ასე გამოხატეს „წითლებმა“ ერთსულოვნება ფეხბურთის ასოციაციის ვერდიქტის წინააღმდეგ - მოგეხსენებათ, „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფრანგი მცველის, 30 წლის პატრის ევრას რასობრივი შეურაცხყოფისთვის სუარესს რვა-თამაშიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს, თუმცა ის მხოლოდ მას მერე ამოქმედდება, რაც გაირკვევა ასაჩივრებს თუ არა თავდამსხმელი ვერდიქტს და რას მოიტანს გასაჩივრება.
ურუგვაელის ვექილი და აგენტი ალეხანდრო ბალბი ამბობს, რომ
„სუარესს რასისტობას ტყუილად სწამებენ. ის გააპროტესტებს და ბოლომდე შეეცდება დაამტკიცოს თავისი სიმართლე“.
ბალბიმ დასძინა, რომ სუარესმა ვერდიქტი ძალიან განიცადა, თუმცა დასძინა: „ის მხნედ და მშვიდად არის, რადგან მხარში უდგანან გულშემატკივრები, თანაგუნდელები, მწვრთნელი, კლუბის ყველა თანამშრომელი, „ლივერპულის“ კაპიტანი“.
სუარესის გამოსახულებით მოხატული მაისურა ეცვა „წითლების“ მწვრთნელ კენი დალგლიშსაც:
„თუკი ამქვეყნად კიდევ იყო ვინმე, ვისაც ეგონა, რომ ლუისს მხარს არავინ უჭერს, შეხედოს ჩვენს მაისურებს და ყველაფერს მიხვდება. ჩვენ მას თავიდან ბოლომდე ვუჭერთ მხარს და გვინდა ყველამ გაიგოს, რომ ის რასისტი არ არის“.
უიგანში თამაშამდე ცოტა ხნით ადრე „ლივერპულის“ ოფისიდან გავრცელდა ლეგენდარული კლუბის ფეხბურთელთა ერთობლივი განცხადება, სადაც წერია: „ლუისი ჩვენი მეგობარია და როგორც ფეხბურთელთა შეკრული ჯგუფი აღშფოთებული ვართ ფეხბურთის ასოციაციის განაჩენით. ვდგავართ რა ლუისის გვედით, მთელს მსოფლიოს ვუცხადებთ, რომ ის რასისტი არ არის.
„ლივერპულში“ ბევრი ეროვნებისა და სხვადასხვა რასის ფეხბურთელები თამაშობენ. თითოეული ჩვენთაგანი მხარს ვუჭერთ რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლას, რომელსაც უპირველეს ყოვლისა ჩვენი კლუბი აწარმოებს. ჩვენ ვაცხადებთ, რომ ფეხბურთში დისკრიმინაციას ადგილი არ უნდა ჰქონდეს. ჩვენ უკვე ერთი წელიწადია, რაც ლუისთან ერთად ვცხოვრობთ, ვთამაშობთ, ვვარჯიშობთ და ვერ შევიცანით ის ადამიანი, რომლის პორტრეტიც ამ ბოლო დროს დაგვიხატეს. ჩვენ ბოლომდე მხარში ვედგებით მას, როგორც შესანიშნავ ფეხბურთელს, კარგ ადამიანსა და მეგობარს“.
„უიგანისა“ და „ლივერპულის“ შეხვედრაში სუარესმა ერთხელ ჯარიმა დაარტყა სახიფათოდ, მაგრამ ბურთი „უიგანის“ მეკარემ, 29 წლის ომანელმა ალი ალ ჰაბსიმ შესანიშნავად მოიგერია. სუარესმა მოინადირა თერთმეტმეტრიანი დარტყმაც - გარი კოლდუელმა ურუგვაელის მაკრატელა დარტყმას ხელით გადაუღობა გზა. თერთმეტმეტრიანი ჩარლი ადამმა შეასრულა, მაგრამ ალ ჰაბსიმ ეს დარტყმაც მოიგერია
შესვენებისას ალ ჰაბსი ლივერპულელს მაისურაც სთხოვდა: „ჩემი ერთი ძმაკაცი სუარესის დიდი ფანია და მე მისთვის მაისური ვთხოვე. მან მიპასუხა გოლი გამატანინე და მოგცემო“ - იცინოდა მატჩის შემდგომ ალ ჰაბსი.
იმედია, ამ სიტყვების გამო ურუგვაელს არ დასჯიან...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"