგავსად „სიტის“ უშუალო კონკურენტებიც ყოფილიყვნენ, მაგრამ არის ერთი გარემოება: „არსენალი“ იგებს თუ მისი ლიდერი, ჰოლანდიელი თავდამსხმელი, რობინ ვარ პერსი ბრწყინავს და გოლი ან გოლები გააქვს.
რასაკვირველია, შესაძლოა საქმე მთლად ასე მარტივადაც არ იყოს, მაგრამ ის, რომ არსენ ვენგერის გუნდი ვან პერსიზე ძალიან არის დამოკიდებული, ვფიქრობთ ეჭვს არ იწვევს. ერთი სიტყვით, რობერტო მანჩინი თავის მცველებს ჰოლანდიელის წინააღმდეგ საგანგებოდ დაგეშავს.
პრემიერლიგა. XV ტური
დღეს
ბლექბერნი-ვესტ ბრომვიჩი 19:00
ტრავმა: ჟივე, ოლსონი, სალგადო, ლოუი, ჰოილეტი, როჩინა, რ. ნილსენი, გრელა - გერა
ევერტონი-ნორვიჩი 19:00
ტრავმა: ოსმანი, როდუელი, დრენტე, ენიჩიბე - აიალა, დე ლაეტი, ვუგანი, უორდი
ფულჰემი-ბოლტონი 19:00
ტრავმა: შვარცერი, სიდუელი, მერფი, დაფი, გრიგერა - კლასნიჩი, რიო-კოკერი, რაილი, რიკეტსი, გარდნერი, ჰოლდენი, მირსი, ლი, შ. დევისი
დისკვალიფიკაცია: უიტერი (ბოლტ)
ნიუკასლი-სუონსი 19:00
ტრავმა: გათრი, უილიამსონი, ს. ტეილორი, კოლოჩინი, ტიოტე, მარვო - რანგელი, ტეიტი
დისკვალიფიკაცია: გოსლინგი (არს)
ვულვზი-სტოკი 19:00
ტრავმა: ედუარდსი, კრედოკი - უილკინსონი, სიდიბე
უიგანი-ჩელსი 21:30
ტრავმა: ალკარასი, კირკლენდი - მაკეჩრანი, ესიენი
ხვალ
ქუინზ პარკი-მანჩესტერ იუნაიტედი 16:00
ტრავმა: ა. ფერდინანდი, ტაარაბტი, ბ. მერფი, კენი, დაიერი, ჰასლი - ფლეტჩერი, ვიდიჩი, ერნანდესი, რაფაელი, ფაბიო, ბერბატოვი, ანდერსონი, ოუენი, კლევერლი
ასტონ ვილა-ლივერპული 18:05
ტრავმა: ჯენასი, გივენი, ლეჩაი - ლეივა, ჯერარდი
დისკვალიფიკაცია: აგბონლაჰორი - სპირინგი
ტოტენჰემი-სანდერლენდი 19:00
ტრავმა: როუზი, კინგი, კრანჩარი, ჰადლსტოუნი, დოუსონი - ანგელერი, ბენდტნერი, გორდონი, მინოლე, ფ. კემპბელი
დისკვალიფიკაცია: ქაბული (ტოტ)
მანჩესტერ სიტი-არსენალი 20:10
ტრავმა: რიჩარდსი, კოლაროვი - მანონე, ფაბიანსკი, სანტოსი, მაიაჩი, დიაბი, ჯენკინსონი, გიბსი, სანია, უილშირი
დისკვალიფიკაცია: კლიში (სიტი)
თ მ ფ წ ბ ქ
1. სიტი 15 12 2 1 49-15 38
2. იუნაიტედი 15 11 3 1 35-14 36
3. ჩელსი 15 10 1 4 33-18 31
4. ტოტენჰემი 14 10 1 3 30-18 31
5. არსენალი 15 9 2 4 31-23 29
6. ლივერპული 15 7 5 3 18-13 26
7. ნიუკასლი 15 7 5 3 21-19 26
8. სტოკი 15 6 3 6 16-24 21
9. ასტონ ვილა 15 4 7 4 18-19 19
10. ნორვიჩი 15 5 4 6 24-28 19
11. სუონსი 15 4 5 6 16-20 17
12. ევერტონი 14 5 1 8 15-18 16
13. ქუინზ პარკი 15 4 4 7 15-26 16
14. ფულჰემი 15 3 6 6 16-18 15
15. ვესტ ბრომვიჩი 15 4 3 8 14-23 15
16. სანდერლენდი 15 3 5 7 18-18 14
17. ვულვზი 15 4 2 9 16-28 14
18. უიგანი 15 3 3 9 14-29 12
19. ბლექბერნი 15 2 4 9 22-34 10
20. ბოლტონი 15 3 0 12 20-36 9
ბომბარდირები
15 - ვან პერსი (არსენალი); 11 - აგუერო (სიტი), ბა (ნიუკასლი), რუნი (იუნაიტედი); 10 - ჯეკო (სიტი); 9 - იაკუბუ (ბლექბერნი); 8 - ბალოტელი (სიტი), ადებაიორი (ტოტენჰემი); 7 - კლასნიჩი (ბოლტონი), სტარიჯი (ჩელსი); 6 - დეფო (ტოტენჰემი), ფლეტჩერი (ვულვერჰემპტონი), ჰელგიუსონი (ქუინზ პარკი), ერნანდესი (იუნაიტედი), ჰოლტი (ნორვიჩი), ლემპარდი (ჩელსი), ვან დერ ვაარტი (ტოტენჰემი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"