პრემიერლიგა. ცეცხლმოკიდებული სახლიდან გამოვარდნილი

AutoSharing Option
დღეს
ბლექბერნი-არსენალი 15:45
ბლექპული-ფულჰემი 18:00
ჩელსი-სტოკი 18:00
ტოტენჰემი-უიგანი 18:00
ვულვზი-ნიუკასლი 18:00
მანჩესტერ იუნ-ვესტ ჰემი 20:30

ხვალ
ბოლტონი-ბირმინგემი 16:30
ლივერპული-ვესტ ბრომვიჩი 18:00
სანდერლენდი-მანჩესტ. სიტი 18:00
ასტონ ვილა-ევერტონი 19:00

"ჩვენ უძლიერეს გუნდს ვეთამაშებით, რომელსაც საუკეთესო ფეხბურთელები ჰყავს. კარგად ვიცით რა სიძნელეებიც გველის. ამ გუნდმა ჩემპიონატი ისე დაიწყო გეგონება ცეცხლომკიდებული სახლიდან გამოვარდა. ნამდვილად ლომის ბუნაგში გვიწევს სტუმრობა. როგორც ჩანს, ჩვენი მეტოქისთვის "უემბლიზე" "მანჩესტერ იუნაიტედთან" წაგება ის უკანდახევა იყო, რომლის მერეც მხოლოდ წინსვლა იწყება", - ამბობს "ჩელსისთან" შეხვედრის წინ "სტოკ სიტის" მწვრთნელი ტონი პულისი და მართალიც არის - ინგლისის ჩემპიონს ნამდვილად შთამბეჭდავი სტარტი გამოუვიდა.

"ლურჯებმა" ზედიზედ ორი თამაში მოიგეს ერთნაირი ანგარიშით 6:0. აღსანიშნავია, რომ მათ შემადგენლობაში დღეს შეიძლება ერთი დებიუტიც ვიხილოთ: ლაპარაკია "ბენფიკასგან" დაახლოებით 21 მილიონ ევროდ ნაყიდ ბრაზილიელ ნახევარმცველ რამირესზე, ოღონდ, სავარაუდოდ, თავიდან ის სათადარიგოთა სკამზე იჯდება."კარგად მესმის რამხელა გამოწვევაცაა პრემიერლიგასა და ჩემპიონთა ლიგაში თამაში, მაგრამ ამისათვის მზად ვარ. საკუთარ თავში ეჭვი რომ მეპარებოდეს კონტრაქტს ხელს არ მოვაწერდი" - თქვა რამირესმა.
"ჩელსის" მოთამაშეთა შორის დაშავებულია ბრანისლავ ივანოვიჩი - ზურგი სტკივა და შეიძლება ვერ ითამაშოს. პორტუგალიელმა ჟოზე ბოსინგვამ კი ვარჯიში განაახლა, თუმცა "სტოკთან" მისი მოედანზე გასვლა მაინც ნაადრევია.

"ევუდ პარკზე" კი "ბლექბერნი" "არსენალს" მასპინძლობს და დიდი შანსია ამ შეხვედრისთვის ნახევარმცველი დევიდ დანი დაუბრუნდეს. დანს საზარდული ტკიოდა და რამდენიმე დღეა რაც ვარჯიშს შეუდგა. მასპინძლებს არ ეყოლებათ კით ენდრიუსიც, ხოლო გაელ ჟივე, რომელსაც "ნორვიჩთან" სათასო შეხვედრაში კბილები ჩაუმტვრიეს... უკბილოდ გავა მოედანზე. "ბლექბერნის" მწვრთნელმა სემ ელერდაისმა მშვიდად განაცხადა:
"ჩვენ შინ ვთამაშობთ, "ივუდ პარკზე" კი ფსიქოლოგიურად ყოველთვის კარგად ვქრძნობთ თავს. ეს უკვე ორი წელიწადია გრძელდება. მაშინაც კი, როდესაც ბოლო სამ გუნდს შორის ვიყავით, ბიჭები შინ ყოჩაღად თამაშობდნენ. რაც მე "ბლექბერნის" მწვრთნელი ვარ, შინ დიდი-დიდი ხუთჯერ თუ წავაგეთ".

"არსენალს" კი გამოჯანმრთელებული დენილსონი დაუბრუნდება. პირველ შეხვედრაში დისკვალიფიცირებულ ლორან კოშელნის ერთთამაშიანი დისკვალიფიკაციის ვადა გაუვიდა და კვლავ შეუძლია მოედანზე დაბრუნება. ახალშეძენილ სებასტიან სკილაჩის კი ასე უცებ თამაშის უფლება ვერ მოუსწრებს. ვერ ითამაშებენ დაშავებულები: სამირ ნასრი, ნიკლას ბენდტნერი და აარონ რემსი.
"მწამს, ყოველი შეხვედრის მოგება შეიძლება. ამისათვის საჭიროა კარგად ითამაშო" - ასე კი "მეთოფეთა" მწვრთნელმა არსენ ვენგერმა გაამხნევა თავისი ბიჭები.

ახლა ესაც ვთქვათ: "ოლდ ტრეფორდზე" თამაში ყოველთვის ძალიან ძნელი, "ვესტ ჰემს" კი მდგომარეობას ისიც უმძიმებს, რომ კარგად იცის - კიდევ ერთინ წაგება შეიძლება ძალიაც ცუდ რამეში გადაიზარდოს. შეგახსენებთ: ლონდონელებმა პირველ ტურში "ასტონ ვილასთან" წააგეს 3:0, მეორეში კი "ბოლტონთან" 3:1. მერედა ნახეთ, "ჩაქუჩებს" შემდგომი სამი შეხვედრიდან ორი ისევ ძლიერ მეტოქესთან, "ჩელსისთან" და "ტოტენჰემ ჰოთსპურთან" უწევს. გუნდის ახალმა მწვრთნელმა ავრამ გრანტმა სასწრაფოდ გამოსასწორებელ ფსიქოლოგიურ პრობლემებზე დაიწყო ლაპარაკი. "იუნაიტედზე" კი რა მოგახსენოთ, პირველი გამარჯვების შემდეგ მეორე ტურში "ფულჰემთან" ვერ მოიგო, მაგრამ შემდეგ ერთი კვირა დაისვენა და თან უეინ რუნიც გამოუჯანმრთელდა.

"ტოტენჰემი" "უიგანს" მთავარი მეკარის ეურელიო გომესის გარეშე უმასპინძლებს. გომესმა ჩემპიონთა ლიგაში, "იანგ ბოიზთან" შეხვედრაში საზარდული დაიშავა და ამიტომ დღეს კარლო კუდიჩინის დაბრუნებას უნდა ველოდეთ. კუდიჩინი, მოგეხსენებათ, შარშან ამ დროს მოტოციკლით ავარიაში მოყვა. კიდევ, დაშავებულები არიან ლედლი კინგი, ლუკა მოდრიჩი, ჯეიმი ოჰარა და ჯინათან ვუდგეიტი. თუმცა, კინგმა შეიძლება ითამაშოს. რაც შეეხება დევიდ ბენტლის ის ორშაბათს დაიწყებს ვარჯიშს.
"სფურზის" თავკაცმა ჰარი რედნაპმა თქვა: "ბევრჯერ ვყოფილვართ ასეთი ამოცანის წინაშე - აუცილებლად რომ უნდა მოგვეგო. ეს მხოლოდ ძლიერ გუნდებს შეუძლიათ. მხოლოდ ძლიერების ხვედრია გაიმარჯვონ ჩემპიონთა ლიგაში და მერე, პრემიერლიგაშიც წარმატებას მიაღწიონ".

"ბლექპული" "ფულჰემს" მასპინძლობს. ბლექპულელებს, ალბათ, იან ივეტი დაუბრუნდებათ, რომელიც, მართალია ამ გუნდისთვის დიდი ძალაა, მაგრამ პრემიერლიგაში პირველად ითამაშებს. მოგეხსენებათ, წინა ტურში "ბლექპულმა" "აიაქსთან" 6:0 წააგო, ოღონდ "ფულჰემის" უნგრელ თავდამსხმელს ზოლტან გერას ეს სულაც არ მიაჩნია მეტოქის სისუსტის ნიშნად. გერა ამბობს, რომ მათ ძალიან სახიფათო თამაში ელით.

"ნუ დაგვავიწყდება, რომ "ბლექპული" პრემიერლიგაში პირველად ითამაშებს შინ" - ხაზი გაუსვა უნგრელმა.
მოგეხსენებათ, ეს ანგარიში, 6:0 წინა ტურში ფრიად პოპულარული გამოდგა. "ნიუკასლმა" სწორედ ასე მოუგო "ასტონ ვილასაც", თუმცა ნიუკასლელთა ახალი მეტოქის "ვულვერჰემპტონის" მარჯვენა მცველი კევინ ფოული ამტკიცებს, რომ "კაჭკაჭებს" მათთან გარანტირებული არაფერი აქვთ.

რასაკვირველია, 6:0 ყველას თვალში ხვდება, მაგრამ მახსოვს, "ტოტენჰემმა" "უიგანს" 9:1 მოუგო, შემდეგ ტურში კი ჩვენ ჩავაკითხეთ და 1:0 დავამარცხეთ" - თქვა ფოულიმ.ეს, რაც შეეხებნოდა დღევანდელ შეხვედრებს, დანარჩენ ოთხი კი ხვალ, კვირას გაიმართება. "ბოლტონი" "ბირმინგემს" მასპინძლობს და მთავარი საკითხი აქვს გადასაწყვეტი - შეძლებს კი გუნდის ვარსკვლავი ივან კლასნიჩი გამოჯანმრთელებას და მოედანზე გასვლას? რაც შეეხებათ ბირმინგემელებს, მათაც დაახლოებით ასეთი საკითხი აქვთ გადასაწყვეტი: ჯეიმს მაკფადენის ჯანმრთელობაა შესამოწმებელი. გუნდის შემადგენლობა და ტაქტიკა ამის მიხედვით განისაზღვრება.

"ლივერპული" "ვესტ ბრომვიჩს" მასპინძლობს". მერსისაიდელებისა ახალი რა მოგახსენოთ და "ვესტ ბრომვიჩს" "სელტიკში" წარუმატებელი გაქირავების შემდეგ მარკ-ანტუან ფორჩუნი უბრუნდება. მან კლუბთან ორწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.
"მანჩესტერ სიტი" სანდერლენდში თამაშობს და ამ შეხვედრაში კვლავ ეყოლება "ასტონ ვილასგან" ახალი ნაყიდი ჯეიმს მილნერი, რომელიც ევროპის თასზე "ტიმიშოარასთან" არ ჰყავდა, რადგან უეფაში წარგზავნილ განაცხადში არ იყო შეყვანილი.
და ბოლოს "ვილა"-"ევერტონი". ამ შეხვედრის წინ ბირმინგემელების დროებით თავკაცს კევინ მაკდონალდს გაბრიელ აგბონლაორისა და იონ კარეუს ჯანმრთელობის შემოწმება დასჭირდება. "ევერტონს" კაპიტანი ფილ ნევილი ჰყავს კვლავ დაშავებული. დაშავებულია თავდამსხმელი ვიქტორ ანიჩებეც.

	               თ	მ	ფ	წ	ბ	ქ
1. ჩელსი	        2	2	0	0	12-0	6
2. არსენალი	        2	1	1	0	7-1	4
3. მანჩესტ. იუნ	2	1	1	0	5-2	4
4. მანჩესტ. სიტი	2	1	1	0	3-0	4
5. ბოლტონი	        2	1	1	0	3-1	4
6. ბირმინგემი	2	1	1	0	4-3	4
7. ვულვზი	        2	1	1	0	3-2	4
8. ტოტენჰემი	2	1	1	0	2-1	4
9. ნიუკასლი	        2	1	0	1	6-3	3
10. ბლექბერნი	2	1	0	1	2-2	3
11. ბლექპული	2	1	0	1	4-6	3
12. ასტონ ვილა	2	1	0	1	3-6	3
13. ვესტ ბრომვიჩი	2	1	0	1	1-6	3
14. ფულჰემი	2	0	2	0	2-2	2
15. სანდერლენდი	2	0	1	1	2-3	1
16. ევერტონი	2	0	1	1	1-2	1
17. ლივერპული	2	0	1	1	1-4	1
18. სტოკი	        2	0	0	2	2-4	0
19. ვესტ ჰემი	2	0	0	2	1-6	0
20. უიგანი	        2	0	0	2	0-10	0


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული