უკანასკნელი წყვილის დაპირისპირება 90-იანებიდან მოყოლებული მეტისმეტად პრინციპულია. მაშინ როცა "იუნაიტედი" მეტოქეს ანადგურებს, გულშემატკივრები დაცინვით სიმღერას შემოსძახებენ ხოლმე, თქვენ გადაცმული ჯორდები ხომ არ ხართო. ამჯერად "ალისფერი ეშმაკები" აქეთ გახდნენ დასაცინები.
"კაჭკაჭებს" მრისხანე მეტოქე ბოლოს 2001 წლის 15 სექტემბერს ჰყავდათ დამარცხებული (4:3) და ალბათ იოლად წარმოიდგენთ, რა სიხარული აჩუქა ალან პარდიუს გუნდმა მის ფანებს. აი სერ ალექს ფერგიუსონის გუნდის თავს რაღაც ისე არ არის, როგორც უნდა იყოს -
მატჩი მასპინძლების შეტევებით გაიხსნა. მათ მე-4 წუთზე შეეძლოთ თავის გამოჩენა, მაგრამ კაბაის პასს დემბა ბამ ელემენტარულად ფეხი ვერ დაუხვედრა.
მე-11-ეზე თავისი შანსი ჯერ ნანიმ ვერ გამოიყენა, შემდეგ - რუნიმ. ამის შემდეგ სტუმრებმა ინიციატივა იგდეს ხელთ. მე-15 წუთზე ვალენსიას მაღალ პასს ბერბატოვმა თავი დაუხვედრა, ის სანტონს მოხვდა და ძელს სადღაც მიწის სიმაღლეზე გაეხახუნა. ბულგარელი ამის მეტად მეტოქის კარს აღარ დამუქრებია.
მეორე ტაიმში ის ფერგიმ შეცვალა კიდეც. ბერბატოვის მომენტიდან სადღაც 7-8 წუთში რუნი გიგზმა გაიყვანა მეკარესთან პირისპირ, მაგრამ თავდამსხმელმა ბურთი ვერ დაამუშავა. 33-ე წუთზე ანგარიში გაიხსნა: ტიმ კრულმა თამაში საკუთარი საჯარიმოდან ძლიერი დარტყმით განაახლა. შოლა ამეობიმ ფილ ჯონსს საჰაერო ბრძოლა მოუგო და ბურთს მიმართულება ოდნავ შეუცვალა.
მოუხერხებელ პოზიციაში მდგომმა დემბა ბამ მაინც მოახერხა დარტყმა, ლინდეგორს შანსი არ ჰქონდა - 1:0. მეორე ტაიმი "ეშმაკების" შეტევებით დაიწყო, მაგრამ გოლი ისევ "ნიუკასლმა" გაიტანა. იოან კაბაიმ შორეული საჯარიმო დარტყმით დანიელ მეკარეს კაპიტულაცია მეორედ გამოაცხადებინა.
59-ე წუთზე სხვაობა უნდა შემცირებულიყო. შეცვლაზე შესულმა უელბეკმა რუნის ბურთი კარიდან 2-3 მეტრში მდგომს მიაწოდა, მაგრამ მისი დარტყმული ექსმანჩესტერელმა დენი სიმპსონმა გამოიტანა. მატჩის ბოლო წამებზე ანგარიში გამანადგურებელი გახდა, ფილ ჯონსმა საკუთარი კარი დალაშქრა.
სერ ალექს ფერგიუსონი (მანჩესტერ იუნაიტედი): "რა თქმა უნდა უპირატესობა ახლა "სიტის" მხარესაა, მაგრამ ეს სულაც არ არის იმის საფუძველი, რომ პანიკაში ჩავვარდეთ. ჩვენ საჩემპიონო რბოლის უზარმაზარი გამოცდილება გვაქვს და ამ ტვირთს ახლაც გავუმკლავდებით.
თამაში კარგად დავიწყეთ, მაგრამ... პირველმა გოლმა სტადიონი "ააფეთქა", მეორემ - ჩვენ მოგვკლა. ასეთმა ლამაზმა გოლებმა "ნიუკასლს" უზარმაზარი მორალური უპირატესობა მისცა. ჩვენ ვერ შევძელით ბურთის ფლობაში მოპოვებული უპირატესობის გამოყენება. კარგად თამაშობდნენ ამეობი და ბა. ისინი ძლიერი და ტექნიკური ბიჭები არიან".
ალან პარდიუ (ნიუკასლი): "ჩვენ იმიტომ გავიმარჯვეთ, რომ თამაშს ვაკონტროლებდით. შევძელით და ვითამაშეთ ზუსტად ისე, როგორც ვგეგმავდით. ამასთან "იუნაიტედს" არ მივეცით უფლება, ჩვეული ფეხბურთი ეთამაშა. უპირატესობა გვქონდა ფიზიკური და სათამაშო გეგმის კუთხით და ამით ვისარგებლეთ.
მისი ბრწყინვალე გოლიც რომ არ გავითვალისწინოთ, დემბა ბა ფანტასტიკური იყო. არ ვიცი, შეიძლება თუ არა მისი შედარება სხვებთან, რადგან მას ჯერ ძალიან ცოტა დრო აქვს გატარებული პრემიერლიგაში, მაგრამ მიმდინარე სეზონში ის ნამდვილად შედის საუკეთესო თავდამსხმელების ხუთეულში. ყველაზე მაგარი ის არის, რომ დემბა გამარჯვებულის ფსიქოლოგიისა და რაც უნდა დავავალო, ყველაფერს ულაპარაკოდ ასრულებს".
დემბა ბა (ნიუკასლი): "გვესმოდა, რომ "ლივერპულთან" კარგად ვერ ვითამაშეთ და ამ შეხვედრაში 3 ქულა გვჭირდებოდა. ვისთან უნდა მეთამაშა, ამისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, უბრალოდ 100%-ით დავიხარჯე. კარგი დღე გამოვიდა".
შოლა ამეობი (ნიუკასლი): "ვნახეთ, როგორ ითამაშა "მანჩესტერ იუნაიტედთან" რამდენიმე დღის წინ "ბლექბერნმა". ჩვენი მიზანი იყო, დაახლოებით ასევე გვეთამაშა. შევეცადეთ მათთვის მიგვებაძა და ამან იმუშავა".
კიდევ ერთი თამაში გუშინ ლივერპულის "გუდისონ პარკზე" გაიმართა. ამ მატჩში ისტორიული ფაქტი დაფიქსირდა - ტიმ ჰოვარდი პრემიერლიგის ისტორიაში მეოთხე მეკარე გახდა პიტერ შმაიხელის, პოლ რობინსონისა და ბრედ ფრიდელის შემდეგ, ვინც გოლი გაიტანა. ტიმს ბურთი საკუთარმა მცველმა დაუბრუნა, იქამდე კი, ვიდრე სტუმარი კრის იგლზი ამერიკელს შეავიწროებდა, მთელი ძალით დასცხო.
ბურთი მეტოქის საჯარიმოს წინ დაეცა და ადამ ბოგდანს თავზე გადააფრინდა. "ბოლტონმა" შეძლო ძალების მოკრება. გუნდმა 15 წუთში იმდენი მოასწრო, რომ ჯერ გაათანაბრა, შემდეგ კი წინაც გავიდა.
ტიმ ჰოვარდი (ევერტონი): "ერთი მხრივ მოხარული ვარ, რომ გავიტანე, მაგრამ მეორე მხრივ ისიც წარმოვიდგინე, რა მდგომარეობაში ჩავარდა ბოგდანი. თამაშის შემდეგ მე მას ველაპარაკე კიდეც და ყველაფერი ვუთხარი, რასაც ვფიქრობდი. ასეთ სიტუაციაში ჩავარდნას არავის ვუსურვებ.
მსგავსი რამ ძალიან დიდი ხნის წინ მეც დამემართა და დღემდე მახსოვს ის შეგძნება. რაც შეეხება თამაშს, სამი ქულის იმედი გვქონდა, მაგრამ არ გამოგვივიდა. ახლა მომავალზე ფიქრია საჭირო".
სატურნირო მდგომარეობა
თ მ ფ წ ბ ქ
1. სიტი 20 15 3 2 56-16 48
2. იუნაიტედი 20 14 3 3 49-20 45
3. ტოტენჰემი 19 13 3 3 36-20 42
4. ჩელსი 20 11 4 5 39-25 37
5. არსენალი 20 11 3 6 36-28 36
6. ლივერპული 20 9 7 4 24-18 34
7. ნიუკასლი 20 8 6 5 29-25 33
8. სტოკ სიტი 20 8 5 7 22-31 29
9. ნორვიჩი 20 6 7 7 30-35 25
10. სანდერლენდი 20 6 6 8 27-23 24
11. ევერტონი 19 7 3 9 20-22 24
12. სუონსი 20 5 8 7 20-23 23
13. ასტონ ვილა 20 5 8 7 22-26 23
14. ფულჰემი 20 5 8 7 22-26 23
15. ვესტ ბრომვიჩი 20 6 4 10 19-28 22
16. ვულვერჰემპტონი 20 4 5 11 22-36 17
17. ქუინზ პარკი 20 4 5 11 19-35 17
18. ბოლტონი 20 5 1 14 25-43 16
19. უიგანი 20 3 6 11 18-41 15
20. ბლექბერნი 20 3 5 12 29-43 14
ბომბარდირები: 17 - რობინ ვან პერსი (არსენალი), 15- დემბა ბა (ნიუკასლი), 14 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი), 13 - უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი), 12 - იაკუბუ (ბლექბერნი), 10 - ედინ ჯეკო (მანჩესტერ სიტი)
მომდევნო ტური:
14 იანვარი: ასტონ ვილა-ევერტონი, ბლექბერნი-ფულჰემი, ჩელსი-სანდერლენდი, ლივერპული-სტოკ სიტი, მანჩესტერ იუნაიტედი-ბოლტონი, ტოტენჰემი-ვულვერჰემპტონი, ვესტ ბრომვიჩი-ნორვიჩი.
15 იანვარი: ნიუკასლი-ქუინზ პარკი, სუონსი-არსენალი.
17 იანვარი: უიგანი-მანჩესტერ სიტი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"