ანრიზე აქცენტის გარეშე

AutoSharing Option
"არსენალში" ორი თვით დაბრუნებულ ტიერი ანრის დიდი გეგმები აქვს. მას სურს "მეთოფეთა" ისტორიაში ისეთივე დიადი სახელით შევიდეს, როგორც რაიან გიგზი - "მანჩესტერ იუნაიტედის".

შეგახსენებთ, რომ "ნიუ იორკ რედ ბულსთან" მოლაპარაკებები ფეხბურთელის იჯარასთან დაკავშირებით წინა კვირას დასრულდა და გადაწყდა, რომ ანრი "არსენალში" მარტამდე დარჩება.

ლონდონში ჩასულმა ფრანგმა ვარსკვლავმა გულშემატკივრების გასაგონად განაცხადა, ნუ გექნებათ იმედი, რომ "ძველ ანრის" ნახავთო. "მე უკვე აღარ ვარ უწინდებურად სწრაფი და აღარც 25 წლის ვარ, რომ მოედნის ცენტრში ბურთი დავიჭირო, მოვატყუო 5-6 კაცი და საჯარიმომდე ჩავიტანო.

ამას
ჩემგან ტყუილად ნუ ელოდებით. ახლა წინა პლანზე სხვა ღირსებები უნდა წამოვწიო. მახსოვს როგორ თამაშობდა დენის ბერგკამპი, რომელსაც ასაკში შესულს მთავარი შემქმნელის როლი ჰქონდა დაკისრებული.

ასევეა რაიან გიგზი, თუკი კარგად დააკვირდებით. ის ძველებურ რეიდებს ვეღარ აკეთებს, მაგრამ მთავარი ღირსება შერჩა - მოედნის ხედვა. რაიანი ყოველთვის ისეთ პოზიციაში დგას, რომ პასს იოლად გაუკეთებ, თუკი ბურთს თავად ფლობს, გახსნილს პასს არასოდეს დაგიგვიანებს. სწორედ ასეთ სტილში ვაპირებ თამაშს, თუკი ამის საშუალება მომეცა. ვფიქრობ, პირველ ეტაპზე სკამზე მაინც უნდა მოვხვდე და თამაშში ფლანგის მოთამაშედ ჩავერთვები".

ტიერის ლონდონურ პერსპექტივაზე კომენტარი გააკეთა არსენ ვენგერმაც: "ანრის წარსულის დამსახურებებს ვერავინ დაუკარგავს. მას შეუძლია თავისი სახელი "არსენალის" ისტორიაში მხოლოდ განადიდოს. კლუბში ყველა ბედნიერია, რომ ის ისევ შემოგვიერთდა. თუმცა მასზე აქცენტის გაკეთებას ნამდვილად არ ვაპირებთ.

ტიერის შეუძლია გუნდის დახმარება მოედანს მიღმაც, მაგრამ უპირველესად ის ფეხბურთელია, ამიტომ მისგან ყველაზე მეტს სწორედ ამ ფრონტზე ველით. გუნდში მშვენიერი ატმოსფეროა, ის კი ჩვენ რაღაც ამაზე მეტს მოგვიტანს. ანრი იცნობს კლუბს, იცნობს ლიგას და ეს მხოლოდ დადებითად შეიძლება შეფასდეს. ტიერი მსოფლიო დონის ფეხბურთელია. წარმოუდგენლად ძნელი იყო მსგავსი კალიბრის სხვა ფეხბურთელი მოგვენახა, მით უფრო იანვრის სატრანსფერო ფანჯრისას".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული