ზედიზედ მეორედ

AutoSharing Option
ინგლისის ლიგის თასის პირველი 1/2-ფინალური შეხვედრა "ლივერპულის" გამარჯვებით დასრულდა. მატჩის შემდეგ რობერტო მანჩინი საკადრო პრობლემებზე ალაპარაკდა. მართალია, "ქალაქელებს" ძალიან დიდი სათადარიგოთა სკამი აქვთ, მაგრამ იტალიელმა დავიდ სილვას შეცვლა მაინც ვერ მოახერხა.

ვინც შეხვედრა იხილა, დაგვეთანხმება, რომ მასპინძლების უმთავრესი პრობლემა თავდამსხმელებამდე ბურთის მიტანა იყო. "სიტის" ფლანგები არ მუშაობდა, ცენტრში კი მერსისაიდელებს ყველა ზონა ბოლომდე გადაკეტილი ჰქონდათ. აშკარა იყო "ლივერპულის" უპირატესობა მოთამაშეთა სინქრონულ მოქმედებებშიც და ბურთის კონტროლშიც. რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ სტუმრები "ბარსელონას" სტილში, მოკლე გადაცემებით, ცდილობდნენ ბურთის გათამაშებას და რაც მთავარია, ხანდახან
მათ ეს გამოსდიოდათ კიდეც.

პირველი სახიფათო მომენტი ჯო ჰარტის კართან შეიქმნა - ენდი კეროლმა სტეფან სავიჩს აჯობა, მაგრამ მეკარეს ვეღარაფერი მოუხერხა, უფრო სწორად მოუხერხებლად დაურტყა. ჰარტს სტივენ ჯერარდისა და სტიუარტ დაუნინგის შორეულ დარტყმებთან გამკლავებაც მოუხდა. მე-11 წუთზე სავიჩმა უმძიმესი შეცდომა დაუშვა, როცა საჯარიმოში დანიელ აგერის წინააღმდეგ გაშლილი ფეხით ითამაშა. არბიტრმა ლი მეისონმა უყოყმანოდ მიუთითა პენალტისკენ. მართალია ჰარტი ჯერარდს კუთხეს მიუხვდა, მაგრამ დარტყმა იმდენად ძლიერი და ზუსტი იყო, რომ მას აღების შანსი არ ჰქონია - 0:1.

მასპინძლებს თამაში პრაქტიკულად არ მისდიოდათ, რის გამოც მანჩინიმ მარიო ბალოტელის ნაცვლად თამაშში სამირ ნასრი ჩართო და დაკარგული ცენტრის დაბრუნება სცადა, თუმცა როგორც გამოჩნდა, არც ასე გამოუვიდა რამე. ფრანგი შუახაზელი აქტიურად ჩაერთო თამაშში, ხოსე რეინას საჯარიმოს კუთხიდან ეშმაკურადაც დაურტყა, მაგრამ ესპანელი გოლკიპერი ბურთს მშვენიერ ნახტომში გაუმკლავდა.

აღსანიშნავია, რომ ეს იყო "სიტის" პირველი დარტყმა კარში! ტაიმის დასრულებამდე გატანა შეეძლო ჯეიმს მილნერსაც, მაგრამ მიკა რიჩარდსის პასით მან 11-მეტრიანის მიდამოებიდან ვერ ისარგებლა.

მეორე ტაიმი "სიტიმ" აქტიურად დაიწყო. მასპინძლებმა ზედიზედ შექმნეს სახიფათო მომენტები. ჯერ სერხიო აგუერომ ვერ დაარტყა კარგად, შემდეგ კი რეინამ აუღო რიჩარდსს საკმაოდ რთული თავური დარტყმა. "სიტი" ბურთს უკეთ აკონტროლებდა, თუმცა უფრო იმის წყალობით, რომ ასე კენი დალგლიშმა გადაწყვიტა. შოტლანდიელმა სპეციალისტმა ჯერ ხოსე ენრიკე შეუშვა მინდორზე, შემდეგ კი ჯეიმი კარაგერი. "ლივერპულმა" მოახერხა მინიმალური უპირატესობის შენარჩუნება.

მატჩის შემდგომ
კენი დალგლიში (ლივერპული): "ენდი კეროლმა 90 წუთი მხოლოდ გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე იმუშავა. ჩემმა ფეხბურთელებმა ფანტასტიკურად ითამაშეს. ისინი საქმის კეთებას ასეთი თავდადებით განაგრძობენ როგორც დღეს, ნამდვილად დავადგებით გამარჯვებების გზას. "სიტისთან" ახლა ჩვენ გარკვეული უპირატესობა გვაქვს, რომელსაც მოფრთხილება სჭირდება.

ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი გადაწყვეტილია. მატჩი "ენფილდზე" ჯერ კიდევ წინ გვაქვს. იმედია, ისტორიას ბედნიერი ბოლო ექნება. თამაშით კი ორი განსხვავებული ტაიმი ჩავატარეთ. პირველში ბევრად უფრო სოლიდურად გამოვიყურებოდით. ბევრს ვუტევდით და ანგარიშის გახსნაც შევძელით. მეორე ნახევარში პრობლემები გვქონდა.

ძალიან დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა გამარჯვებისთვის, თუმცა ეჭვი არ შემპარვია, რომ ჩვენ ამას შევძლებდით. "სიტი" ფანტასტიკური გუნდია, რომელთანაც თამაში ყოველთვის რთულია. განმეორებით შეხვედრაში მოგვიწევს იმის დამტკიცება, რომ დღევანდელი გამარჯვება არ იყო შემთხვევითი".

სტივენ ჯერარდი (ლივერპული): "არ ვფიქრობ, რომ წყვილში გამარჯვებულის ვინაობა უკვე ცნობილია. ნამდვილად გვაქვს უპირატესობა, მაგრამ "ენფილდზე" კიდევ 90 წუთი მოგვიწევს თამაში".

რობერტო მანჩინი (მანჩესტერ სიტი): "ჩვენ რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელის გარეშე მოგვიხდა თამაში, რამაც დაგვასუსტა, მაგრამ მგონი წაგებას მაინც არ ვიმსახურებდით. სამწუხაროდ, ლიდერების გარეშე კიდევ ერთი თვე მოგვიწევს გაძლება. პირველ ტაიმში არაფერი გამოგვდიოდა. მეორე ნახევარში რამდენჯერმე გვქონდა ანგარიშის გათანაბრების შანსი, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ.

რაც შეეხება პენალტს ჩვენს კარებში, წესები აშკარად დაირღვა და ლი მეისონმა სიტუაცია სწორად განსაჯა. თუმცა თამაშის ბოლოს გლენ ჯონსონმაც უხეშად ითამაშა, ბევრად უფრო უხეშად, ვიდრე ვენსან კომპანიმ "იუნაიტედთან". ცუდია, როცა საკუთარ სტადიონზე წავაგეთ, მაგრამ რა გვიშლის ხელს, რომ ორი კვირის შემდეგ ლივერპულში მოვიგოთ"?

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული