ორი "არსენალი"

AutoSharing Option
"ფულჰემმა" "არსენალთან" მატჩი შემოაბრუნა. მძლავრად ჩატარებული პირველი ტაიმის შემდეგ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ "ქრევენ კოტეჯის" მინდორზე მეორე ნახევარში სრულიად განიარაღებული "მეთოფეები" გამოვიდოდნენ.

ფეხბურთის მომხიბვლელობა სწორედ ის არის, რომ მისი განჭვრეტა წინასწარ შეუძლებელია, მაგრამ ასე?! მასპინძლებს იმან უშველა, რომ ტრავმების შემდეგ სტივ სიდუელი და ბობი ზამორა დაბრუნდნენ. სტუმრებს კი, მოგეხსენებათ, სეროზული საკადრო პრობლემები აქვთ, განსაკუთრებით დაცვის ხაზში.

იქამდე, ვიდრე "არსენალი" გაიტანდა, ანგარიშის გახსნის შანსი ორჯერ გაუშვა ხელიდან ჟერვინიომ. 21-ე წუთზე ლორან კოშელნიმ გამოიჩინა თავი. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ფეხბურთელი ბობი ზამორას 90
წუთის განმავლობაში აჩრდილივით დასდევდა, მაგრამ, მისდა სამწუხაროდ, თამაში იმაზე ერთი წუთით მეტი გაგრძელდა, ვიდრე მას საამისოდ ძალები ჰყოფნიდა. მაგრამ ეს ყველაფერი მოგვიანებით მოხდა. მანამდე კი ფრანგმა მცველმა აარონ რემსის ჩაწოდებით ისარგებლა და ბურთს თავი დასცხო.
შემდგომი რამდენიმე წუთის განმავლობაში ჩრდილოლონდონელებს ანგარიშის გაზრდა ორჯერ შეეძლოთ, მაგრამ დევიდ სტოკდეილი საიმედოდ თამაშობდა.

მეორე ტაიმში რაც მოხდა, უკვე გითხარით: "ფულჰემმა" ჯერ გაათანაბრა თამაში, შემდეგ კი უპირატესობაც მოიპოვა. ანგარიშის გათანაბრების შანსი ჰქონდათ ფილიპ სენდეროსსა და კლინტ დემპსის, მაგრამ მათ სიზუსტე არ ეყოთ. რუისის მძლავრი გასროლა კი შჩესნიმ ფეხით მოიგერია. 78-ე წუთზე მეორე ყვითელი ბარათი მიიღო იოან ჯურუმ. მიუხედავად იმისა, რომ მოედანზე 2 წუთში სკილაჩი გამოვიდა, "არსენალი" დაიშალა - ბოლო 7-8 წუთში გუნდმა ორი უმძიმესი შეცდომა დაუშვა და დამარცხდა.
ბურთები სწორედ ზემოთ ნახსენებმა სიდუელმა და ზამორამ გაიტანეს და "არსენალს" ჩემპიონთა ლიგის ოთხეულს მიღმა ამოაყოფინეს თავი.

მატჩის შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე უკმაყოფილო გახლდათ არსენ ვენგერი. ფრანგმა მისი გუნდის გარდა დამნაშავედ მატჩის არბიტრიც დაასახელა.

"ჯურუს პირველი ყვითელი ბარათი აშკარა შეცდომა იყო, რადგან მეტოქეები მის პროვოცირებას ცდილობდნენ, მეორე ბარათის დროს კი ჯარიმა სულაც ჩვენს სასარგებლოდ უნდა დანიშნულიყო. ამას გარდა 0:0-ზე მსაჯმა ჟერვინიოს წაქცევაზე 200% პენალტი არ მოგვცა. ვერ ვხვდები, რანაირად ვერ შენიშნა წესების დარღვევა ლი პრობერტმა. ასეთი რამ მოხდა "ქუინზ პარკთან" შეხვედრაშიც. გარკვეულწილად არც გაგვიმართლა, მაგრამ წაგებაში მსაჯმაც სერიოზული როლი ითამაშა", - თქვა ვენგერმა.

ბოლო წუთებზე მოაგებინა "ჩელსის" ფრენკ ლემპარდმაც. გადამწყვეტი დარტყმა ვეტერანმა 89-ე წუთზე შეასრულა. ამ შეხვედრის მოგება "ლურჯებისთვის" განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, რადგან ზედიზედ 4-თამაშიანი მოუგებელი სერია ჰქონდათ. პირველი სახიფათო ეპიზოდი ფერნანდო ტორესის პასის შემდეგ ხუან მატამ შექმნა, მაგრამ ჯერ უეინ ჰენესიმ ითამაშა კარგად, შემდეგ კი რიჩარდ სტირმენმა განმუხტა სიტუაცია.

24-ე წუთზე უსიამოვნო ინციდენტი მოხდა. ლემპარდმა ჰემილის წინააღმდეგ უხეშად ითამაშა, თუმცა მსაჯმა მას რატომღაც მხოლოდ ყვითელი ბარათი უჩვენა. არბიტრზე გაბრაზებული ჰემილი რამდენიმე წუთში ეშლი კოულს უეხეშა, კოულმა დოილი არ დაინდო. მოკლედ, პიტერ უოლტონს თამაშის სადავეები ხელიდან გაექცა. 32-ე და 35-ე წუთებზე მასპინძლებმა ორი სახიფათო სიტუაცია გააფუჭეს. პეტრ ჩეხის კარში ჯერ როჯერ ჯონსონი ურტყამდა, შემდეგ სტივ უორდი. 54-ე წუთზე რამირესი წამიერად გაერკვა სიტუაციაში, მან კარისკენ ზურგით მდგარმა შემობრუნებაც მოასწრო და დარტყმაც - 1:0.

"ჩელსი" ამის მერეც ბევრს ცდილობდა უპირატესობის განმტკიცებას, თუმცა აქეთ დაისაჯა. წამიერი მოდუნება და უორდმა გაათანაბრა - 1:1. ოთხ წუთში ლემპარდმა ფავორიტები ისევ დააწინაურა.

თამაშის დასრულების შემდეგ ჟურნალისტები ლემპარდისგან მატჩის შეფასებით დაინტერესდნენ. აი, რა თქვა ფეხბურთელმა:

"უნდა გამოვტყდე, რომ კინაღამ გული გამისკდა, როცა ადამ ჰემილს დავეჯახე. მართალია, არავითარი ბოროტი განზრახვა არ მქონია, მაგრამ მაინც მაგრად გამიმართლა, როცა მხოლოდ ყვითელი ბარათი მივიღე. ამ ეპიზოდის გამო ყველაფერი შეიძლებოდა სხვანაირად განვითარებულიყო. ადამს უკვე პირადად მოვუბოდიშე ჩემი საქციელის გამო.

პრემიერლიგის ცხრილში ლიდერებს 1-2 ქულით ნამდვილად არ ჩამოვრჩებით. ყველაზე მეტად ახლა ჩვენ სათანადო განწყობა გვჭირდება. როგორც კი ბრძოლის სურვილს ვკარგავთ, ოთხეულის მიღმა ვრჩებით ხოლმე. საქმისადმი სწორად მიდგომის შემთხვევაში ნამდვილად შეგვიძლია ოქროს მედლებისთვის ბრძოლა, თანაც იმ ფეხბურთელებით, ვინც გვყავს. როცა ჩემპიონობისთვის ბრძოლაზე აღარ ვფიქრობთ, მაშინ უკვე აღარ ვგავართ ხოლმე ნამდვილ "ჩელსის".

საჭიროა ვიყოთ რეალისტები და ვთქვათ, რომ ამის გაკეთება წარმოუდგენლად რთული იქნება, მაგრამ შეხედეთ რა მოხდა ბოლო დღეებში. შარშანაც დიდი სხვაობა იყო ლიდერთან, მაგრამ ჩვენ ის სამ შეხვედრაში ამოვქაჩეთ.

პრესის მხრიდან მსგავსი ზეწოლის ქვეშ ადრეც ვყოფილვართ. მათ ჩვენი გუნდი ყოველთვის მიზანში ჰყავთ ამოღებული. სწორედ ამიტომ არის უმნიშვნელოვანესი, რომ ფეხბურთელებმა თავდაუზოგავად იმუშაონ. თუკი ასე მოვიქცევით და გულშემატკივრებს დავუმტკიცებთ, რადაც ვღირვართ, ამ ისტორიებს უკან მოვიტოვებთ. სწორედ თავდადებული თამაშით ვამაყობდით "ჩელსის" ფეხბურთელები და მასვე მოჰქონდა ჩვენთვის ტიტულები. როცა აგებ მატჩებს და ამას ეგუები, ლიდერი ვერასოდეს გახდები. ამ წუთას გუნდში არცთუ იოლი სიტუაციაა, მაგრამ ლაპარაკი იმაზე, რომ გასახდელში ერთმანეთთან პრობლემები გვაქვს, სისულელეა".

კმაყოფილი იყო მატჩის შემდეგ ანდრე ვილაშ ბოაშიც: "ვულვზთან" მოგება ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის. ბოლო წარუმატებლობების შემდეგ გუნდმა, როგორც იქნა გამოამჟღავნა მებრძოლი ხასიათი. ფეხბურთელებისთვის იოლი არ არის 3 დღეში 2 მატჩის ჩატარება. ამიტომაც ვარ ყველაზე მეტად ბიჭების წარმატებით ამაყი".

ინგლისი. პრემიერლიგა. XX ტური
ტოტენჰემი-ვესტ ბრომვიჩი 1:0
ტოტენჰემი (4-4-2): ფრიდელი - კაბული, გალასი (67. ბასონგი), ასუ-ეკოტო, უოკერი - ბეილი, მოდრიჩი, სანდრო (30. ლივერმორი - 76. კრანჩარი), ვან დერ ვაარტი - დეფო, ადებაიორი
ვესტ ბრომვიჩი (4-4-2): ფოსტერი - დოუსონი, მაკოლი, შორი, ბ. ჯონსი - შარნერი, ტორნი (79. ტჩოი), ტომასი (27. ხარა), კოქსი - დორანსი (66. მორისონი), ოდემვინგე
გოლი: 1:0 დეფო (63)
გაფრთხილება: - ტომასი, ბ. ჯონსი, დორანსი, კოქსი, შარნერი
კუთხური: 14-7, ჯარიმა: 4-15, თამაშგარე: 6:3 კარში დარტყმა: 10-6(6-1), ბურთის ფლობა: 70%-30%
მაყურებელი: 36 062

უიგანი-სანდერლენდი 1:4
უიგანი (3-4-3): ალ ჰაბსი - გოჰური, ფიგეროა, ალკარასი - სტამი (58. სემონი), უოტსონი (83. დიამე), მაკარტი, დ. ჯონსი - კრუსატი (39. მოზესი), გომესი, როდალიეგა
სანდერლენდი (4-4-1-1): მინიოლე - კილგალონი, ო"ში, გარდნერი (83. ელმოჰამადი), კოლბეკი - ვონი, კატერმოლი, რიჩარდსონი (67. მეილერი), მაკლინი (89. დონ ვონი) - სესინიონი - ბენდტნერი
გოლები: 0:1 გარდნერი (45) 0:2 მაკლინი (55) 1:2 როდალიეგა (62), 1:3 სესინიონი (73), 1:4 ვონი (80)
გაფრთხილება: სტამი
კუთხური: 9-6, ჯარიმა: 11-7, თამაშგარე: 0:3 კარში დარტყმა: 17-7(6-6), ბურთის ფლობა: 64%-36%
მაყურებელი: 15 871

მანჩესტერ სიტი-ლივერპული 3:0
მანჩესტერ სიტი (4-2-3-1): ჰარტი - კლიში, კ. ტურე, კომპანი, რიჩარდსი - ბერი, ი. ტურე - დ. სილვა (76. ლესკოტი), მილნერი, აგუერო (72. ა. ჯონსონი) - ჯეკო
ლივერპული (4-3-2-1): რეინა - გ. ჯონსონი, აგერი, შკრტელი, ენრიკე - ადამი (57. ჯერარდი), ჰენდერსონი, სპირინგი (76. როდრიგესი) - დაუნინგი, კუიტი (57. ბელამი) - კეროლი
გოლები: 1:0 აგუერო (11), 2:0 ი. ტურე (33) 3:0 მილნერი (75) პენ
გაფრთხილება: ბერი - გ. ჯონსონი
გაძევება: ბერი (73)
კუთხური: 5-6, ჯარიმა: 13-7, თამაშგარე: 4:2 კარში დარტყმა: 8-13(7-6), ბურთის ფლობა: 48%-52%
მაყურებელი: 47 131

დღეს
ევერტონი-ბოლტონი 00:00
ნიუკასლი-მანჩესტერი 00:00

სატურნირო ცხრილი
თ მ ფ წ ბ ქ
1. სიტი 20 15 3 2 56:16 48
2. იუნაიტედი 19 14 3 2 49:17 45
3. ტოტენჰემი 19 13 3 3 36:20 42
4. ჩელსი 20 11 4 5 39:25 37
5. არსენალი 19 11 3 5 35:26 36
6. ლივერპული 20 9 7 4 24:18 34
7. ნიუკასლი 19 8 6 5 26:25 30
8. სტოკი 20 8 5 7 22:31 29
9. ნორვიჩი 20 6 7 7 30:35 25
10. სანდერლენდი 20 6 6 8 27:23 24
11. ევერტონი 18 7 3 8 19:20 24
12. სუონსი 20 5 8 7 20:23 23
13. ასტონ ვილა 20 5 8 7 22:26 23
14. ვესტ ბრომვიჩი 20 6 4 10 19:28 22
15. ფულჰემი 19 4 8 7 20:25 20
16. ვულვზი 20 4 5 11 22:36 17
17. ქუინზ პარკი 20 4 5 11 19:35 17
18. უიგანი 20 3 6 11 18:41 15
19. ბლექბერნი 20 3 5 12 29:43 14
20. ბოლტონი 19 4 1 14 23:42 13

ბომბარდირები
17 - რობინ ვან პერსი (არსენალი), 14-14 - დემბა ბა (ნიუკასლი), სერხიო აგუერო (მანჩ. სიტი), 13 - უეინ რუნი (მანჩ. იუნაიტედი), 12 - იაკუბუ აიგბენი (ბლექბერნი), 10 - ედინ ჯეკო (მანჩ. სიტი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული