სირთულე მექსიკელისთვის

AutoSharing Option
ხავიერ ერნანდესის დიდებული სადებიუტო სეზონის შემდეგ მისგან ზოგი იმავე დონეზე თამაშს ელოდა, ზოგიც ფეხბურთელის ჩავარდნას წინასწარმეტყველებდა. მეორე ვარაუდი გამართლდა, მაგრამ ყველაფრის ახსნა მექსიკელის ქრონიკული ტრავმებით შეიძლება.

"ჩიჩარიტოსთვის" სეზონის პირველი ნაწილი ნამდვილად წარუმატებელია - 11 თამაში სასტარტო შემადგენლობაში, 6 გოლი და 1 საგოლე გადაცემა. თუმცა ხავიერის თქმით, ის უკეთეს მომავალში დარწმუნებულია.

"მიმდინარე სეზონში ჩემთვის ვითარება ცოტა შეიცვალა. უფრო მეტად მაწუხებდა ტრავმები, მაგრამ იმასაც ვერ ვიტყვი, რომ ყველაფრით უკმაყოფილო ვარ. ჯერ კიდევ ვსწავლობ და ბევრს ვვარჯიშობ, ვცდილობ ყოველ დღე უფრო ძლიერი გავხდე.
ვფიქრობ, ყოველი მომდევნო სეზონი ჩემთვის უფრო ძნელი იქნება. მიზეზი მარტივია, შარშან ნაკლებად მიცნობდნენ. დროთა განმავლობაში კი ჩემს სათამაშო სტილს ნელ-ნელა შეისწავლიან.

ფორმაში ვარ,  მაგრამ "იუნაიტედს" მაინც არაფერი უჭირს. ყველამ იცის, რომ ბერბატოვი დიდებული თავდამსხმელია; ამას გარდა რუნიც გვყავს, რომელსაც მსოფლიოს კლასის ფეხბურთელად მივიჩნევ, ასევე დენი უელბეკი, რომელიც მიმდინარე სეზონში კარგად თამაშობს. კიკო მაკედა იჯარით სათამაშოდ წავიდა, თორემ ისიც კარგი ფეხბურთელია. ამ პოზიციაზე გუნდი ძალიან ძლიერია," - განუცხადა "ჩიჩარიტომ" "მანჩესტერ იუნაიტედის" ვებგვერდს.

მართალია ერნანდესი ამტკიცებს, რომ თავდასხმის ხაზში "იუნაიტედს" არაფერი უჭირს, მაგრამ სერ ალექს ფერგიუსონი, როგორც ჩანს, ასე არ ფიქრობს. შოტლანდიელს "ნიუკასლიდან" დემბა ბას გადაბირება სურს. 26 წლის სენეგალელმა მიმდინარე სეზონში 19 შეხვედრაში 15-ჯერ გამოიჩინა თავი.

მისადმი ინტერესი მას მერე გაათმაგდა, რაც ჰარი რედნაპმა მთელ ქვეყანას მოსდო, რომ ფეხბურთელს "კაჭკაჭებთან" კონტრაქტით გამოსასყიდ თანხად სულ რაღაც 10 მილიონი ფუნტი ჰქონდა განსაზღვრული. "ნიუკასლს" არათუ ჩემპიონი, ზოგადად ჯერ არავინ შეხმიანებიაო, აცხადებს ფეხბურთელის წარმომადგენელი. "ჩემი კლიენტით ბევრი კლუბია დაინტერესებული. ეს არც მიკვირს, რადგან ყველა ხედავს, რა დონეზე თამაშობს ის "ნიუკასლში". თუკი დემბა ტრავმებს გადაურჩება, კიდევ უფრო მოუმატებს. ვერ გეტყვით "იუნაიტედში" დაინტერესდნენ თუ არა მისით, რადგან ჩემთვის ჯერ არავის დაურეკავს. ზოგადად იმის თქმაც შემიძლია, რომ ამ ეტაპზე მოლაპარაკება არავისთან არ მიმდინარეობს.

დიახ, მართალია, სატრანსფერო თანხა კონტრაქტით არის განსაზღვრული, მაგრამ არც ისე მარტივადაა საქმე, როგორც ეს სხვებს წარმოუდგენიათ.

"ნიუკასლმა" თავისი ინტერესების დასაცავად ყველაფერი გააკეთა, ვიდრე ამ პუნქტს დათანხმდებოდა," - განუცხადა დემბა ბას აგენტმა არმან დოორნმა ESPN-ს.

"იუნაიტედის" სელექციონერები თავდამსხმელების გარდა სხვა ამპლუის ფეხბურთელებსაც ადევნებენ თვალს. "დეილი მეილის" ცნობით, "ეშმაკებმა" შეიძლება პირეოსის "ოლიმპიაკოსიდან" 26 წლის განაპირა მცველი ვასილიუს ტოროსიდისი გადაიბირონ. ბერძნული მხარე ფეხბურთელს სავარაუდოდ 6 მილიონ ფუნტზე იაფად ვერ შეელევა.

დაბოლოს, მანჩესტერში რესტორან "როსოში" შეფპოვრის კუთვნილ კარადაში 29 ცალ დაფასოებულ პარკში მარიხუანა აღმოაჩინეს და მისი მფლობელი მომენტალურად დააპატიმრეს. ამის გამო რესტორნის მესაკუთრე რიო ფერდინანდი არც თუ ისე მცირე სკანდალში გაეხვია.

"იუნაიტედის" ცენტრალური მცველი აცხადებს, რომ წარმოდგენა არ ჰქონდა რა საქმიანობას ეწეოდა ეს ადამიანი სამსახურისგან თავისუფალ დროს. პოლიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ფერდინანდს დაკითხვაზე გამოცხადება თუნდაც მოწმის სტატუსით მაინც მოუწევს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული