ვინც თამაშს უყურა ეხსომება, როგორ გადაეღობა დასავლეთლონდონელთა კაპიტანი 27 წლის ტოტენჰემელი ფორვარდის, ემანუელ ადებაიორის დარტყმულ ბურთს შეხვედრის ბოლო წუთებზე. ასეთი გმირობა ტერისთვის მისწრება იყო, რადგან ბოლო დღეებში ინგლისში რასიზმის თემაა აგორებული. კაპიტანს "ქუინზ პარკ რეინჯერსის" მცველ ანტონ ფერდინანდთან ინციდენტის გამო აკრიტიკებენ და სასამართლოშიც კი დაიბარეს.
"ტოტენჰემისა" და "ჩელსის" შეხვედრა "უაით ჰართ ლეინზე" გაიმართა და
"რაც რასიზმთან დაკავშირებული სკანდალი ააგორეს, ჯონს ამ საკითხზე ყოველდღე ველაპარაკები და რა შევამჩნიე იცით? მან ადრინდელზე უკეთ დაიწყო თამაში.
არასდროს, არავის შეპარვია ეჭვი ტერის თავდადებაში, ერთგულებასა და ოსტატობაში. ის ყოველთვის კონცენტრირებულია. "ტოტენჰემთან" შეხვედრაში ტერიმ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ძლიერი პიროვნებაა. შეხვედრის მიწურულს მან უბრალოდ გვიხსნა" - თქვა ვილაშ-ბოაშმა, რომელმაც, შემდეგ, ერთი შეხედვით უცნაური რამ დასძინა:
"ბოლო მომენტში "ტოტენჰემს" დიდი შანსი გამოეცალა ხელიდან, მაგრამ რომც გაეტანა, მაინც კმაყოფილი დავრჩებოდი, რადგან ჩემმა ბიჭებმა დიდებულად ითამაშეს. მათ მტკიცე ხასიათი გამოავლინეს. ჩვენ შეხვედრის მსვლელობისას ფეხბურთელები დაგვიშავდა, მათ ნაადრევად მოუხდათ მოედნიდან გასვლა, მაგრამ დანარჩენებმა საოცრად აუღეს სიტუაციას ალღო და ახალი ვითარების ადექვატურად მოიქცნენ".
შეხვედრაში იყო კიდევ ერთი საყურადღებო ეპიზოდი - 58-ე წუთზე საუცხოო ფორმაში მყოფმა ადებაიორმა გოლი გაიტანა, მაგრამ ოფსაიდის გამო არ ჩათვალეს. სავარაუდოდ, ამ ეპიზოდში თანამსაჯმა სწორად არ განსაჯა. ტოგოელს ორი კვირის წინ კიდევ ერთი გოლი არ ჩაუთვალეს. ისიც უსამართლოდ. ეს ამბავი "სტოკ სიტისთან" შეხვედრაში მოხდა. მან თქვა:
"ვფიქრობ, გოლი წესების დაცვით გავიტანე, მაგრამ იმ ეპიზოდში ყველაფერი ჩემს საწინააღმდეგოდ წაეწყო. ძალიან სამწუხაროა, რომ ვერ გავიმარჯვეთ. მოგება "ჩელსისა" და "არსენალის" ჩამოტოვების შესაძლებლობას მოგვცემდა".
"დეზების" თავკაცი ჰარი რედნაპი: "წარმოდგენა არ მაქვს, რატომ არ ჩათვალეს ეს გოლი. ვიფიქრე ხელის კვრა ხომ არ შეამჩნიეს, მეთქი... არც ის ვიცი ოფსაიდი აწიეს თუ არა. მოკლედ, არაფერი არ ვიცი".
დასავლეთლონდონელთაგან გოლი დენიელ სტარიჯმა გაიტანა, რომელსაც ასისტენტობა შეტევის მარცხენა ფრთიდან ეშლი კოულმა გაუწია. გამეორებაზე კერგად ჩანდა, რომ კოულს, მიღებისას ბურთი ხელზე მოხვდა.
კოულმა პრესკონფერენციაზე თქვა: "თამაშის შემდეგ მსაჯ ჰოვარდ ვებთან მივედი. ბურთი ხელზე მომხვედრია, მაგრამ მე ეს ვერ ვიგრძენი და სასტვენის გარეშე როგორ უნდა გავჩერებულიყავი? ნებისმიერი ფეხბურთელი ეპიზოდს აგრძელებს სანამ მსაჯი არ დაუსტვენს".
ლონდონურ დერბიში ნათამაშები ფრის შემდეგ "ტოტენჰემ ჰოთსპური" "მანჩესტერ სიტის" 9 ქულით ჩამორჩება, ხოლო "ჩელსი" თერთმეტით. რედნაპი ამბობს, რომ ახლა ყველაფერი თავად ისტლენდელებზეა დამოკიდებული. დაკარგავს თუ არა ლიდერობას თავად რობერტო მანჩინის გუნდი - აი, რა არის მთავარი.
"ახლა, ჩემპიონატს ორი გამოკვეთილი ლიდერი ჰყავს - მანჩესტერული გუნდები. ჩვენთვის, სეზონის დასაწყისში ორი თამაშის წაგების შემდეგ 35 ქულის დაგროვება წარმოუდგენლად კარგი შედეგია. ვატყობ, ზედა ოთხეულში დიდი ბრძოლა გაიმართება, მაგრამ, ვიმეორებ, ორი ფავორიტი აშკარაა".
ვილაშ-ბოაში კი ყინჩად არის: "ჩვენ "ფულჰემსა" და "ასტონ ვილასთან" ექვსი ქულის მოპოვებას ვაპირებთ. თუ ეს შევძელით, ვფიქრობ, საჩემპიონო ბრძოლას გამოკლებული არ ვიქნებით. ჩვენ უარეს მდგომარეობაშიც ვყოფილვართ, მაგრამ ლიდერებთან სხვაობა შეგვიმცირებია. დღეს, მართალია, მხოლოდ ერთი ქულა მოვიპოვეთ, მაგრამ ეს მორალური გამარჯვება იყო. "ტოტენჰემი" ხომ ნამდვილად ის გუნდია, რომელსაც ჩემპიონის ტიტულისთვის შეუძლია ბრძოლა".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"