ფეხბურთელმა კლუბის გადაწყვეტილებას შემდეგი კომენტარი გაუკეთა: "უპირველესად მინდა დიდი მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც ბოლო კვირების განმავლობაში მხარში დამიდგა, იქნება ეს ოჯახი, მეგობრები, ფეხბურთელები თუ მწვრთნელები. მათ არ მომცეს უფლება თავი მარტოდ მეგრძნო.
ბევრმა იცის, რომ მე პატარა ქვეყანში მშრომელთა გარემოცვაში გავიზარდე. ცხოვრებაში ბევრი გაჭირვება მინახავს. იქ, სადაც ვცხოვრობდი, ისეთ ღირებულებებს, როგორიც არის სხვების პატივისცემა და ზრდილობა, განსაკუთრებულ მნიშვნელობას
ცხოვრებაში არავისთან მქონია რასისტული შინაარსის კონფლიქტი, ვიმეორებ, არასოდეს და არავისთან. გული მტკივა იმის გამო, რაც ბოლო დროს ჩემზე იწერება, რადგან უმრავლესობა ამ ისტორიებისა გამოგონილია, თანაც ისეთი რამეები მბრალდება, რაც არასოდეს გამიკეთებია.
ჩემს ქვეყანაში სიტყვა "ნეგრი" ხშირად გამოიყენება და სულაც არ ნიშნავს, რომ ამით ვინმეს შეურაცხყოფას აყენებ, ლაპარაკი არ არის იმაზე, რომ მას რასისტული შინაარსი ჰქონდეს. დიახ, ბოლომდე მოვიხდი სასჯელს, მაგრამ მას მერეც უდანაშაულო ადამიანად დავრჩები, რადგან ცუდი არაფერი ჩამიდენია. ერთადერთი რამ მინდა, რაც შეიძლება მალე დავბრუნდე მინდორზე და გავაკეთო ის საქმე, რაც ყველაზე მეტად მიყვარს".
პრემიერლიგის 25-ე ტურში "მანჩესტერ იუნაიტედთან" სუარესი უკვე შეძლებს მინდორზე გასვლას, რადგან ამ დროისთვის დისკვალიფიკაცია უკვე ნებისმიერ შემთხვევაში ამოწურული იქნება.
სამხრეთამერიკელის სასჯელი ყველა ნაციონალურ ტურნირზე ვრცელდება, ასე რომ, 7 იანვარს ის ინგლისის თასზე "ოლდჰემთან" შეხვედრასაც დააკლდება და ლიგის თასზე "მანჩესტერ სიტისთან" ორივე დაპირისპირებასაც (11 და 25 იანვარს). თუკი მერსისაიდელები "ოლდჰემს" პირველივე შეხვედრაში გააგდებენ, ფეხბურთელს 28 ან 29 იანვარს ინგლისის თასის შემდეგი ეტაპის გამოტოვებაც მოუწევს და შესაბამისად პრემიერლიგის 24-ე ტურში "ტოტენჰემთან" თამაშის უფლებას მიიღებს.
ფეხბურთელი ამ უფლებას იმ შემთხვევაშიც მიიღებს, თუკი "ოლდჰემთან" მატჩი ფრედ დასრულდება და გადათამაშება დაინიშნება. ასეთ შემთხვევაში ის სწორედ ამ გადათამაშებულ მატჩს გამოტოვებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"