ამ შეხვედრის პარალელურად, "იუნაიტედის" "ხმაურიანმა მეზობელმა", "მანჩესტერ სიტიმ" ვესტ ბრომვიჩში 0:0 ითამაშა და პრემიერლიგის ცხრილში ორხელისუფლებიანობა დამყარდა. ცნობისათვის: ეს იყო ბერბატოვის პირველი გამოჩენა სასტარტო შემადგენლობაში სექტემბრის შემდეგ.
ამრიგად, "იუნაიტედმა" გოლების გატანას გემო გაუგო - მას მერე, რაც შვეიცარიულმა "ბაზელმა" ჩემპიონთა ლიგიდან გამოაგდო, ფერგიუსონის ბიჭებმა 16 გოლი შეყარეს, რომელთაგან 10
"რამდენიმე კვირის წინ მიცემულ ინტერვიუში ვთქვი, ვიღაცას გავაწბილებთ, მეთქი. ჩემი გუნდის თამაშს რომ ვუყურებდი, ვხედავდი, რომ ბიჭები ყველა მხრიდან სახიფათოდ უტევდნენ, გოლს ამზადებდნენ. ჩემი სურვილიც ეს იყო, მინდოდა ფეხბურთელები გოლებზე ძველებურად დამეგეშა და მიხარია ასეც რომ მოხდა. სწორი მიმართულებით მივდივართ".
და, რასაკვირველია, ფერგის არც პირადად ჰეთ-თრიკის ავტორის შექება დავიწყებია: "ბერბატოვისთვის კარგი თამაში იყო. ასეთი წარმატება ადამიანს საკუთარი თავის შელახულ რწმენას უბრუნებს. "უიგანთან" შეხვედრაში უპირველეს ყოვლისა მისი სიმაღლე გვჭირდებოდა, რათა მეტოქის სტანდარტულებისგან თავი დაგვეცვა, თუმცა, შემდეგ რაც მოხდა ყველამ ნახეთ. არადა, დიმიტარმა სეზონის კარგად ვერ დაიწყო. მე გუნდში მყავდნენ უელბეკი, რუნი, ჩიჩარიტო და მას ვერ ვათამაშებდი, დღეს კი ვათამაშე და გაიბრწყინა".
ბერბატოვს მიმდინარე სეზონში, ყველა შეჯიბრებაში ერთად თუ დავუთვლით, სულ შვიდჯერ აქვს ნათამაშები. თანაგუნდელის ჰეთ-თრიკმა მისი ფრანგი მეგობარი და თანატოლი, პატრის ევრაც გაახარა:
"როდესაც დიმიტარს გოლი გააქვს მე ყოველთვის მიხარია. ის ძალიან კარგი ადამიანია და ყველანაირი წარმატების ღირსია".
მიუხედავად იმისა, რომ წინა სამ შეხვედრაში ოთხი გოლი გაიტანა, ფერგიოუსონმა 26 წლის უეინ რუნი, "უიგანთან", თავიდან სათადარიგოთა სკამზე დასვა. ფერგიმ თქვა:
"რუნიმ გოლების გატანა "ვულვერჰემპტონთან" 4:1 მოგებულ შეხვედრაში დაიწყო და შემდეგ, "ქუინზ პარკ რეინჯერსის" წინააღმდეგაც (2:0) განაგრძო. ამას მოჰყვა გამარჯვება "ფულჰემთან", რომელშიც ყველამ კარგად ითამაშა. თავი გამოიჩინეს დენი უელბეკმა, რაიან გიგზმა, დიმიტარმა, რუნიმ და ნანიმ".
გოლთაცვენა "უიგანთან" შეხვედრაშიც გაგრძელდა, მაგრამ თუკი ინგლისის ჩემპიონს მეტოქეთა კარის წინ საქმე კარგად მიუდის, ტრავმების თვალსაზრისით ყველაფერი არც ისე კარგადაა. დღეისათვის გუნდს 11 დაშავებული ჰყავს.
"ბოლო პერიოდი ნამდვილად კოშმარული გვქონდა. პილ ჯონსი და კრის სმოლინგი ავადაც კი გახდნენ. რიო ფერდინანდი ისევ შეაწუხა ზურგის ტკივილმა, ხოლო ჯონი ევანსი, თავად ნახეთ, შესვენებისას გავიყვანეთ, რადგან მყესი დაიზიანა".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"