კოილის ერთი თვე

AutoSharing Option
"ბოლტონ უონდერერზმა" გადაწყვიტა მწვრთნელ ოუენ კოილს იანვარიც მისცეს - წინ სატრანსფერო ბაზრობაა, რომელმაც, შესაძლოა, ბოლოსწინა ადგილზე მყოფ გუნდს გადარჩენის პერსპექტივა დაანახოს.

"ბოქსინგ დეიზე" ბოლტონელები "ნიუკასლთან" დამარცხდნენ და ეს, მიმდინარე სეზონში, მერვე წაგება იყო შინ ჩატარებულ ცხრა შეხვედრაში. თუ პრემიერლიგის ცხრილს გაიხსენებთ, "ბოლტონი" ბოლო ადგილზე მყოფ "ბლექბერნს" ერთი ქულით აღემატება.

ახლა გადავხედოთ ბოლტონელთა უახლოეს კალენდარს. 31 დეკემბერს "უონდერერზს" "ვულვერჰემპტონთან" აქვს პრინციპული დაპირისპირება.

"მგლები" კოილის ბიჭებს ოთხი ქულით უსწრებენ და პირდაპირ გასავარდნთა ზონის წინ არიან. ამის შემდეგ, 4 იანვარს, "ბოლტონი" ლივერპულში "ევერტონს"
ხვდება.

ამ ორმა თამაშმა 45 წლის მწვრთნელის მდგომარეობა ცუდიდან უარესისკენ შეიძლება შეცვალოს. გამოსავალი? ამბობენ, რომ კლუბის პატრონი, ედი დევისი და თავმჯდომარე, ფილ გერტსაიდი კოილს იმ 7 მილიონ ფუნტს მისცემენ, რომელსაც 26 წლის გერი კეჰილში "ჩელსი" გადაუხდით. რამდენადაც ცნობილია, კეჰილის ნაცვლად "უონდერერზი" "ნიუ იორკ რედ ბულზის" მცველს, 24 წლის ამერიკელ ტიმ რიმს შეიძენს. რიმი 2 მილიონი ფუნტი ღირს. ამბობენ, რომ კოილს ერთი თავდამსხმელი და ერთი მცველიც სჭირდება.

თუმცა, რა 7 მილიონი უშველის იმ თამაშებს, რომლებიც "ბოლტონს" ახალი წლის დღეების შემდეგ, იანვრის თვეში ელის? ჩამოვთვალოთ: კოილს და მის გუნდს "მანჩესტერ იუნაიტედთან", "ლივერპულთან" და "არსენალთან" უწევს შეხვედრა.

კოილმა თქვა: "მინდა რამენაირად მივაღწიო იმას, რომ ერთმა და იმავე ხალხმა ერთი და იგივე შეცდომები დაუსრულებლად არ დაუშვას. თან, მე ბავშვებზე კი არ მოგახსენებთ, არამედ ზრდასრულ ხალხზე, რომლებსაც ასეთი რამ წესით არ უნდა მოსდიოდეს".

ვეტერანი მეკარე, 36 წლის ფინელი იუსი იაასკელაინენი ამბობს, რომ მიმდინარე სეზონში გუნდმა კრიტიკულ მინიმუმს მიაღწია.

"შემდეგ ორ თამაშს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს - თქვა ფინელმა - საერთოდაც, მდგომარეობიდან გამოსასვლელად ორი-სამი გამარჯვება გვჭირდება. თან, იანვარში ისეთი მეტოქეები გველიან, რომ იოლი მისახვედრია - "ვულვერჰემპტონთან" და "ევერტონთან" შეხვედრებს ორმაგი დატვირთვა ენიჭება. სამწუხაროდ, შარშანდელი შემადგენლობიდან ოთხი თუ ხუთი ფეხბურთელი გამოგვაკლდა, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ახლები დაგვემატებიან და ყველაფერი სასიკეთოდ მოტრიალდება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული