მოგეხსენებათ, სუარესი "მანჩესტერ იუნაიტედის" მცველის, პატრის ევრას რასობრივ შეურაცხყოფაში სცნეს დამნაშავედ. გარდა ხსენებული დისკვალიფიკაციისა, მას 40 ათასი ფუნტის გადახდაც მოუწევს - ეს ჯარიმაა.
სანამ "სანის" მიერ ჩამოწერილ ყველაზე აქტუალურ კითხვებსა და მათზე პასუხებს გაგაცნობდეთ, გეტყვით, რომ საკუთრივ სუარესმა "ტვიტერში" ასე დაწერა:
"დღეს ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის უმძიმესი დღეა. დიდი მადლობა ყველას, ვინც მხარში დამიდგა. სხვა გზა არ მაქვს, მუშაობა უნდა განვაგრძო. ძალიან ვწუხვარ რასიზმში რომ დამდეს
"ლივერპულის" მწვრთნელმა, კენი დალგლიშმა კი განაცხადა:
"ვერდიქტით ძალიან იმედგაცრუებული დავრჩი. ლუისს ახლა მხარში დგომა სჭირდება. "ლივერპულის" დევიზი ცნობილია: შენ არასდროს ივლი მარტო. დღეს ლუისმა არ უნდა იაროს მარტო. ჩვენ ამას არ დავუშვებთ".
ცნობისათვის: ლუის სუარესი თავადაც შერეული სისხლის კაცია, მას შავკანიანი პაპა ჰყავს. საინტერესოა ისიც, რომ ევრამ, ერთ-ერთ ინტერვიუში თავად თქვა, დარწმუნებული ვარ სუარესი რასისტი არ იქნებაო, თუმცა, როგორც ჩანს, ურუგვაელმა კონკრეტული სალანძღავი სიტყვები მართლა თქვა.
ახლა კი "სანის" კითხვა-პასუხს დავუბრუნდეთ.
როდის შევა დისკვალიფიკაცია ძალაში?
წესით, დისკვალიფიკაცია დაუყოვნებლივ შედის ძალაში. სუარესისთვის რვა თამაშის ათვლა წუხელ, "უიგანთან" შეხვედრაში უნდა დაწყებულიყო, მაგრამ ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ ლივერპულელს ორკვირიანი ვადა მისცა აპელაციისათვის. თუ ურუგვაელი ვერდიქტს გაასაჩივრებს, საქმეს ასოციაციის მიერ დანიშნული დამოუკიდებელი კომისია თავიდან განიხილავს.
ყოფილა ასეთი დისკვალიფიკაციის პრეცედენტი?
2003 წელს "რედინგის" ნახევარმცველ ჯონ მეკის სამთამაშიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს და ხუთიც პირობითად დაუმატეს. გარდა ამისა, მას 3 ათასი ფუნტის გადახდა მიუსაჯეს, თუმცა მოგვიანებით თანხა გაანახევრეს. მიზეზი: მან "შეფილდ იუნაიტედის" თავდამსხმელ კარლ ასაბას მიყენა რასობრივი შეურაცხყოფა. გარდა ამისა, 2005 წელს, ესპანეთის ნაკრების თავკაც კუის არაგონესს ტიერი ანრის შეურაცხყოფისთვის გადაახდევინეს 2 000 ფუნტის ექვივალეტური თანხა.
რომელ თამაშებს გამოსტოვებს სუარესი იმ შემთხვევაში თუ საჩივარს არ შეიტანს?
თუ სუარესი საჩივარს 14 დღის განმავლობაში არ შეიტანს, მას 3 იანვარს "მანჩესტერ სიტისთან" შეხვედრის გამოტოვება მოუხდება. კიდევ, სუარესი გამოსტოვებს ასოციაციის თასის შეხვედრას "ოლდჰემთან", "ქარლინგის თასის" ორივე ნახევარფინალს "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ, და პრემიერლიგის შემდგომ შეხვედრებს "სტოკის", "ბოლტონის", "ვულვზის" და "ტოტენჰემის" წინააღმდეგ.
თუ სუარესი საჩივარს შეიტანს, მაგრამ მაინც მას გაამტყუნებენ, დისკვალიფიკაცია გამტყუნებისთანავე ამოქმედდება.
შეიძლება თუ არა, რომ სუარესის საქმემ ჯონ ტერისა და ანტონ ფერდინანდის ანალოგიურ საქმეზე იქონიოს გავლენა?
თუ ამ შეკითხვას ფეხბურთის ასოციაციას დაუსვამთ, აუცილებლად გიპასუხებენ, რომ ეს ორი საქმე ერთმანეთთან კავშირში არ არის, მაგრამ სინამდვილეში ცხადია: საკმარისია ტერი დამნაშავედ სცნონ, რომ სულ მცირე რვათამაშიანი დისკვალიფიკაცია გარანტირებული აქვს, რაც მიმომხილველებს მისთვის, "ჩელსისა" ინგლისის ნაკრებისთვის დამღუპველად მიაჩნიათ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"