ვილაშ-ბოაშს არაფერი ემუქრება

AutoSharing Option
"ჩელსის" მწვრთნელ ანდრე ვილაშ-ბოაშს უთხრეს, რომ როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები პრემიერლიგის მიმდინარე ჩემპიონატში, მას თანამდებობას არ დაატოვებინებენ.

დასავლეთლონდონელთა მეპატრონემ, რომან აბრამოვიჩმა განაცხადა, რომ ბოლოდროინდელი გულდასაწყვეტი შედეგების მიუხედავად ის 34 წლის პორტუგალიელ სპეციალისტს ენდობა.

"ბოქსინგ დეიზე", "ფულჰემთან" 1:1-ის შემდეგ, ვილაშ-ბოაშმა პრემიერლიგის შარფი მოისროლა და ამ საქციელით ბევრი გულშემატკივარი გააკვირვა.

გარდა ამისა, მან "ჩელსის" რამდენიმე მილიონერ ვარსკვლავს "აუწია ყური" - ათამაშა სახეცვლილი შემადგენლობა, რასაც არ ელოდნენ. თუმცა, ყველა ამ ისტორიაში, მეპატრონემ მწვრთნელის მხარე დაიჭირა და ნათლად თქვა, რომ მომავალ ზაფხულს პორტუგალიელ
სპეციალისტს სატრანსფერო ბაზარზე გასვლისა და შემადგენლობის გადახალისების სრული შესაძლებლობა მიეცემა.

სავარაუდოდ, ნიკოლა ანელკას და ალექსის გზას დაადგებიან ანუ "სტემფორდ ბრიჯს" დატოვებენ ფრენკ ლემპარდი, დიდიე დროგბა, ფლორან მალუდა, ჯონ ობი მიკელი და სალომონ კალუ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თავად რომან აბრამოვიჩმა შეცვალა ბევრი რამისადმი დამოკიდებულება - კერძოდ, ადრე, როდესაც "ჩელსის" წინა მწვრთნელებს, კლაუდიო რანიერის, ლუიშ-ფელიპე სკოლარის ან ავრამ გრანტს რომელიმე წამყვან მოთამაშესთან კონფლიქტი მოუვიდოდა, აბრამოვიჩი ულაპარაკოდ ფეხბურთელის მხარეზე დგებოდა, ახლა კი ასე აღარაა. რუსი მილიარდერისთვის ცხადი გახდა, რომ "ლურჯების" მობერებულ გუნდს გადახალისება სჭირდება.

გარდა ამისა, ამბობენ, რომ აბრამოვიჩს მეტისმეტად მოეწონა პორტუგალიელი მწვრთნელის ჯიქური დამოკიდებულება ფეხბურთელებისადმი - მართალია, "ლურჯების" გასახდელში საქვეყნოდ ცნობილი და უმდიდრესი ვარსკვლავები არიან თავმოყრილი, მაგრამ ვილაშ-ბოაში მათ არასდროს მორიდებია, სათქმელს ყოველთვის მკვახედ ამბობს ხოლმე.

მოგეხსენებათ, დღეისათვის "ჩელსი" პრემიერლიგის ცხრილში მეოთხე ადგილზეა, დაწინაურებულ მანჩესტერულ გუნდებს, "სიტისა" და "იუნაიტედს" 11 ქულით ჩამორჩება. საინტერესოა, რომ იტალიელი მწვრთნელი, კარლო ანჩელოტი, კაცი, რომელმაც "ჩელსი" პირველ სეზონში ინგლისის ჩემპიონი გახადა, გასულ ზაფხულს აბრამოვიჩმა მხოლოდ იმიტომ გააგდო, რომ მან ვერანაირი ტიტული ვერ მოიპოვა, ვილაშ-ბოაშის შემთხვევაში კი, მილიარდერი ამბობს, ჩემპიონატი როგორც არ უნდა დამთავრდეს, მის სამსახურს არაფერი ემუქრებაო.

ზემოთ ვახსენეთ, რომ "ჩელსის" ვეტერანი ფეხბურთელები ნელ-ნელა დატოვებენ კლუბს. ასე მაგალითად, 33 წლის დიდიე დროგბას მომავლის კონტურები ნელ-ნელა იკვეთება - კოტდივუარელს აგერ უკვე მესამე ჩინური კლუბი მიადგა. "დელაიან აერბინისა" და "შანხაი შენხუასგან" დროგბამ ენითაუწერელი წინადადება მიიღო - ოღონდ ჩვენთან გადმოდი და კვირაში 200 ათას ფუნტს გადაგიხდითო. ახლა ჯერი ჩინეთის ჩემპიონ "გუანგჟუ ევერგრანდეზეა".

ინგლისური გაზეთები დაბეჯითებით წერენ, რომ ეს კლუბი კონკურენტების შეთავაზებაზე უფრო შთამბეჭდავ წინადადებას ამზადებს. მოგეხსენებათ, დროგბას "სტემფორდ ბრიჯზე" ექვსი თვეღა დარჩა გასატარებელი. ახალ, ერთწლიან ხელშეკრულებაზე ის უარს ამბობს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული