უილშერი და ცხვირ-პირის მტვრევა

AutoSharing Option
გახსოვთ, რატომ უწოდეს ფაბიო კაპელოს ვირი? იმიტომ, რომ მან "არსენალის" ამომავალი ვარსკვლავი ჯეკ უილშერი ნაკრებში არ გამოიძახა. სამაგიეროდ უილშერი გამოიძახა პოლიციამ... თუმცა გამოიძახა კი არა, ქეჩოში ხელი ჩაავლო, წაიყვანა და მთელი ათი საათი გისოსებს მიღმა აყურყუტა - ასეთია ღამის იმციდენტის შედეგები, რომელშიც 18 წლის "მეთოფე" მონაწილეობდა. მთავარი დაზარალებული გახლავთ ვიღაც 21 წლის გოგო, რომელსაც იდაყვი გაბზარვია. ჩხუბი ლონდონის მოდური და მდიდრული ღამის კლუბის "ამიკას" გარეთ მოხდა. გოგოს რამდენჯერმა დაარტყვეს და მიწაზეც დაანარცხეს. სახეში ურტყეს მის ბოიფრენდსაც.

უილშერი, რომელიც ასაკის მიუხედავად
აგვისტოში უნგრელების წინააღმდეგ ინგლისის ნაკრებში ათამაშეს, ამ კლუბში სამ ძმაკაცთან ერთად იყო. პოლიცია რომ მოვიდა ბიჭები ტაქსიში ჯდებოდნენ და ის ის იყო იქაურობას უნდა გაცლოდნენ. ისინი ეგრეთწოდებული სხეულის დაზიანების ეჭვით დააკავეს, დაზარალებულები კი სასწრაფო დახმარებამ წაიყვანა. ინგლისური პრესის ცნობით "ამიკა" ბრიტანეთის პრინცის ჰარის საყვარელი ადგილია. აქ ხშირად ხედავენ "ჩელსის" ვარსკვლავს ფრენკ ლემპარდსაც. პოლიციის წარმომადგენელმა სიტყვასიტყვით ასე განაცხადა: "ღამის კლუბის წინ მოხდა საზიზღარი ინციდენტი, რომელიც სიმთვრალემ გამოიწვია".

უილშერმა, შაბათს "ბლექბერნთან" 2:1 მოგებაში მხოლოდ ბოლო ექვსწუთიანი მონაწილეობა მიიღო. ფეხბურთელი და მისი დაკავებული მეგობრები კონგსტონის პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს. ახლა, გამომძიებლების განკარგულებაში მოწმეთა ჩვენებების გარდა არის თითის ანაბეჭდები, სისხლის ანალიზი და კლუბთან დაყენებული ვიდეოკამერების კადრები. დაჭერილები ოქტომბრის შუამდე თავდებით გამოუშვეს.

კლუბთან დაყენებული კამერები ვახსენეთ... ამაზე უკეთესს ინგლისური გაზეთი ვერ ინატრებდა: ეს კამერები "დეილი მეილის" კენსინგტონის ოფისის კარზეა დაყენებული და ჩხუბიც სწორედ მის წინ მოხდა. "მეილის" ჟურნალისტები ამბობენ, რომ მათი ეჭვით დაზარალებულმა ქალმა ხელი უფრო წაქცევის გამო მოიტეხა ვიდრე დარტყმის შედეგად. პოლიციამ წაიღო ქალის ხელიდან ჩამოვარდნილი ბრილიანტებით გაწყობილი სამაჯურიც. მოჩხუბრების გაშველება ღამის კლუბის დაცვის წევრებმა სცადეს. ისინი შენობიდან გამოვარდნენ და მხარეების დაშორიშორებას ლამობდნენ. ერთმა კარისკაცმა შიგნით მომხდარი ამბავი მოყვა:

"ქაოსი ატყდა. ისინი ერთმანეთს დაუნდობლად ურტყამდნენ და ებღაუჭებოდნენ. ვიღაც ქალი დაბლა ეგდო და კიოდა. სხვა ქალებმაც იკივლეს და შენობიდან გარეთ გავარდნენ. ჩვენ მათი დაშორიშორება ვცადეთ, მაგრამ ისე იყვნენ ერთმანეთს ჩაბღაუჭებულები, რომ ვერ მოვახერხეთ. ძალიან დიდი ხმაური იდგა და ერთ ბიჭს ცხვირიდან და პირიდან სისხლი მოსდიოდა. პოლიცია დაახლოებით ხუთი წუთის შემდეგ მოვიდა. ყველაფერი გამაოგნებელი იმიტომ იყო, რომ ჩვენი კლუბი ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე მშვიდ რაიონშია და აქ საერთოდ, ასეთ აყალმაყალს ხალხი დაჩვეული არ არის".

ძალიან საინტერესო ისიც გახლავთ, რომ გარეთ გასულ უილშერს (სანამ ტაქსიში ჩაჯდებოდა) ერთ-ერთ ძმაკაცთანაც მოსვლია შელაპარაკება. თვითმხილველები ზუსტად ვერ ამბობენ თუ რას ეუბნებოდნენ ბიჭები ერთმანეთს, მაგრამ ეჭვია, რომ უილშერი მეორის დაწყნარებას უფრო ცდილობდა. პოლიციიდან გამოსულ ხმათა თანახმად, ჩხუბის უკლებლივ ყველა მონაწილის მტკიცებით დაზარალებული ქალი თავიდანვე მაჩხუბრების გაშველებას ცდილობდა".



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული