კინი "ასტონ ვილაში"

AutoSharing Option
"ლოს ანჯელეს გალაქსის" 31 წლის ირლანდიელი თავდამსხმელი რობი კინი 2-თვიანი იჯარით "ასტონ ვილაში" ითამაშებს, - იუწყება ბირმინგემული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი. ამერიკის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ირლანდიელი ფორმას "ტოტენჰემთან" ერთად ვარჯიშით ინარჩუნებდა, თუმცა სათამაშო პრაქტიკის მიღებისა და ევრო 2012-ისთვის უკეთ მომზადების მიზნით "ვილაში" თამაში არჩია.

კინმა გუშინ უკვე ჩაატარა პირველი სრულფასოვანი ვარჯიში ახალ გუნდთან ერთად. მას პრემიერლიგის 21-ე ტურში "ევერტონთან" შეხვედრაში უკვე ექნება თამაშის უფლება.

შვარცერი ისევ პირველია
"ფულჰემის" მთავარი მწვრთნელის მარტინ იოლის თქმით, მიუხედავად 25 წლის დევიდ სტოკდეილის დამაჯერებელი თამაშისა, ის
ავსტრალიელ მარკ შვარცერს ისევ პირველ მეკარედ განიხილავს და როგორც კი 39 წლის ფეხბურთელი თამაშს განაახლებს, ადგილს ძირითად შემადგენლობაში აუცილებლად დაიბრუნებს: "არასოდეს შემპარვია ეჭვი შვარცერის შესაძლებლობებში. ის არა მხოლოდ პრემიერლიგის, არამედ ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეცაა. იმ გუნდებში სადაც მიმუშავია უამრავ კარგ გოლკიპერს უთამაშია.

მარკს მათ შორისაც კი გამოვარჩევ. ყოველთვის კარგია იმის გააზრება, რომ გუნდში კარგი სარეზერვო მეკარე გყავს, რაც სტოკდეილმა ნამდვილად დაგვიმტკიცა. თუმცა ამით არაფერი იცვლება, შვარცერი შვარცერია".

კინგის მორიგი ტრავმა
"ტოტენჰემის" 31 წლის კაპიტანმა ლედლი კინგმა მუხლის კიდევ ერთი სერიოზული ტრავმა მიიღო და მინდორს გაურკვეველი ვადით ჩამოშორდა. წინასწარი დასკვნით, მას მუხლის ჯვარედინი მყესები აქვს დაზიანებული.

"ის უბრალოდ დარბოდა და მყესები ამ დროს დაიჭიმა. სამწუხაროა, რომ არჩევანი მცველებს შორის პრაქტიკულად არ მაქვს. ჩემს განკარგულებაში მხოლოდ დოუსონი, ბასონგი და კაბული არიან, რაც ძალიან ცოტაა," - განაცხადა "დეზების" მთავარმა მწვრთნელმა ჰარი რედნაპმა.

კიდევ ერთი გასკოინი
"მანჩესტერ იუნაიტედის" თავკაცმა სერ ალექს ფერგიუსონმა უკმაყოფილება გამოხატა უეინ რუნის მიმართ პრესის დამოკიდებულებით. "რუნის არანაირი პრობლემა არ აქვს.

ამ დროს კი მასმედია ამას დაუღალავად გაჰკივის. უეინს მინდა ვუთხრა, რომ ჟურნალისტები მასში ახალ პოლ გასკოინს ხედავენ. არ აქვს მნიშვნელობა, რა სახის სათაურით ჩნდება მასალები პრესაში, ის მუდმივად ზეწოლის ქვეშაა," - ამბობს შოტლანდიელი.

მორიგი ჯარიმა ტევესს
"მანჩესტერ სიტის" 27 წლის არგენტინელ თავდამსხმელ კარლოს ტევესს კლუბმა რამდენჯერმე უკვე ჩამოაჭრა სოლიდური თანხა სხვადასხვა სახის დარღვევისთვის. მათ შორის იყო 800-ათასფუნტიანი ჯარიმა იმისთვის, რომ ფეხბურთელმა "ბაიერნის" წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში (27 სექტემბერი, 0:2) უარი თქვა შეცვლაზე ეთამაშა.

მაშინ საქმეში პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაცია ჩაერია და აღნიშნული თანხის განახევრება მოითხოვა, რაზეც "სიტი" იოლად დათანხმდა. თუმცა ბუნტისთავი ტევესის ოინები ამით არ დამთავრებულა. კლუბის ხელმძღვანელთა თანხმობის გარეშე ის სამშობლოში გაემგზავრა და 4-5 დღის განმავლობაში მათთან კონტაქტზე არც კი გადიოდა. ტევესი მანჩესტერში მალევე დაბრუნდა, თუმცა ამ საქციელისთვის პასუხი ჯერაც არ უგია. "ქალაქელები" ამ საქმის დავიწყებას არ აპირებენ და აცხადებენ, რომ კარლოსს კლუბის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის უპრეცედენტო ჯარიმის - 1 მილიონი ფუნტის გადახდა მოუწევს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული