ბეილმა "დეზები", არც მეტი არც ნაკლები, საჩემპიონო ბრძოლაში ჩართო. 18 ტურის შემდეგ ჩრდილოლონდონელები უახლოეს მდევარს, "ჩელსის" 4 ქულით უსწრებენ, მანჩესტერელ ლიდერებს კი შვიდით ჩამორჩებიან და ყველა ამ გუნდზე ერთი თამაშით ნაკლებიც აქვთ ჩატარებული. სხვა სიტყვებით, "ტოტენჰემ ჰოთსპურზე" შეიძლება ითქვას, რომ 1961 წლის შემდეგ პირველად, შეუძლია გახდეს ჩემპიონი... ყოველ შემთხვევაში ადრე ამაზე ვერც ოცნებობდა.
ინგლისური გაზეთები და საიტები
"გარეთი საუცხოოა" - თქვა რედნაპმა, რომლის გუნდის ასეთ დაწინაურებაში დიდი როლი თავად კონკურენტებმა შეიტანეს. მოგეხსენებათ, "მანჩესტერ სიტიმ", "არსენალმა", "ჩელსიმ" და "ლივერპულმა" "ბოქსინგ დეიზე" ფრედ ითამაშეს. მწვრთნელმა დასძინა:
"მეორე გოლის დროს, როდესაც ბეილმა სისწრაფე აკრიფა, აშკარად დაეტყო, რომ მისი გამჩერებელი არავინ იყო. მას დიდი ფეხბურთელის ყველა თვისება აქვს. ის განსაკუთრებულია. თან, ამ შეხვედრაში ფრთაზე კი არ ვათამაშე, შუა სამეულში ჩავრთე. საქმე ისა არის, რომ ხანდახან ის აუტის ხაზთან დგას და ფაქტობრივად ცდება, რადგან ბურთი სხვაგანაა. მაგრამ, როდესაც გარეთი გარღვევაზეა, მისი შეჩერება შეუძლებელი გახლავთ".
შემდეგ "ტოტენჰემის" მწვრთნელს ჰკითხეს აპირებს თუ არა ის უელსელის გაყიდვას - ბოლოხანს ამ თემაზე ხომ ბევრს ლაპარაკობდნენ.
"მისი გაყიდვა რომ გვინდოდეს, ამდენი ხანი გავყიდდით. აქ, ყველაფერი მარტივია - თუ რაიმე ჯილდოების მოპოვებას აპირებ, ასეთ ფეხბურთელს ვერ შეელევი. გარდა ამისა, ბეილის საკადრისი ფულისა და ხელფასის გადამხდელი მხოლოდ სამი გუნდია ამქვეყნად: "ბარსელონა", "რეალი" და "მანჩესტერ სიტი".
ნორვიჩელებმა ბეილს ვერაფერი დაუპირისპირეს, თუმცა... ტრიბუნიდან ხალხის ერთი ჯგუფი ყვიროდა, შიმპანზეს ჰგავსო. ამაზე რედნაპმა თქვა:
"ეს უპატივცემულობაა. გული მერევა ასეთ შეძახილებზე".
დღეისათვის "სფურზს" ბოლო 10 შეხვედრიდან 8 მოგებული აქვს, თუმცა მწვრთნელი ამბობს, რომ გარანტირებული არაფერია. ჩრდილოლონდონელები იანვრის ბოლომდე შინ "ვესტ ბრომვიჩთან", "ევერტონთან", "ვულვზთან" და "უიგანთან" შესახვედრად ემზადებიან. დიახ, არაფერი შეგვშლია, ეს შეხვედრები რედნაპის ბიჭებს "უაით ჰართ ლეინზე" აქვთ ჩასატარებელი. გარდა ამისა, "დეზებს" თებერვლამდე ორი სტუმრობაც ელით: ახლა, 31 დეკემბერს, "სუონსისთან" და 22 იანვარს "მანჩესტერ სიტისთან" "ეტიჰედ სთედიუმზე".
რედნაპი: "ნორვიჩში დიდი თამაში გვქონდა, რადგან კონკურენტებმა ქულები დაკარგეს და ჩვენ რადაც არ უნდა დაგვჯდომოდა უნდა მოგვეგო. ამ ტურმა ყველას გვაჩვენა თუ რა ძნელია ქულების დაგროვება. მეგონა "ბოქსინგ დეიზე" ყველა ლიდერი მოიგებდა, მაგრამ სულ სხვა რამ მოხდა.
ახლა, წინ რამდენიმე რთული მატჩი გველის. მოგეხსენებათ, უკვე ყველა გუნდი ტყავის გადასარჩენად ფრჩხილებით იბრძვის და ყველას დამარცხება ძნელია".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"