ჯერ ნაკრები, მერე?

AutoSharing Option
"ჩელსის" 33 წლის თავდამსხმელი დიდიე დროგბას ბედი პრაქტიკულად გადაწყვეტილია - აფრიკის თასის შემდეგ ის "ლურჯებში" აღარ დაბრუნდება.

"გარდიანის" ცნობით, ფეხბურთელი კვირას "პორტსმუთთან" თასის შეხვედრაშიც არ ითამაშებს და დაგეგმილზე ადრე წავა ნაკრების შეკრებაზე.

შეგახსენებთ, რომ გაბონსა და ეკვატორულ გვინეაში გასამართი ტურნირი 21 იანვარს იწყება. აფრიკული ნაკრებები ფეხბურთელებს 7იანვრის შემდეგ ელოდებიან. "მანჩესტერ სიტი" და "არსენალი" დიდი ხანია ცდილობენ კოტ დივუარის ფედერაცია დაიყოლიონ, რათა იაია და კოლო ტურეები და ჟერვინიო დამატებით კიდევ რამდენიმე დღით გააჩერონ კუნძულზე თასის მატჩებში საასპარეზოდ. აი, დროგბამ კი თავად
თქვა უარი ლონდონში დარჩენაზე.

დიდიეს შემდგომი კარიერა ცალკე თემაა. "ასტონ ვილა" მზადაა ფეხბურთელს ორწლიანი ხელშეკრულება შესთავაზოს, ის, რაზეც "ჩელსიმ" მას უარი უთხრა. თანაც ბირმინგემული კლუბი დიდიეს ზუსტად იმ ხელფასს გადაუხდის, რასაც ის ითხოვდა - 120 ათას ფუნტს კვირაში.

"ვილას" თავდამსხმელი ჰაერივით სჭირდება, რადგან, როგორც ჩანს, სეზონის ბოლომდე იჯარით, მერე კი ალბათ სამუდამოდ მოუწევს დარენ ბენტთან განშორება, ვინც "ლივერპულში" გადადის. ბირმინგემელები სწორედ ბენტის გაყიდვით მიღებული ფულით აპირებენ დროგბას ხელფასის დაფარვას.

დროგბას "ვილაზე" ბევრად უფრო სარფიან წინადადებას ჩინური "შანხაი შენხუა" სთავაზობს - წელიწადში 23 მილიონ ევროს. თუმცა თავად ივუარელს ევროპიდან წასვლის პერსპექტივა არ ხიბლავს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული