არსენ ვენგერი: მახინჯი გამარჯვებაც შეგვიძლია

AutoSharing Option
„არსენალის“ თავკაცმა, არსენ ვენგერმა ბირმინგემის „ვილა პარკზე“ უყურა, როგორ გაიტანა მისმა გუნდმა გვიანი გამარჯვების გოლი და უშნო ფეხბურთით გაიმარჯვა. „ასტონ ვილას“ კარში, 87-ე წუთზე, 31 წლის ებრაელმა ვარსკვლავმა, იოსი ბენაიუნმა შეაგდო.

„დღეს, ყველაფერი ძალიან პროზაულად მოხდა, ორი გოლი გავიტანეთ და ორივე სტანდარტული მდგომარეობიდან — თქვა „მეთოფეთა“ თავკაცმა — შეიძლება ითქვას, ამ თვალსაზრისით ჩვენთვის ისტორიული დღეც კი იყო. მთლიანად თამაში მეტისმეტად დაძაბული გახლდათ. ფეხბურთელებს ამოსუნთქვის საშუალება არ ჰქონდათ, მაგრამ საბედნიეროდ, ჩვენ მებრძოლი სულის გუნდი გვყავს. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ
სეზონის ცუდი სტარტის შემდეგ გონს მოვეგეთ და დღეს სულ სხვა ფეხბურთს ვთამაშობთ“.

საინტერესოა, რომ კვლავ დაფიქსირდა კანონზომიერება — გაიტანა რობინ ვან პერსიმ და გუნდმაც მოიგო. ჰოლანდიელმა ვარსკვლავმა შეხვედრის დასაწყისში პენალტით გახსნა ანგარიში. „ვილას“ ფეხბურთელთაგან ანგარიში მარკ ოლბრაიტონმა გაათანაბრა. ეს გახლდათ ბირმინგემული კლუბის მე-2000-ე გოლი პრემიერლიგაში. ვენგერმა დასძინა:

„მასპინძლებმა ძალიან კარგად ითამაშეს, ისინი სახიფათოდ უტევდნენ და შეიძლება ითქვას, ჩვენ ცოტა გაგვიმართლა კიდეც. ბოლო დღეებში ორი თამაში სტუმრად გავმართეთ, ძლიერ მოწინააღმდეგეებთან, რამაც, რასაკვირველია, დიდი ძალ-ღონე მოითხოვა. კვირას, „მანჩესტერ სიტისთან“ დავმარცხდით. ვფიქრობ, ამ დამარცხებაში თავისი როლი უიღბლობამაც ითამაშა. ასეა, ერთ შეხვედრაში მეტოქეს გაუღიმა ბედმა, მეორეში ჩვენ“.

რობინ ვან პერსის, ახლა, ალან შირერის პრემიერლიგურ რეკორდამდე ორი გოლიღა აკლია — კალენდარულ წელიწადში (და არა საფეხბურთო სეზონში, რომელიც აგვისტოში იწყება და მაისში მთავრდება) შირერმა, თავის დროზე, 36 გოლი შეაგდო. ვან პერსის დღეისათვის 34 აქვს გატანილი და 1 იანვრამდე ორი საშინაო თამაში დარჩა, „ვულვერჰემპტონთან“ და „ქუინზ პარკ რეინჯერსთან“.
ვენგერმა თავისი ფორვარდის შესახებ ასე თქვა:

„როდესაც ვუყურებ, როგორი დატვირთვით თამაშობს რობინი ყოველ შეხვედრაში, საკუთარ თავს ვუსვამ კითხვას: ხომ არ დავასვენო მომდევნო ტურში? დღესაც იგივე განმეორდა, მაგრამ მან თავად მითხრა, რომ დასვენება არ სჭირდებოდა და მეც გავრისკე. დღეს მას რეკორდამდე ორი გოლიღა დარჩა, ჰოდა... სწორედ ახლა დავასვენებ“.

სავარაუდოდ, ვან პერსი შეფს ხუმრობას დაუფასებდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული