დიდებული "ტოტენჰემი"

AutoSharing Option
პრემიერლიგის 1-ლი ტურის გადადებულ შეხვედრაში "ტოტენჰემმა" "ევერტონი" დაამარცხა და 20 თამაშის შემდეგ ცხრილში "მანჩესტერ იუნაიტედს" დაეწია.

სეზონის დაწყებამდე ამას ალბათ "დეზების" ყველაზე ერთგული გულშემატკივარიც ვერ წარმოიდგენდა. ყველაფერს სათავე ბენუა ასუ-ეკოტომ დაუდო, როცა აარონ ლენონს დიდებული პასით გაატანინა. კამერუნელმავე დაადგინა მატჩის საფინალო ანგარიშიც.

ჰარი რედნაპმა "ვესტ ბრომვიჩთან" შეხვედრის შემდეგ სასტარტო შემადგენლობა 3 კაცით შეცვალა. ტრავმირებული გალასისა და სანდროს ნაცვლად ძირითადში დოუსონი და ლივერმორი მოხვდნენ; გამოჯანმრთელებულმა ლენონმა კი კუთვნილი ადგილი დაიკავა მარჯვენა ფლანგზე; ვან დერ ვაარტი კი ადებაიორის უკან დადგა.

პირველ ტაიმში
"დეზებმა" მეტოქეს ამოსუნთქვის საშუალება მოუსპეს და ის, რომ ანგარიშშიც წინ გავიდნენ, სრულიად ლოგიკური იყო. დედაქალაქელთაგან პირველი ხიფათი ადებაიორმა შექმნა, მაგრამ ბურთი ხარიხას გადააცილა. შემდგომ ვან დერ ვაარტმა წაართვა ბურთი დისტენს და ფლანგზე ბეილი მონახა. უელსელის ჩაწოდებას ისევ ადებაიორი გამოეხმაურა, მაგრამ ტოგოელმა ტიმ ჰოვარდის მოტყუება ვერ შეძლო.

მერსისაიდელებმა ერთადერთი სახიფათო მომენტი შექმნეს - დონოვანმა კაბულის უზუსტობით ისარგებლა, ბურთი ხელში ჩაიგდო და საას ჩაუწოდა, მაგრამ ვეტერანმა ფრანგმა თავდამსხმელმა ზუსტად ვერ დაარტყა. 35-ე წუთზე ასუ-ეკოტომ მოედნის ცენტრს მიახლოებულმა საწინააღმდეგო მხარეს ლენონს გადააწოდა, ვინც იოლად გაუსწორდა ბეინსსა და დისტენს, მეკარესთან პირისპირ გასულმა კი ის მოძრაობაზე დაიჭირა და ახლო კუთხეში გაუძვრინა - 1:0.

მეორე ნახევარიც მასპინძელთა შეტევებით დაიწყო. ჯერ ბეილმა შეამოწმა ჰოვარდის მზადყოფნა, შემდეგ კი ლენონი თავით (!) ურტყამდა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა, თანაგუნდელთაგან კი მას არავინ დაეხმარა. 63-ე წუთზე ასუ-ეკოტომ შეხვედრაში მეორე ლამაზი მომენტი შექმნა - კამერუნელმა ბურთი მოედნის ცენტრში მიიღო, ადგილზე გააგორ-გამოაგორა, მერე უცბად წინ დაიძრა და ზუსტად 32 მეტრიდან როგორც ყუმბარა ბურთი ისე გაისროლა - ჰოვარდს რეაქციამ ვერ უშველა - 2:0.

მასპინძლებს შეტევები არც ამის მერე შეუნელებიათ. ბრედ ფრიდელის კართან არაერთხელ ჩამოცხა, მაგრამ გამანადგურებელ ანგარიშამდე საქმე არ მისულა.

მატჩის შემდგომ
ჰარი რედნაპი (ტოტენჰემი): "ჩვენ ცხრილში ზუსტად ის ადგილი გვიკავია, რასაც ალალად ვიმსახურებთ. ეს ადგილი მომავალ წელს ჩემპიონთა ლიგაში თამაშის უფლებას მოგვცემს. თუმცა ჯერ არავინ იცის, როგორ განვითარდება მოვლენები. ამის წინასწარმეტყველება შეუძლებელია. ნამდვილად მომწონს "ტოტენჰემის" თამაში, ხოლო ვისაც არ მოსწონს, მან ფეხბურთს საერთოდ არ უნდა უყუროს".

დევიდ მოიესი (ევერტონი): "ჩვენ ცუდად არ გვითამაშია, თუმცა შედეგით მაინც იმედგაცრუებული ვარ. რამდენიმე კარგი შანსი ვერ გამოვიყენეთ. თამაშის ის ხარისხი, რაც დღეს ვაჩვენეთ, კარგის ნიშანია. ბიჭები დღეს კარგები იყვნენ. ისინი ცდილობდნენ ყველაფერი ზუსტად გაეკეთებინათ, მაგრამ არ გამოუვიდათ. არც მიკვირს, რადგან "ტოტენჰემი" ძალიან ძლიერია".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული