"მანჩესტერ სიტის" ზედიზედ მეთხუთმეტე

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტიმ" საშინაო არენაზე ზედიზედ მე-15 საპრემიერლიგო თამაში მოიგო. "ქალაქელებმა" "სიტი ოფ მანჩესტერზე" უკანასკნელად 2010 წლის 20 დეკემბერს წააგეს "ევერტონთან".

თამაშამდე პრესა ამტკიცებდა, რომ ჩემპიონატის ლიდერი მცირე კრიზისში იყო, რომ პრემიერლიგის საუკეთესო დაცვასთან მათ მძიმე შეტაკება მოუხდებოდათ და ასე შემდეგ, მაგრამ შეხვედრის დასრულების შემდეგ "სიტის" კრიზისი აღარავის გახსენებია.

გუნდებმა საგოლე მომენტები დებიუტშივე გაცვალეს. ჯერ დაუნინგმა დაურტყა ჰარტს უეშმაკოდ, შემდეგ კი ჯეკოს აუღო რეინამ. მე-10 წუთზე ანგარიში გაიხსნა. აგუერომ საჯარიმოს მისადგომები
დან დასცხო, ბურთი გზად აგერს ოდნავ შეეხო, რეინას წინ მიწაზე დაეცა და მეკარეს იღლიის ქვეშ გაუძვრა, ესპანელმა უმძიმესი შეცდომა დაუშვა - 1:0. ორიოდე წუთში ჯეკოს შეეძლო "ლივერპული" შოკში ჩაეგდო, მაგრამ მიზანმა უმტყუნა.

33-ე წუთზე სხვაობა გაიზარდა. იაია ტურემ კუთხურის გათამაშების შემდეგ გლენ ჯონსონს საჰაერო ორთაბრძოლა მოუგო - 2:0. მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, კენი დალგლიშმა ბრძოლაში სტივ ჯერარდი და კრეიგ ბელამი რომ ჩართო. აქედან ის გამოვიდა რომ მისმა გუნდმა ინიციატივა იგდო ხელთ, მაგრამ სახიფათო მომენტებს მაინც ვერ ქმნიდა. 73-ე წუთზე არბიტრმა გარეთ ბერის მეორე ყვითელი უჩვენა და მოედნიდან მიაბრძანა, თუმცა სანამ "წითლები" გონს მოვიდოდნენ იაია ტურემ კონტრშეტევაზე პენალტი "გამოიმუშავა". ჯეიმს მილნერმა, ვინც გუშინ 26 წლის შესრულდა, ანგარიში გამანადგურებელი გახადა - 3:0. მე-80-ეზე "ქალაქელებმა" კინაღამ გააოთხეს უპირატესობა. ადამ ჯონსონმა შორეულ კუთხეში ჩაახვია ბურთი, მაგრამ ძელს მოარტყა.

კენი დალგლიში (ლივერპული): "ანგარიში ნამდვილად არ ასახავს ძალთა ბალანსს მოედანზე. ამით ნამდვილად არ მინდა იმის თქმა, რომ გამარჯვებას ვიმსახურებდით. ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავიმახსოვროთ, თუკი ჩვენ გადამწყვეტ მომენტებში ცივსისხლიანად არ ვიმოქმედეთ, ყოველ ჯერზე დავისჯებით.

ამ შეხვედრაში რამდენიმე აშკარა შეცდომა დავინახე, რომელსაც აუცილებლად გამოვასწორებთ. პირველი გოლი მაშინ გავუშვით, როცა აუტიდან შემოვიტანეთ ბურთი, იქვე დავკარგეთ, მაშინ როცა, წესით, შეტევა ჩვენ უნდა დაგვეწყო. მეორე ბურთი კუთხურის გათამაშებას მოჰყვა, როცა კომპანისგან მსგავსი ჩხვლეტა უკვე მიღებული გვქონდა".

რობერტო მანჩინი (მანჩესტერ სიტი): "ჩვენთვის ყოველი გამარჯვება უმნიშვნელოვანესია, რადგან პრემიერლიგის მოგება გვინდა. თუკი ასეთი გეგმა არსებობს, მაშინ ვალდებული ხარ, "ლივერპულის", "იუნაიტედისა" და "ტოტენჰემის" დონის გუნდები დაამარცხო.

ვფიქრობ, პირველ ტაიმში კარგად ვითამაშეთ. მეორე ტაიმის პირველ 20 წუთში ცოტა კი მოვდუნდით, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ ამ დროს "ლივერპული" მართლაც კარგად გამოიყურებოდა. საბოლოო ჯამში ღირსეულად გავიმარჯვეთ.

უახლოეს ერთ თვეს იაია და კოლო ტურეების გარეშე გავატარებთ, რადგან ისინი აფრიკის თასზე სათამაშოდ მიდიან. იმის გათვალისწინებით, რომ იანვარში კიდევ 5 თამაში გვაქვს დარჩენილი, თამამად ვიტყვი, რომ წინ ურთულესი თვე გველის. თუკი მოვახერხეთ და ცხრილის სათავეში ადგილი შევინარჩუნეთ, ჩემპიონატში გამარჯვების დიდი შანსი გვექნება".

ვენსან კომპანი (მანჩესტერ სიტი): "სანდერლენდთან" წაგებას არ ვიმსახურებდით და შესაბამისად მას შემდეგ "ლივერპულის" დამარცხებას ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა, მით უფრო, რომ ძნელია 48 საათში ორი შეხვედრის ჩატარება".

საინტერესო დაპირისპირება გაიმართა "უაით ჰართ ლეინზე", სადაც "ტოტენჰემმა" "ვესტ ბრომვიჩს" უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა. იმის გათვალისწინებით, რომ "დეზებს" "ევერტონთან" პრემიერლიგის პირველი ტურის გადადებული მატჩი ჯერაც სათამაშო აქვთ (გაიმართება 11 იანვარს), გამოდის, რომ თეორიულად ლონდონელებს "იუნაიტედთან" მეორე ადგილისთვის ჭიდაობის შანსიც უჩნდებათ. მასპინძლებმა ტრავმის გამო სკოტ პარკერი მოისაკლისეს, სამაგიეროდ ძირითადში დაბრუნდა გამოჯანმრთელებული ჯერმეინ დეფო.

როი ჰოჯსონის გუნდი ლონდონს ერთადერთი მიზნით ეწვია - გოლი არ უნდა გაეშვა. სწორედ ამის დასტური იყო ის, რომ პირველ ტაიმში მათ ბრედ ფრიდელის კარის მიმართულებით ერთხელაც არ დაურტყამთ. ისინი მეტოქის შეტევებს იოლად უმკლავდებოდნენ. ყველზე სახიფათო მომენტი სტუმართა კართან რაფაელ ვან დერ ვაარტმა შექმნა, მაგრამ მისი დარტყმა ბენ ფოსტერმა კუთხურზე მოიგერია.

მეორე ტაიმში "ტოტენჰემმა" ზეწოლა გააძლიერა და 63-ე წუთზე თავისას მიაღწია. დეფომ გარეთ ბეილისგან შესანიშნავი გადაცემა მიიღო, ტექნიკურად დაამუშავა და რამდენიმე მცველის გარემოცვაში აღმოჩენილმა გაიტანა - 1:0. "ვესტ ბრომვიჩი" იძულებული გახდა დარჩენილ დროში შეტევაზე ეზრუნა, მაგრამ მასპინძლები მათ ბევრის არაფრის უფლებას აძლევდნენ. პირიქით, ბეილისა და დეფოს წყალობით ისინი მწვავე კონტრშეტევებს აწყობდნენ, თუმცა მეტოქეს კუთხურების მეტს ვერც ისინი გამორჩნენ რამეს. ჰარი რედნაპის თქმით, მას ესმის, რომ "ტოტენჰემმა" მაყურებელს ცუდი სანახაობა შესთავაზა, მაგრამ ასეთი დაძაბული გრაფიკის პირობებში მთავარია გუნდმა ქულები სტაბილურად აგროვოსო. ვერაფერს იტყვი, მართალია.

ევერტონი-ბოლტონი 1:2
ევერტონი (4-4-2): ჰოვარდი - ჰიბერტი, დისტენი, იაგიელკა (42. როდუელი - 61. ტ. კეჰილი), ბეინსი - ჰეიტინგა, ოსმანი (53. გუიე), ფ. ნევილი, დონოვანი - სტრაკალურსი, საა
ბოლტონი (4-4-2): ბოგდანი - სტეინსონი, კეჰილი, ნაიტი, რიკეტსი - მუამბა, მ. პეტროვი, მ. დევისი, რეო-კოკერი - იგლზი (81. პრეტლი), ნგოგი (87. კ. დევისი)
გოლები: 1:0 ჰოვარდი (63), 1:1 ნგოგი (63), 1:2 გ. კეჰილი (78)
გაფრთხილება: დისტენი - ნგოგი, რეო-კოკერი, გ. კეჰილი
კუთხური: 6-9, ჯარიმა: 9-10, თამაშგარე: 3:1 კარში დარტყმა: 9-9(4-6), ბურთის ფლობა: 47%-53%
მაყურებელი: 29 561

ნიუკასლი-მანჩესტერ იუნაიტედი 3:0
ნიუკასლი (4-4-2): კრული - სიმპსონი, კოლოჩინი, უილიამსონი, სანტონი - რ. ტეილორი, კაბაი (78. პერჩი), ტიოტე, ხონასი - ამეობი (75. ბესტი), ბა (89. ობერტანი)
მანჩესტერ იუნაიტედი (4-4-2): ლინდეგაარდი - ევრა, ფ. ჯონსი, ფერდინანდი, ვალენსია - ქერიკი, ნანი, გიგზი, პარკი (66. ერნანდესი) - რუნი (74. ანდერსონი), ბერბატოვი (57. უელბეკი)
გოლები: 1:0 ბა (33), 2:0 კაბაი (47), 3:0 ფ. ჯონსი (90)სკ-ში
გაფრთხილება: ტიოტე - ფ. ჯონსი, ვალენსია
კუთხური: 4-4, ჯარიმა: 17-16, თამაშგარე: 1:4 კარში დარტყმა: 12-4(7-3), ბურთის ფლობა: 40%-60%
მაყურებელი: 52 299

სატურნირო ცხრილი
თ მ ფ წ ბ ქ
1. სიტი 20 15 3 2 56-16 48
2. იუნაიტედი 20 14 3 3 49-20 45
3. ტოტენჰემი 19 13 3 3 36-20 42
4. ჩელსი 20 11 4 5 39-25 37
5. არსენალი 20 11 3 6 36-28 36
6. ლივერპული 20 9 7 4 24-18 34
7. ნიუკასლი 20 8 6 5 29-25 33
8. სტოკ სიტი 20 8 5 7 22-31 29
9. ნორვიჩი 20 6 7 7 30-35 25
10. სანდერლენდი 20 6 6 8 27-23 24
11. ევერტონი 19 7 3 9 20-22 24
12. სუონსი 20 5 8 7 20-23 23
13. ასტონ ვილა 20 5 8 7 22-26 23
14. ფულჰემი 20 5 8 7 22-26 23
15. ვესტ ბრომვიჩი 20 6 4 10 19-28 22
16. ვულვერჰემპტონი 20 4 5 11 22-36 17
17. ქუინზ პარკი 20 4 5 11 19-35 17
18. ბოლტონი 20 5 1 14 25-43 16
19. უიგანი 20 3 6 11 18-41 15
20. ბლექბერნი 20 3 5 12 29-43 14

ბომბარდირები
17 - რობინ ვან პერსი (არსენალი), 15- დემბა ბა (ნიუკასლი), 14 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი), 13 - უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი), 12 - იაკუბუ (ბლექბერნი), 10 - ედინ ჯეკო (მანჩესტერ სიტი)

მომდევნო ტური
14 იანვარი: ასტონ ვილა-ევერტონი, ბლექბერნი-ფულჰემი, ჩელსი-სანდერლენდი, ლივერპული-სტოკ სიტი, მანჩესტერ იუნაიტედი-ბოლტონი, ტოტენჰემი-ვულვერჰემპტონი, ვესტ ბრომვიჩი-ნორვიჩი.
15 იანვარი: ნიუკასლი-ქუინზ პარკი, სუონსი-არსენალი.
17 იანვარი: უიგანი-მანჩესტერ სიტი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული