"ტოტენჰემის" თავკაცი ჰარი რედნაპი ერთ-ერთია იმ მწვრთნელთაგან, რომელთაც ჟურნალისტებთან ურთიერთობა უპრობლემოდ შეუძლიათ. პერიოდულად იგი თავადაც აქვეყნებს გაზეთებში მიმოხილვებსა თუ სვეტებს. "ლელოს" მკითხველი ხშირად გაცნობია მისი ვაჟის ჯეიმი რედნაპის დაწერილ და ჩვენს მიერ გადმოქართულებულ ტურის მიმოხილვებს, თუმცა რა ურთიერთობა ექნება ამიერიდან ჰარი რედნაპს "სქაი სპორტთან", ძნელი სათქმელია.
შაბათს, "ტოტენჰემისა" და "უიგანის" შეხვედრის დამთავრების შემდეგ საქმე ჩართული კამერის წინ გინებამდეც კი მივიდა. "უიგანმა" მოგეხსენებათ 1:0 მოიგო და რედნაპი რა გუნებაზეც იქნებოდა იოლად წარმოსადგენია.
კერძოდ კი აი, რა მოხდა: როდესაც "სფურზის" თავკაცი მატჩის
შემდეგ, ინტერვიუს მისაცემად "სქაი სპორტის" ჟურნალისტის რობ პალმერის გვერდით დადგა, პალმერმა, სანამ მწვრთნელს რამეს შეეკითხებოდა, მოკლე შესავალში მას დიდი "მიმწოლი-მოჩალიჩე" (წჰეელერ ანდ დეალერ) უწოდა. ამის გაგონებაზე რედნაპს სახე შეეცვალა, თავი ვეღარ შეიკავა, ხელი აიქნია და პირდაპირ კამერების წინაშე შეიგინა. მან დაახლოებით ასეთი რამ თქვა: "წადი, შენი... მე არ ვარ მიმწოლი და მოჩალიჩე. მე სახელი მიწოლით და (ასეთი და ისეთი) ჩალიჩით არ გამითქვამს. ასეთი რამ მეორედ აღარ გაიმეოროთ. მე ფეხბურთის მწვრთნელი ვარ, ამის..."
მწვრთნელის გინებაზე რობ პალმერს გაეცინა და მდგომარეობის გამოსწორება სცადა: "არა, ჰარი, მე სხვა რამე ვიგულისხმე..." - თქვა მან და კითხვაზე გადავიდა, მაგრამ რედნაპი კადრიდან უკვე გასული იყო.
"სქაი სპორტმა" რედნაპის ლანძღვა ეთერში არ გაუშვა, თუმცა "იუთუბზე" მაინც ყველაფერი მოხვდა. მოგვიანებით, "ტოტენჰემის" პრესმდივანმა ოფიციალურად განაცხადა, რომ ჟურნალისტმა რედნაპს ბოდიში მოუხადა და ინციდენტი ამით ამოიწურა.