მანჩესტერული დერბის გამოხმაურება

AutoSharing Option
"სიტი"-"იუნაიტედის" შეხვედრაში მსაჯის მიერ დაშვებულმა შეცდომებმა თამაშის მეორე დღეს მთელ ინგლისს სალაპარაკო მისცა.

გარდა იმისა, რომ კრის ფოიმ ვენსან კომპანი მე-12 წუთზე ფრიად საეჭვო სიტუაციაში გააძევა, თამაშის ბოლო წუთებზე აშკარა პენალტი არ დანიშნა ფილ ჯონსის მიერ ხელით თამაშისთვის. მატჩის შედეგს რომ არაფერი ეშველება, ყველამ იცის, აი, ბელგიელი მცველის რეაბილიტაცია კი შესაძლებელია - "დეილი მეილის" ცნობით, კლუბი ფედერაციისგან წითელი ბარათის გაუქმებას მოითხოვს.

მთავარმა "დამნაშავე" კომპანიმ გუშინ თავის ტვიტერში კომენტარი გააკეთა მის თავს გადახდენილ ამბავთან დაკავშირებით. აი, რას წერს ის: "ვფიქრობ, "სიტის"
ფანები და ფეხბურთელები კმაყოფილნი უნდა ვიყოთ მატჩით. მართალია, ანგარიში ჩვენს სასარგებლოდ არ დაფიქსირდა, მაგრამ ამის მიუხედავად თავს მორალურად გამარჯვებულებად ვგრძნობთ. ფერგიუსონის მატჩის შემდგომმა კომენტარებმა უბრალოდ შოკში ჩამაგდო. ეტყობა ეს ნიშანია".

ტვიტერზევე გამოთქვა თავისი აზრი სერხიო აგუერომაც: "მსაჯებს იშვიათად ვაკრიტიკებ, მაგრამ ახლა უნდა ვთქვა, რომ კომპანის გაძევებამ ჩვენი თამაში "მოკლა". მინდა მადლობა ვუთხრა "სიტის" ქომაგებს, რომლებიც მხარს გვიჭერდნენ. თუკი ამის მერეც ერთად დავდგებით, დიდ სიმაღლეებს შევწვდებით. დიახ, წავაგეთ, მაგრამ ამ მარცხმა ჩვენ კიდევ უფრო ძლიერები გაგვხადა. ასეთ განწყობას თუ შევინარჩუნებთ, ჩვენთვის შეუძლებელი არაფერი იქნება".

მსაჯის მოქმედებით უკმაყოფილო დარჩა რობერტო მანჩინიც. მან ჟურნალისტებთან გასაუბრება პირადად ისურვა და განუცხადა, რომ კრის ფოიმ კომპანის გაძევების გადაწყვეტილება რუნის ზეწოლის გამო მიიღო. "რა თქმა უნდა უკმაყოფილო ვარ, რომ თასიდან გამოვვარდით, მაგრამ ამის მიუხედავად მაინც კარგი მატჩი ჩავატარეთ.

მე ჩემი ფეხბურთელებით ვამაყობ, რადგან მათ უდრეკი ხასიათი გამოავლინეს. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ შეგვიძლია პრემიერლიგის მოგება. ამასთან, ვფიქრობ, რომ თამაშის გაუმჯობესება კიდევ გვჭირდება. რაც შეეხება მსაჯობას, ვფიქრობ, მოცემულ მომენტში წითელი ბარათის ჩვენება აუცილებელი არ იყო. ამ თემაზე მეტს არაფერს ვიტყვი," - ვკითხულობთ იტალიელის სიტყვებს "აირიშ ტაიმსში".

მსაჯთან პრეტენზია არ აქვთ "იუნაიტედის" ვარსკვლავებს. რუნი მანჩინის ბრალდებასაც გამოეხმაურა და თქვა: "სასაცილოა, როცა ფიქრობენ, რომ კომპანის გაძევება ჩემი ბრალი იყო. მე არ ვარ მსაჯი და ბარათი მე არ მიჩვენებია. თანაც ვენსანი აშკარად გასაგდები იყო". მის აზრს იზიარებს რიო ფერდინანდიც: "რაზე შეიძლება ვიკამათოთ გუშინდელ წითელ ბარათთან დაკავშირებით? ფეხბურთელი ტყუპი ფეხით გადახტა წინ. ეს კი წითლით ისჯება".

ფერდინანდის შეკითხვა, რაზე შეიძლება ვიკამათოთო, ნამდვილად არ არის რიტორიკული. ფოის გადაწყვეტილებას შეცდომა უწოდა სახელგანთქმულმა არბიტრმა გრემ პოლმა. "კომპანისთვის წითელი ბარათის ჩვენება ზედმეტი იყო, რადგან ის თავის მოქმედებებს აკონტროლებდა, განსხვავებით ფრენკ ლემპარდისგან "ვულვერჰემპტონთან" შეხვედრაში, როცა მან მხოლოდ ყვითელი ბარათი დაიმსახურა. ეს დარღვევა ბევრად სერიოზული იყო.

აშკარაა, რომ ფოიმ თავი ვერ გაართვა მასზე დაკისრებულ მისიას, რადგან იმის თქმაც კი შეიძლება, რომ კომპანის თამაშის წესი საერთოდ არ დაურღვევია. ხომ ნახეთ, ნანის პრეტენზია არც კი გამოუთქვამს. თუკი არბიტრს სურდა შეხვედრაში საკუთარი მონაწილეობა დებიუტშივე აღენიშნა, მაქსიმუმ ყვითელი უნდა ეჩვენებინა. არ მომეწონა რუნისა და კერიკის რეაქციაც, რადგან მათ მსაჯზე ზემოქმედება სცადეს.

ეს ისეთი კატეგორიის შეხვედრა იყო, რომელზეც დამატებითი მსაჯების დანიშვნაც არ იქნებოდა ურიგო. პენალტები იყო დასანიშნი კოლაროვისა და ჯონსის მიერ თამაშის წესების დარღვევის გამოც," - დაწერა გრემ პოლმა "დეილი მეილის" ფურცლებზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული