დღეს ალექსის დღეობაა!

AutoSharing Option
დღეს, როდესაც ქულებით „ხმაურიან თანაქალაქელს“ გაუტოლდა, „მანჩესტერ იუნაიტედი“ „ბლექბერნს“ მასპინძლობს და დიდი ანგარიშით აპირებს მოგებას.

მოგეხსენებათ, ინგლისის ჩემპიონს ბოლოხანს დიდი ანგარიშით მოგებები გაუტკბა და საამისოდ „ბლექბერნზე“ უკეთესს ვის ჩაიგდებდა ხელში.

შეგახსენებთ, რომ „სიტიმ“ ბოლო პერიოდში ქულები დაკარგა და დღეს ცხრილში პირველ ადგილზე მხოლოდ გატანილ-გაშვებულთა უკეთესი სხვაობის გამოა შერჩენილი. ახლა, „იუნაიტედის“ თავკაცს, სერ ალექს ფერგიუსონს, რომელიც დღეს 70 წლის ხდება, კონკურენტისთვის ამ უპირატესობის ჩამორთმევაც სურს და ეჭვი არაა, თავის ბიჭებს ბევრი გოლის გატანაზე დაგეშავს.

ორშაბათს, „ბოქსინგ დეიზე“, „უიგანთან“ შეხვედრაში ,30 წლის
ბულგარელმა ფორვარდმა, დიმიტარ ბერბატოვმა ჰეთ თრიკი შეასრულა. სხვათა შორის, გუნდს, რომელიც ფერგიუსონმა იმ დღეს ათამაშა, ინგლისურ პრესაში „იუნაიტედის“ მეორე შემადგენლობა დაარქვეს. საქმე ის გახლავთ, რომ ავადმყოფობის გამო მოედანზე არ იყვნენ ფილ ჯონსი და კრის სმოლინგი, რიო ფერდინანდს კი ზურგი გაუმიზეზდა. აღსანიშნავია, რომ ჯონსისა და სმოლინგის ამბავი დღევანდელი შეხვედრის წინაც გაურკვეველი იყო, ჯონი ევანსმა კი „უიგანთან“ შეხვედრაში მყესი დაიზიანა და სულ მცირე ორ კვირას გამოსტოვებს.

ფერგიუსონის გუნდს ყველაზე მეტად სწორედ ნახევარდაცვაში უჭირს. ტრავმებისა თუ ავადმყოფობის გამო გუნდს აკლია ეშლი იანგი, დარენ ფლეტჩერი, ანდერსონი, ფაბიო და ტომ კლევერლი. აქედან გამომდინარე, „ბლექბერნთან“ შეხვედრაში შესაძლოა მანჩესტერელთა ასეთი განლაგება ვიხილოთ: გამთამაშებლის ფუნქციას რაიან გიგზი იკისრებს, ნანი და პარკ ჯი-სუნი ფლანგებზე განლაგდებიად, მაიკლ ქერიკი კი საყრდენად დადგება. აი, რა მოხდება თავდასხმაში, ცოტა ძნელი სათქმელია, რადგან მიმდინარე სეზონში ფერგის ფავორიტები უეინ რუნი, ჩიჩარიტო და დენი უელბეკი იყვნენ, მაგრამ „გამოვარდა“ ბერბატოვი და შესაძლოა ყველაფერი ყირაზეც დააყენა. ვნახოთ...

„ბლექბერნმა“ მიმდინარე სეზონში“ ორი თამაში მოიგო და ორივე შინ... მოკლედ, ფერგიუსონის დაბადების დღეზე, რაღაც სასწაული უნდა მოხდეს ამ გუნდმა „ოლდ ტრეფორდიდან“ ქულა რომ წაიღოს.

ლიდერი, „სიტი“ სანდერლენდში მიდის „შავ კატებთან“ საბრძოლველად. ისტლენდელებს ჰაერივით სჭირდებათ გამარჯვება. „ბოქსინგ დეიზე“ „ვესტ ბრომვიჩთან“ ფრის შემდეგ რობერტო მანჩინი, სავარაუდოდ, თავდამსხმელებს გაუორმაგებდა დატვირთვებს - ხსენებულ შეხვედრაში მარიო ბალოტელიმ ერთ ეპიზოდში ახლოდან ძელს გაარტყა ბურთი, მეორე ეპიზოდში კი ოფსაიდის გამო არ ჩაუთვალეს გოლი.

„ვესტ ბრომვიჩთან“ შეხვედრაში მყესის ტკივილის გამო ვერ ითამაშა მარჯვენა მცველმა მიკა რიჩარდსმა და ის, სავარაუდოდ, ვერც „შავ კატებს“ დაუდგება, ასე რომ მოედანზე კვლავ არგენტინელ პაბლო საბალეტას უნდა ველოდოთ.

რაც შეეხება „სანდერლენდს“, მოგეხსენებათ, მას ახალი მწვრთნელი ჰყავს, სულ რამდენიმე ტურის წინ დანიშნული მარტინ ო’ნილი. ორშაბათს გუნდმა „ევერტონთან“ შეხვედრაში ანგარიში გახსნა, მაგრამ ლივერპულელებმა ანგარიში გაუთანაბრეს და დღეისათვის მე-15 ადგილზე არიან. ო’ნილმა კლუბის ვებ-საიტისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა:

„ეს თამაში ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. საერთოდ არ მაინტერესებს ის ამბავი, რომ „მანჩესტერ სიტი“ ცხრილის სათავეშია და არც ლიდერების ქულები და ინტერესები მაწუხებს. ჩვენ ჩვენი საქმე გვაქვს. ჩვენ „ევერტონთან“ ფრედ ვითამაშეთ და წაგებას არც „სიტისთან“ ვაპირებთ. რასაკვირველია, „სიტი“ უძლიერესი გუნდია და მისთვის წინააღმდეგობის გაწევა უძნელესი საქმე იქნება, მაგრამ დაიწყება თამაში და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები“.

მესამე ადგილზე დამკვიდრებული „ტოტენჰემ ჰოთსპური“ დღეს უელსში, „სუონსის“ ეთამაშება. ჰარი რედნაპის ბიჭები პრემიერლიგის ცხრილში დაწინაურებულ მანჩესტერელთა მდევრად გამოიკვეთნენ. „ნორვიჩ სიტისთან“ გამარჯვების შემდეგ „დეზებისთვის“ „სუონსისთან“ მოგება დიდი საქმე იქნება, მითუფრო, რომ ჩრდილოლონდონელებს ერთი თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული.

ვის იმედზე იქნებიან უელსში „დეზები“? შესაძლოა, ამ დონის და შემადგენლობის გუნდზე ასე არ უნდა ვლაპარაკობდეთ, მაგრამ მეორე მხრივ, ფაქტია, რომ გამოკვეთილი ადგილი გარეთ ბეილს უჭირავს - თავადაც უელსელს. ბეილმა „ნორვიჩთან“ შეხვედრაში ორი გოლი გაიტანა, მაგრამ ის ხომ გოლების გატანით იმდენად არ გამოირჩევა, რამდენადაც ლიდერის თვისებებით, სწრაფი გარღვევებით და მეტოქის დამაბნეველი დრიბლინგით. სტატისტიკა მეტყველებს, რომ ბეილს მიმდინარე ჩემპიონატში ხუთი საგოლე პასი აქვს გადაწოდებული.

თუმცა „სუონსის“ შინ დამარცხება იოლი საქმე რომ არ არის, ცნობილი ამბავია: ამ სეზონში უელსელები საკუთარ კედლებში ერთადერთხელ დამარცხდნენ და ისიც „მანჩესტერ იუნაიტედთან“.

„ჩელსი“ „ასტონ ვილას“ მასპინძლობს. ზედიზედ სამი ფრის შემდეგ „ლურჯები“ ყველა ღონეს იხმარენ, რათა გამარჯვებათა გზაზე დაბრუნდნენ. გუნდისთვის, რომელიც ტიტულს უმიზნებს, დასავლეთლონდონელთა მდგომარეობა სახარბიელო არ არის - დაწინეურებულ მანჩესტერულ გუნდებს 11 ქულით ჩამორჩებიან. ანდრე ვილაშ-ბოაშმა, „ფულჰემთან“, სასტარტო შემადგენლობაში, ბოლო ორ თვეში პირველად ათამაშა ფერნანდო ტორესი, იმ იმედით, რომ ესპანელი ბოლოს და ბოლოს გაიტანდა გოლს, მაგრამ ვაგლახ - მართალია, ტორესმა ერთხელ სახიფათოდ დაარტყა, ხოლო მეორედ ხუან მატას გოლში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც უარყოფითი შეფასება მიიღო და, შესაბამისად, ბირმინგემელებთან შეხვედრაში, „ჩელსის“ თავდასხმაში დიდიე დროგბა და დენიელ სტარიჯი იქნებიან - ყოველ შემთხვევაში, ინგლისური მას-მედია ასე ვარაუდობს.

„ასტონ ვილაზე“ კი რა მოგახსენოთ, ისევ სტატისტიკას მოვუხმობთ: „ლივერპულსა“ და „არსენალთან“ ერთმანეთს მიყოლებული წაგებების შემდეგ ბირმინგემელებმა „ბოქსინგ დეიზე“ „სტოკ სიტისთან“ 0:0 ითამაშეს. კიდევ, ალექს მაკლიშის გუნდს ბოლო შვიდი შეხვედრიდან მხოლოდ ერთი აქვს მოგებული - ეს 10 დეკემბერს ბოლტონში მოხდა.

„არსენალი“ „ქუინზ პარკ რეინჯერსს“ მასპინძლობს ანუ „ემირეით სთედიუმზე“ ლონდონური დერბია. შეგახსენებთ, რომ ბოლო ტურში „მეთოფეებმა“ „ვულვერჰემპტონთან“ 1:1 ითამაშეს და ცხრილში „ჩელსის“ მისცეს წინ გასვლის საშუალება. „მეთოფეთაგან“ მიმდინარე სეზონში რობინ ვან პერსის თუ არ ჩავთვლით, ჟერვინიო გახლავთ გამორჩეული. გოლები გოლებად და ის გონივრული თამაშით გამოირჩევა, რაც ვან პერსის თამაშთან ერთად დიდი ძალაა. შესაძლოა, დღევანდელ თამაშში მოედანს თეო უოლკოტი დაუბრუნდეს. სამშაბათს არსენ ვენგერი ამბობდა:

„უოლკოტი ავადაა, მუცელი სტკივა, თუმცა იმედი მაქვს, რომ შაბათისთვის მზად იქნება“.

„სტოკ სიტი“ „უიგანს“ მასპინძლობს. ტონი პულისის გეგმა გასაგებია - გუნდი ახალ წელს პრემიერლიგის ცხრილის ზედა ნახევარში უნდა დაამკვიდროს. სტოკელებმა“ ბოლო ექვს შეხვედრაში მხოლოდ ერთი თამაში წააგეს - „მანჩესტერ სიტისთან“ 3:0 - და ამ წაგებამდე ზედიზედ ოთხი მოგებით მიდიოდნენ. შთამბეჭდავი შედეგია, ხომ მართალია? და კიდევ, მიმდინარე სეზონში სტოკელებმა შინ მხოლოდ ორჯერ წააგეს.

„უიგანი“ გასავარდნთა სამეულშია და ამ სეზონში სულ სამჯერ აქვს მოგებული...

„ვესტ ბრომვიჩისა“ და „ევერტონის“ შეხვედრა ცხრილის მეზობელთა დაპირისპირებაა. ლივერპულის გუნდი „ვესტ ბრომვიჩს“ ერთი ქულით ჩამორჩება, მაგრამ თამაშით ნაკლებიც აქვს.

„ევერტონს“ ჯეკ როდუელის ტრავმის გამო ნახევარდაცვაში ფანტაზია აკლია, მაგრამ მცველი, ლეიტონ ბეინესი დარწმუნებულია, რომ მისი გუნდი გაიმარჯვებს:
„ვესტ ბრომვიჩში თამაში იოლი არასდროს ყოფილა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, დიდი მონდომების პირობებში გამარჯვებას შევძლებთ“.

„ფულჰემი“ „ქეროუ როუდზე“ „ნორვიჩს“ ესტუმრება და შეეცდება მისავე კედლებში დაამარცხოს გუნდი, რომელიც მას ორად-ორი ქულით აღემატება. რაც შეეხება „ვულვერჰემპტონს“, „არსენალთან“ დამსახურებული ფრის შემდეგ „ბოლტონს“ ესტუმრება - ასეთ შეხვედრებზე ამბობენ, მათი ფასი 6 ქულააო.

ინგლისი. პრემიერლიგა. XIX ტური
გუშინ
ლივერპული-ნიუკასლი 3:1

დღეს

მანჩესტერ იუნაიტედი-ბლექბერნი 16:45
ტრავმა: რ. ფერდინანდი, იანგი, ჯონსი, ფლეტჩერი, ვიდიჩი, ფაბიო, ანდერსონი, ოუენი, კლევერლი - რობინსონი, სალგადო, ს. დანი, ჟივე, ოლსონი, გრელა, რ. ნილსენი

არსენალი-ქუინზ პარკი 19:00
ტრავმა: დჯურუ, მანონე, ფაბიანსკი, სანტოსი, დიაბი, ჯენკინსონი, გიბსი, სანია, უილშირი – რაიტ-ფილიპსი, ა. ფერდინანდი, მერფი, ჰალსი, დაიერი

ბოლტონი-ვულვერჰემპტონი 19:00
ტრავმა: ნგოგი, ალონსო, რაილი, რიკეტსი, გარდნერი, ჰოლდენი, მირსი, ლი, შ. დევისი – ფოული, ო’ჰარა, ედუარდსი, კრედოკი
დისკვალიფიკაცია: მილიაში (ვულვერჰემპტონი)

ჩელსი-ასტონ ვილა 19:00
ტრავმა: მიკელი, ივანოვიჩი, რამირესი, ესიენი – აირლენდი, ჰატონი, ჰესკი, ჰერდი, ბენტი, გივენი, ლიჩაი

ნორვიჩი-ფულჰემი 19:00
ტრავმა: ნაფტონი, აიალა, დე ლაეტი, ვუგანი, ე. უორდი – ს. დევისი, შვარცერი, სიდუელი, გრიგერა

სტოკი-უიგანი 19:00
ტრავმა: კრაუჩი, უილენი, უილკინსონი, სიდიბე – ბოისი, გოჰური, კირკლენდი
დისკვალიფიკაცია: სემონი (უიგანი)

სუონსი-ტოტენჰემი 19:00
ტრავმა: ნ. ტეილორი, დაიერი, ბოდე, ტატე – ლ. კინგი, ვან დერ ვაარტი, ქაბული, დეფო, ლენონი, ჰადლსტოუნი, დოუსონი

ხვალ
ვესტ ბრომვიჩი-ევერტონი 15:30
ტრავმა: ტომასი, რიდი, ჯ. მორისონი, მულუმბუ, გერა – კოულმენი, როდუელი, ენიჩიბე

სანდერლენდი-მანჩესტერ სიტი 19:00
ტრავმა: უიკჰემი, ტერნერი, ანხელინი, გორდონი, მინოლე, ფ. კემპბელი – რიჩარდსი, ჯეკო, კოლაროვი

სატურნირო ცხრილი
თ მ ფ წ ბ ქ
1. სიტი 18 14 3 1 53-15 45
2. იუნაიტედი 18 14 3 1 47-14 45
3. ტოტენჰემი 17 12 2 3 34-19 38
4. ჩელსი 18 10 4 4 36-21 34
5. ლივერპული 19 9 7 3 24-15 34
6. არსენალი 18 10 3 5 34-26 33
7. ნიუკასლი 19 8 6 5 26-25 30
8. სტოკი 18 7 4 7 18-28 25
9. ვესტ ბრომვიჩი 18 6 4 8 19-26 22
10. ევერტონი 17 6 3 8 18-20 21
11. ნორვიჩი 18 5 6 7 27-33 21
12. ასტონ ვილა 18 4 8 6 19-23 20
13. ფულჰემი 18 4 7 7 19-24 19
14. სუონსი 18 4 7 7 17-22 19
15. სანდერლენდი 18 4 6 8 22-22 18
16. ქუინზ პარკი 18 4 5 9 18-32 17
17. ვულვზი 18 4 4 10 20-33 16
18. უიგანი 18 3 5 10 15-35 14
19. ბოლტონი 18 4 0 14 22-41 12
20. ბლექბერნი 18 2 5 11 25-39 11

ბომბარდირები
16 - ვან პერსი (არსენალი); 14 - ბა (ნიუკასლი); 13 - აგუერო (სიტი), რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი); 10 - ჯეკო (სიტი), იაკუბუ (ბლექბერნი); 9 - ადებაიორი (ტოტენჰემი) , სტარიჯი (ჩელსი); 8 - ბალოტელი (სიტი); 7 – ბეილი (ტოტენჰემი), ფლეტჩერი (ვულვერჰემპტონი), ჰოლტი (ნორვიჩი), ჰელგიუსონი (ქუინზ პარკი), ლემპარდი (ჩელსი), კლასნიჩი (ბოლტონი); 6 - დეფო (ტოტენჰემი), ერნანდესი (იუნაიტედი), ვან დერ ვაარტი (ტოტენჰემი).


XX ტური
2 იანვარი
ასტონ ვილა-სუონსი 19:00
ბლექბერნი-სტოკი 19:00
ქუინზ პარკი-ნორვიჩი 19:00
ვულვერჰემპტონი-ჩელსი 19:00
ფულჰემი-არსენალი 21:30

3 იანვარი
ტოტენჰემი-ვესტ ბრომვიჩი 23:45
უიგანი-სანდერლენდი 19:45
მანჩესტერ სიტი-ლივერპული 24:00

4 იანვარი
ევერტონი-ბოლტონი 24:00
ნიუკასლი-მანჩესტერი 24:00

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული