გეხსომებათ, ეს განცხადება ჩრდილოლონდონელთა თავკაცმა კვირას, "მანჩესტერ სიტისთან" 1:0 დამარცხების შემდეგ გააკეთა. დღეს "არსენალი" ცხრილში მე-5 ადგილზეა და ხსენებულ "სიტის" 12 ქულით ჩამორჩება. მეორე მხრივ, თუ ამ გუნდს საჩემპიონო თარგს კი არ მივაზომებთ, არამედ იმას შევადარებთ, რაც სეზონის დასაწყისში იყო, ცა და დედამიწაა.
პირველი შვიდი თამაშიდან ვენგერის ქვეშევრდომებს მხოლოდ ორი ჰქონდათ მოგებული,
"არსენალმა" მიმდინარე ჩემპიონატში ლიდერებთან წააგო - დამარცხდა ორივე მანჩესტერულ გუნდთან, "ტოტენჰემთან" და "ლივერპულთან".
ეს, რა საკვირველია, დასაფიქრებელი სტატისტიკაა. მეორე მხრივ, აღსანიშნავია ისიც, რომ ჩრდილოლონდონელები დიდწილად 28 წლის ჰოლანდიელი რობინ ვან პერსის საუცხოო თამაშის წყალობით გადიან ფონს. მაგრამ, კოკასი და წყლის მოტანისა არ იყოს, ვან პერსი ყოველთვის ხომ ვერ გაიტანს გოლს?
"ასტონ ვილასაც" "არსენალის" სენი სჭირს - ლიდერებთან მარცხდება. დღევანდელი თამაში ბირმინგემელებისთვის ზედა ექვსეულის წარმომადგენელთან შინ ზედიზედ მესამეა. ჯერ იყო და "მანჩესტერ იუნაიტედთან" დამარცხდნენ, შემდეგ - "ლივერპულთან", თუმცა ამ ორ დასანან შედეგს შორის იყო პირველი გამარჯვება სტუმრად, ოღონდ... "ბოლტონთან". "ლივერპულთან" შეხვედრაში "ასტონ ვილას" აკლდნენ წამყვენი ფეხბურთელები გებრიელ აგბონლაჰორი და დარენ ბენტი.
"მეთოფეების" წინააღმდეგ, სავარაუდოდ, ორივე ითამაშებს. ამ დღეებში "ვილას" მწვრთნელი ალექს მაკლიში ამბობდა:
"ვიმედოვნებ, რომ დარენი "არსენალთან" შეხვედრისთვის მზად იქნება. კრის ჰერდსაც ნატკენზე სკანირებას ჩაუტარებენ და თუ გამოჩნდა, რომ ტრავმა მოშუშებულია, არ არის გამორიცხული, მანაც ითამაშოს. გები კი ნამდვილად დაგვიბრუნდება და ეს მახარებს".
ლიდერი "მანჩესტერ სიტი" "სტოკს" მასპინძლობს. სტუმრებმა ისტლენდზე ვიზიტამდე ზედიზედ ოთხი თამაში მოიგეს და, წესით, "სიტისაც" არ მოერიდებიან, მაგრამ საკითხს მეორე, მასპინძელთა მხრიდანაც ხომ უნდა შევხედოთ.
შეგახსენებთ, რომ რობერტო მანჩინის გუნდმა მე-15 ტურში "ჩელსისთან" წააგო და პრემიერლიგის ცხრილში მისი ხუთ-ქულიანი ბატონობა ცოტა არ იყოს შეზანზარდა, მაგრამ კვირას, ზემოხსენებულ "არსენალთან" შეხვედრაში მანჩესტერელებს შეკრთომისა არაფერი დატყობიათ.
ერთი სიტყვით, თეორიულად, "ეტიჰედ სთედიუმზე" ბრძოლაა მოსალოდნელი. გარკვეული გაგებით, პრაქტიკულადაც - "სტოკის" ფეხბურთი ხომ ფიზიკურ მომზადებასა ორთაბრძოლებზეა აგებული, "სიტის" თამაშში კი შემოქმედებასა და ბურთის გათამაშებას დიდი ადგილი უკავია.
"ჩელსისთან" გაძევების გამო, ბოლო ტურში, "სიტის" შემადგენლობაში ვერ ითამაშა გაელ კლიშიმ, რომელიც დღეს მოედანზე იქნება.
შესაბამისად, ერთადერთი, ვისაც მანჩინი "სტოკთან" შეხვედრაში ვერ გამოიყენებს, ალექსანდრ კოლაროვია. სტოკელთა შეტევაში, სავარაუდოდ, პიტერ კრაუჩს და ჯონ უოლტერსს ვიხილავთ.
დღევანდელ მეტოქეთა ბოლო თამაში ფეხბურთის ასოციაციის თასის ფინალი გახლდათ. მაშინ ისტლენდელებმა ცალკარა ითამაშეს და 1:0 მოიგეს. ვნახოთ, როგორი ფეხბურთს გვაჩვენებენ გასული სეზონის ფინალისტები დღეს.
"მანჩესტერ იუნაიტედი" ეს სამი დღეა დასავლეთ ლონდონშია ჩარჩენილი. წინა ტურში ინგლისის ჩემპიონმა "ქუინზ პარკ რეინჯერსს" მოუგო 2:0, დღეს კი იმავე უბანში "ფულჰემს" ხვდება.
"ფულჰემის" შემდეგ "იუნაიტედი" პრემიერლიგაში დარჩენისთვის მებრძოლ კიდევ ორ გუნდს ("უიგანსა" და "ბლექბერნს") უნდა შეხვდეს - ერთი სიტყვით, სერ ალექს ფერგიუსონსა და მის ქვეშევრდომებს ახალ წლამდე "გაჭირვებულთა კვირეული" უდგათ. ჩემპიონთა ლიგიდან მოულოდნელი გამოვარდნის შემდეგ მანჩესტერელებმა ორი თამაში მოიგეს, რამაც ფერგიუსონს იმედი ჩაუსახა, რომ ტიტულისთვის ბრძოლა ახალი ძალებით იწყება.
"ახალ წელს ცხრილის სათავეში ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანია, - თქვა ფერგიუსონმა. - სეზონის მეორე ნახევარში მასზე დაყრდნობით დიდი შედეგის მიღწევა შეიძლება".
როგორც მოგახსენეთ, წინა ტურში "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ქუინზ პარკ რეინჯერსი" დაამარცხა. გოლები გაიტანეს უეინ რუნიმ (რაც მისთვის ჩვეული ამბავია) და მაიკლ ქერიკმა (რაც მას ორი წელიწადი არ გაეკეთებინა). გოლების ავტორების გარდა ამ შეხვედრაში კარგი თამაშით თავი ფილ ჯონსმაც გამოიჩინა.
ამ ფეხბურთელს უახლოეს პერიოდში ძირითადში მოხვედრისთვის, როგორც ჩანს, დიდი ბრძოლა არ ელის, რადგან დარენ ფლეტჩერი წყლულოვან კოლიტს მკურნალობს, ანდერსონი კი დაშავებულია. მიმომხილველები ამბობენ, რომ მიმდინარე სეზონში ბევრი რამ სწორედ ქერიკისა და ჯონსის ფორმაზე იქნება დამოკიდებული. შეძლებენ კი ისინი დიდხანს ითამაშონ კარგად?
ალექს ფერგიუსონის გასახარად, გამოჯანმრთელდნენ თავდამსხმელები ხავიერ ერნანდესი და დიმიტარ ბერბატოვი, ბრაზილიელმა რაფაელ და სილვამ კი ექიმის კაბინეტიდან საწვრთნელ მოედანზე გადანაცვლა.
ორიოდ სიტყა "ფულჰემზეც" ვთქვათ. დღეს დასავლეთლონდონელები ვალდებულნი არიან "მანჩესტერ იუნაიტედს" დიდი ბრძოლა გაუმართონ და შეძლებისდაგვარად, ქულებიც აართვან, რადგან უახლოეს ტურებში (7 იანვრამდე) კიდევ "ჩელსისაც" უნდა შეხვდეს და "არსენალსაც".
შემდეგ "ნიუკასლისა" და "ვესტ ბრომვიჩის" თამაშზე ვთქვათ. "კაჭკაჭებს" ზედიზედ ხუთი თამაშია აღარ მოუგიათ და მწვრთნელ ალან პერდიუს იმედი აქვს, რომ ამჯერად მაინც გაწყვეტს ნავსს. შეხვერდა "სპორტს დაირექტ არენად" გადაკეთებულ "სენტ ჯეიმს პარკზე" გაიმართება.
ბოლო ტურში ნიუკასლელებმა "სუონსისთან" ითამაშეს 0:0. ამ შეხვედრაში გუნდს დაუბრუნდნენ ადრე დაშავებულები, ფაბრისიო კოლოჩინი და ჩეიკ ტიოტე. დღეს, სავარაუდოდ, სათამაშოდ მზად იქნებიან დავიდე სანტონი და რაიან ტეილორი, თუმცა საქმე ასეა: კოლოჩინი და ტიოტე, რა საკვირველია, კვლავ მოედანზე იქნებიან, აი, სანტონი კი იმ შემთხვევაში ითამაშებს თუ ტეილორის დატვირთვისგან ექიმები ჯერ მაინც თავს შეიკავებენ.
პერდიუ ვერ ათამაშებს დისკვალიფიცირებულ იონ კაბაიეს თუმცა მის ნაცვლად, შესაძლოა სლოვენიელი ჰარის ვუცკიჩი შეუშვას მოედანზე.
"ოთხშაბათამდე გაორმაგებული მონდომებით ვივარჯიშებ, რადგან, შესაძლოა მწვრთნელმა შანსი მომცეს და თუ ასე მოხდება, აუცილებლად უნდა ვისარგებლო. კაბაიემ ყვითელი ბარათი მიიღო, რაც მისთვის ცუდი იყო, თუმცა მე თავის გამოჩენის შანსი მომცა" - ამბობდა ორიოდ დღის წინ ვუცკიჩი.
"ვესტ ბრომვიჩის" საქმე ასეა: "ბოლტონთან" შინ 2:1 მოგების შემდეგ, გუნდმა სამ ტურში ერთადერთი ქულის აღება მოახერხა, თუმცა ბოლო შეხვედრაში გამოფხიზლდა და "ბლექბერნს" სტუმრად 2:1 მოუგო. გამარჯვებულთაგან გოლები გაიტანეს ჯეიმს მორისონმა და პიტერ ოდემვინგიემ.
მორისონმა იმ შეხვედრაში ორთავა კუნთიც გაიჭიმა და დღეს ვერ ითამაშებს, ოდემვინგიე კი ერთი ხანობა ტრავმას მკურნალობდა, მაგრამ, გამოჯანმრთელდა და მოედანზე დაბრუნებულმა სამი გოლიც გაიტანა.
"პიტი საკუთარ თავში დარწმუნებული თავდამსხმელია, რომელსაც, თუ საქმე კარგად წაუვიდა, შეუჩერებელია" - შეაქო თანაგუნდელი მორისონმა.
"ევერტონი" "სუონსის" მასპინძლობს. ჩახედეთ ცხრილს, გუნდებს შორის სხვაობა მხოლოდ ერთი ქულაა და იოლად მიხვდებით, რომ "გუდისონ პარკზე" დაძაბული შეხვედრა გაიმართება. ცნობისათვის: მასპინძლებს ბოლო სამი თამაშია არ მოუგიათ.
"ქუინზ პარკ რეინჯერსი" შინ "სანდერლენდს" ელოდება და იმედოვნებს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედთან" ნაწვნევ მარცხს გამოასწორებს.
დასავლეთლონდონელები მეხუთე თამაშში პირველ გამარჯვებას შეეცდებიან. "შავი კატებს" კი ახალი მწვრთნელის, მარტინ ო’ნილის ხელში ერთი მოგება და ერთიც წაგება აქვთ. გუნდის თამაში, თითქოს და, გამოსწორდა. ნახევარმცველმა ჯეკ კოლბეკმა კლუბის საიტზე დაწერა: "რა საკვირველია, უკეთესად ვთამაშობთ. ახლა მთავარია, შედეგებიც გავაუმჯობესოთ".
ო’ნილი: "ჩვენ რამდენიმე საკითხი გვაქვს გასაუმჯობესებელი. კერძოდ, გოლების გატანა უნდა ვისწავლოთ".
"სანდერლენდი" ამ სეზონში ცოტას უშვებს, მაგრამ ცოტაც გააქვს.
"უიგანისა" და "ლივერპულის" დაპირისპირებაზე კი იმის თქმა შეგვიძლია, რომ მასპინძელთა ნახევარმცველი ხორდი გომესი თანაგუნდელების აზრს გამოხატავს და აცხადებს, რომ მეტოქის მქუხარე სახელი არ აშინებს. ბოლოს და ბოლოს, "უიგანი" ის გუნდია, რომელმაც წინა ტურში "ჩელსისთან" 1:1 ითამაშა და მერსისაიდელებისა რაღატომ უნდა შეეშინდეს?
"არავის წამოსცდენია, რომ "ჩელსისთან" ფრეს არ ვიმსახურებდით და ახლა სულ მცირე ქულის მოპოვებას "ლივერპულთანაც" ვაპირებთ - თქვა გომესმა - ჩვენ არასდროს ვფიქრობთ შემდეგ ტურში ან ერთი თვის შემდეგ გასამართ შეხვედრაზე, ჩვენ ყოველთვის კონკრეტულ თამაშზე ვართ კონცენტრირებული. ამჟამად მხოლოდ "ლივერპულზე" ვფიქრობთ. ყველა ღონეს ვიხმართ მაქსიმუმს რომ მივაღწიოთ. ბოლო სამ თუ ოთხ თამაშში "უიგანმა" შესანიშნავად ითამაშა და საკუთარი თავის რწმენაც გაუძლიერდა".
რაც შეეხება ტურის ბოლო შეხვედრას, ლონდონურ დერბის "ტოტენჰემ ჰოტსპურსა" და "ჩელსის" შორის, ის ხვალ გაიმართება და მის შესახებ ხვალინდელ ნომერში გესაუბრებით.
ინგლისი. პრემიერლიგა. XVII ტური
გუშინ
ბლექბერნი-ბოლტონი 1:2
გოლები: 0:1 მ.დევისი (5), 0:2 რიო-კოკერი (30), 1:2 იაკუბუ (67).
ვულვზი-ნორვიჩი 2:2
გოლები: 0:1 სარმენი (12), 1:1 ებანკს-ბლეიკი (37), 1:2 ს.ჯეკსონი (76), 2:2 ზუბარი (82).
დღეს
ასტონ ვილა-არსენალი 23:45
ტრავმა: ჯენასი, გივენი, ლიჩაი - მანონე, სანტოსი, ფაბიანსკი, მაიაჩი, დიაბი, ჯენკინსონი, გიბზი, სანია, უილშირი
დისკვალიფიკაცია: სონგი (არს)
მანჩესტერ სიტი-სტოკ სიტი 23:45
ტრავმა: კოლაროვი - დილეპი, პენანტი, უილკინსონი, სიდიბე
დისკვალიფიკაცია: შოუკროსი (სტო)
ნიუკასლი-ვესტ ბრომვიჩი 23:45
ტრავმა: გათრი, უილიამსონი, ს. ტეილორი, კოლოჩინი, ტიოტე, მარვი - რიდი, გერა
დისკვალიფიკაცია: კაბაიე, გოსლინგი (ნიუკ)
ევერტონი-სუონსი 00:00
ტრავმა: მაკფადენი, ოსმანი, როდუელი, დრენტე, ენიჩიბე - ბოდე, რანგელი, ტატე
ფულჰემი-მანჩესტერ იუნაიტედი 00:00
ტრავმა: დაფი, ს. დევისი, ზამორა, შვარცერი, სიდუელი, გრიგერა - გიბსონი, ფლეტჩერი, ვიდიჩი, ფაბიო, რაფაელი, ანდერსონი, ოუენი, კლევერლი
ქუინზ პარკი-სანდერლენდი 00:00
ტრავმა: ა. ფერდინანდი, ა. ტაარაბტი, მერფი, კენი, დაიერი, ჰასლი - გარდნერი, ანხელერი, გორდონი, მონოლე, ფ. კემპბელი
უიგანი-ლივერპული 24:00
ტრავმა: ვან აანჰოლტი, ალკარასი, კირკლენდი -ლეივა, ჯერარდი
დისკვალიფიკაცია: სპირინგი (უიგ)
ხვალ
ტოტენჰემი-ჩელსი 00:00
ტრავმა: დოს სანტოსი, ჰადლსტოუნი, დოუსონი - ილარიო, მაკეჩრანი, ესიენი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"