დაცვას მიხედე, კაპელო, დაცვას!

AutoSharing Option
ფაბიო კაპელომ ევრო 2012-ის შესარჩევი შეხვედრებისთვის კი დაგეგმა ყველაფერი თავისებურად, მაგრამ პრემიერლიგის მესამე ტურმა კორექტივები შეიტანა - ტრავმებზე მოგახსენებთ. საინტერესო ფაქტია: ინგლისელთა მწვრთნელმა წინასწარ გამოცხადებულ გრაფიკს გადაუხვია და შეკრებაზე გამოძახებული მოთამაშეების გვარები ერთი საათით გვიან დაასახელა. მიზეზი: სხვადასხვა ქალაქებიდან დაშავებულთა შესახებ ინფორმაცას კრებდა. მოგეხსენებათ, ინგლისის ნაკრებს ბულგარეთსა და შვეიცარიასთან აქვს ურთიერთობა გასარკვევი და ამ შეხვედრების წინ, მოულოდნელად, ცენტრალური მცველების მწვავე ნაკლებობამ იჩინა თავი.

რიო ფერდინანდზე აღარ არის ლაპარაკი, ახლა კაპელოს უკვე ჯონ ტერიც აკლია. რაც შეეხება "მანჩესტერ იუნაიტედის" მცველ უეს
ბრაუნს მას იმთავითვე ჰქონდა გამოცხადებული, რომ ამიერიდან მხოლოდ საკლუბო კარიერის გაგრძელებას აპირებს. ბრაუნმა ამის შესახებ აგვისტოს დასაწყისში აუწყა კაპელოსაც და ფანებსაც.

და მეტიუ აპსონი? დიახ, ინგლისელთა იტალიელი მწვრთნელი იძულებულია სწორედ აპსონს ენდოს, არადა აგვისტოს დასაწყისში, უნგრელებთან ამხანაგურ შეხვედრაში, მან ეს ფეხბურთელი აღარ გამოიძახა - მსოფლიოს ჩემპიონატზე აპსონის გამოსვლით უკმაყოფილოს მასთან საქმის დაჭერა აღარ უნდოდა. გარდა ამისა კაპელოს შეუძლია დაცვის ცენტრში მაიკლ დოუსონი, ფილ ჟაგიელკა, ჯოლიონ ლესკოტი და გარი კეჰილი დასაქმოს.

საყოველთაოდ არის ცნობილი ინგლისელ მეკარეთა პრობლემაც. შესარჩევებისთვის კაპელომ ჯო ჰარტსა და ბენ ფოსტერს მესამე სარეზერვო გოლკიპერად სკოტ კარსონი მიახმარა. "ვესტ ბრომვიჩის" კარის მცველი ეროვნული გუნდის ძელთა შორის ადრეც მდგარა, ოღონდ მხოლოდ სამჯერ. როგორც ამბობენ ნაკრების თავკაცს "ფულჰემის" დევიდ სტოკდეილის გამოძახება უნდოდა, მაგრამ ამ უქმეებზე მიღებულმა ტრავმამ სტოკდეილის თამაში გამორიცხა და კაპელომაც, როგორც მოგახსენეთ, გაიხსენა კაცი, რომელიც ორი წელიწადია არ გახსენებია. დავაზუსტოთ: კარსონმა ბოლოს 2008 წლის ნოემბერში, ბერლინში, გერმანიის წინააღმდეგ დაიცვა ნაკრების კარი.

ტერის მსგავსად (ორთავა კუნთი სტკივა) დაშავებულია მისი თანაკლუბელი ფრენკ ლემპარდიც. მას თიაქრის მცირე ოპერაცია სჭირდება. შესაბამისად, ნაკრებს "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი მაიკლ ქერიკი უბრუნდება. ერთი სიტყვით, ერთადერთი რგოლი, რომელთან დაკავშირებითაც კაპელოს სასიამოვნო ამბები შეატყობინეს, თავდასხმაა. საქმე ის არის, რომ "ტოტენჰემ ჰოთსპურის" წყვილზე, ჯერმეინ დეფოსა და პიტერ კრაუჩზე ამბობდნენ ცუდ ამბებს, თითქოს პირველს საზარდულის ოპერაცია ჰქონდა გასაკეთებელი ხოლო მეორეს ნეკნი სტკიოდა. კაპელოს გასახარად როგორც ერთი ასევე მეორე ფორვარდი მზადაა ნაკრებში ითამაშოს - სასწრაფოდ საოპერაციო დეფოც კი არ ყოფილა, არადა "ლელოს" მკითხველს კარგად ახსოვს ჯერ კიდევ როდის ამბობდნენ ამას. ამგვარად, 24 კაციანი გუნდის წინა ხაზში "სფურზის" ორი ფორვარდი შეუერთდება უეინ რუნის, დარენ ბენტს და კარლტონ კოულს.

იტალიელმა მწვრთნელმა, რომელსაც მსოფლიოს ჩემპიონატზე წარუმეტებელი გამოსვლის გამო ინგლისში საშინელი კრიტიკა დაატეხეს თავს, კარგად იცის, რომ შესარჩევი ციკლის რაც შეიძლება კარგად დაწყება სჭირდება. სხვათაშორის, კაპელოს კრიტიკა უკვე იმდენად მოდაშია, რომ ბევრმა ბოლო დღეებშიც მოახერხა მისი მწარედ გამოლანძღვა. მიზეზი: კაპელომ "ევერტონის" ესპანელი ნახევარმცველის მიკელ არტეტას ამბავი კითხა. არტეტას ინგლისის ნაკრებში სურს გამოსვლა, თუმცა ბევრ ფანსა და მიმომხილველს ეს დაუშვებლად მიაჩნია.

ფრენკ ლემპარდის არყოფნაში თავიანთი შანსის გამოყენებას "ტოტენჰემის" ტომ ჰადლსტოუნი და "ვესტ ჰემის" სკოტ პარკერიც შეეცდებიან. მაისში ორივენი იმ 30 კაციან შემადგენლობაში იყვნენ, რომესაც კაპელო ავსტრიაში მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ამზადებდა. რაც შეეხება კიდევ ერთ ტოტენჰემელს აარონ ლენონს, ის მწვრთნელმა რატომღაც დაიწუნა და აღარ იძახებს.

მეკარეები: სკოტ კერსონი, ბენ ფოსტერი, ჯონ ჰარტი; მცველები: გერი კეჰილი, ეშლი კოული, კირეან გიბსი, ფილ ჟაგიელკა, გლენ ჯონსონი, ჯოლიონ ლესკოტი, მეტიუ აპსონი; ნეხევარმცველები: გარეთ ბერი, მაიკლ ქერიკი, სტივენ ჯერარდი, ადამ ჯონსონი, ჯეიმს მილნერი, თეო უოლკოტი, შონ რაიტ-ფილიპსი, ეშლი იანგი; თავდამსხმელები: დარენ ბენტი, კარლტონ კოული, პიტერ კრაუჩი, ჯერმაინ დეფო, უეინ რუნი.

ფაბიო ბექჰემს შეურიგდა

ფაბიო კაპელოსა და დევიდ ბექჰემის ამბავი ხომ გახსოვთ? სკანდალი იყო ატეხილი - კაპელომ ინტერვიუში თქვა ბექჰემი უკვე მეტისმეტად ბებერია და ნაკრებში აღარ გამოვიძახებ, შემიძლია ერთი გამოსათხოვარი თამაშიღა მოვუწყოო. ერთი სიტყვით, მწვრთნელს ამხელა დამსახურების ფეხბურთელისთვის პირადად არაფერი გაემხილა, ისე დაიფრინა ეროვნული გუნდიდან და ამიტომაც ატყდა ერთი ამბავი. მაგრამ, როგორც ჩანს ხმაურმა შედეგი გამოიღო:

"მე დევიდს დავურეკე, ველაპარაკე და ყველაფერი ავუხსენი, - თქვა ინგლისელთა იტალიელმა მწვრთნელმა, - ჩემსა და მას შორის კვლავაც კარგი ურთიერთობებია. ვფიქრობ, უპირველეს ყოვლისა ის აქტიურ ფეხბურთს უნდა დაუბრუნდეს. რასაკვირველია, ჩვენ აქცენტს ძირითადად ახალგაზრდა ფეხბურთელებზე გავაკეთებთ, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ვეტერანებს აღარ დავაკვირდებით. ინგლისის ნაკრების კარი ყველა ფეხბურთელისთვის ღიაა. აბსოლუტურად ყველას შეუძლია გუნდში მოხვედრა".



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული