ინგლისი. პრემიერლიგა. XXI ტურის გამოხმაურება

AutoSharing Option
პრემიერლიგის 21-ე ტურმა ჩემპიონატის ლიდერთა წარმომადგენლებს იმედგაცრუება მოუტანა. მთავარი დაზარალებული "არსენალი" აღმოჩნდა, რომელმაც სუონსის "ლიბერთი სთედიუმზე" მოულოდნელად წააგო, მიუხედავად იმისა, რომ პრემიერლიგის ბომბარდირმა რობინ ვან პერსიმ ანგარიში მე-5 წუთზევე გახსნა.

"მეთოფეები" ჩემპიონთა ლიგის ოთხეულს უკვე 4 ქულით დაშორდნენ. მატჩის შემდეგ არსენ ვენგერმა ტრადიცია არ დაარღვია და მსაჯობაზე დაიჩივლა - მაიკლ ოლივერს გადაწყვეტილება დაუწუნა, როცა მან ნათან დაიერის წაქცევის გამო ლონდონელთა კარში პენალტი დანიშნა. ამას გარდა, ფრანგმა სპეციალისტმა ვერც საკუთარი გუნდის ცუდი დამალა. "ვერ ვიგებ, რატომ გადაწყვიტა არბიტრმა პენალტის დანიშვნა.

არალოგიკური
გოლის მიღების შემდეგ დაცვაში ისე გულუბრყვილო შეცდომები დავუშვით, რაც არ უნდა მომხდარიყო. 2:2-ზე რეალური საგოლე მომენტი გავანიავეთ, ეს მაშინ, როცა უმნიშვნელოვანესი იყო, მსგავსი რამ არ მომხდარიყო. არადა, ზუსტად ამ დროს გავიფიქრე, რომ შეიძლებოდა მოგვეგო. ბოლო მატჩებში რატომღაც ასე ხდება, ისეთ რამეებს ვაკეთებთ, რასაც ახსნა არა აქვს.

ასე მოხდა "ფულჰემთანაც" და ასე იყო დღესაც. რატომღაც მრჩება შთაბეჭდილება, რომ არ გვესმის, რას ვაკეთებთ მოედანზე და ხანდახან ჩვეულებრივ სიტუაციაშიც კი პანიკაში ვვარდებით. ზოგადად თამაში საკმაოდ რთული გამოვიდა. "სუონსი" მშვენივრად თამაშობდა და მოგება ნამდვილად დაიმსახურა. მომეწონა მათი მეკარეც, რომელმაც თავისი გუნდი რამდენიმე ეპიზოდში აშკარა გოლისგან იხსნა," - განაცხადა ვენგერმა.

შეგირდების გარჯით ვერ იქნებოდა კმაყოფილი კენი დალგლიშიც, ვისმა გუნდმაც პრემიერლიგის მე-11 საშინაო შეხვედრიდან მე-7 ფრე ითამაშა. "სიტისთან" ლიგის თასის მატჩის მსგავსად მისმა გუნდმა მშვენივრად აკონტროლა ბურთი, მაგრამ თავდასხმა იმდენად უგერგილოდ მოქმედებდა, რომ "სტოკ სიტის" დაცვას ვერაფერი დააკლო.

"სტუმრებს ერთადერთი მიზანი ჰქონდათ - ქულა აეღოთ. ჩვენ კი, მიუხედავად იმისა, რომ დაცვის გატეხა ძალიან გვჭირდებოდა, ეს ვერ მოვახერხეთ, - განაცხადა მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე კენი დალგლიშმა. - იმ იშვიათი მომენტებითაც ვერ ვსარგებლობდით, რისი შექმნაც მოვახერხეთ. ასეთ ჩაკეტილ თამაშში კი, მოგეხსენებათ, ყველაფერს ერთი მომენტი წყვეტს. მომეწონა ჩემი გუნდის თამაში დაცვაში.

სტუმრებს მინიმალურ შანსსაც არ ვაძლევდით. რაღაც წილად ეს "სტოკ სიტის" ტაქტიკამაც განაპირობა, რომელსაც თავდასხმაში ერთადერთი კაცი ჰყავდა. ბიჭებს მონდომებას არ ვუკარგავ, მაგრამ დღეს გამარჯვებისთვის სათანადოდ მზად არ აღმოვჩნდით.

გაგვიმართლა, რომ ხოსე ენრიკემ მოახერხა მოედანზე გამოსვლა, რადგან მას რეალურად ალტერნატივა არც ჰყავდა. მატჩამდე ის თავს შეუძლოდ გრძნობდა. ჯერ ვერ დავადგინეთ, რა აწუხებდა, თითქოს საჭმელმა აწყინა. ვერ ვათამაშეთ დანიელ აგერი, ვისაც მიკროტრავმა ჰქონდა. მისი ჯანმრთელობით ასე იოლად ვერ გავრისკავდით. სათადარიგოთა სკამზე კი პრაქტიკულად აღარავინ დაგვრჩა თამაშის გასაძლიერებლად".

თამაშის შემდეგ ჟურნალისტებმა ჯეიმი კარაგერი "ჩაიგდეს ხელთ". აი, რა განაცხადა "ლივერპულის" ვიცე-კაპიტანმა: "სტოკი" კერკეტი კაკალია და ეს მიმდინარე სეზონში არაერთხელ დაამტკიცა. რა თქმა უნდა, ძალიან გვინდოდა მატჩი სხვა შედეგით დამთავრებულიყო, მაგრამ სტუმრებს შესანიშნავი დაცვა ჰყავთ, რომელიც ვერაფრით გავარღვიეთ. სამწუხაროა, მაგრამ ასეთი რამ "ენფილდზე" უკვე ბევრჯერ მოგვივიდა. თუკი ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრა გვინდა, შინ უკეთ თამაში გვმართებს".

"სტოკთან" მატჩს ტრიბუნებიდან ადევნებდა თვალს "ლივერპულის" ერთ-ერთი ლეგენდა სამი ჰიიპია. მატჩის დასრულების შემდეგ ფინელს ჟურნალისტებმა გულშემატკივრებისთვის ორიოდე სიტყვის თქმა სთხოვეს. You'll Never walk Alobe (თქვენ არასდროს იქნებით მარტო), მოკლედ და გასაგებად განაცხადა ფეხბურთელმა, ვისაც "ლივერპულის" წითელი მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 400-მდე მატჩი აქვს ჩატარებული.

"მას მერე, რაც "ლივერპულში" დალგლიში დაბრუნდა, ყველაფერი ნელ-ნელა უკეთესობისკენ მიდის. მე რეგულარულად ვადევნებ თვალს გუნდის ასპარეზობას. მიუხედავად "ენფილდზე" ფრეების სიმრავლისა, პროგრესი აშკარაა. კარგია, რომ კენიმ აქცენტი ბრიტანელ ფეხბურთელებზე გააკეთა. ეს გუნდს თვითმყოფად სახეს უბრუნებს. მშვენიერია, რომ ჯერარდიც ნელ-ნელა ფორმაში დგება. ძალიან გამეხარდა, როცა მან გუნდთან ახალი კონტრაქტი გააფორმა.

მე რაც შემეხება, დღემდე გერმანიაში ვცხოვრობ. "ლევერკუზენში" ძალიან არ უნდათ, რომ გუნდიდან წავიდე. კლუბმა ფეხბურთიდან წასვლის შემდეგ თანამშრომლობა შემომთავაზა. კონტრაქტი მხოლოდ 2,5-წლის შემდეგ მიმთავრდება.

მომავალი სეზონიდან კლუბის სტრუქტურაში სამწვრთნელო კარიერას დავიწყებ. როგორ განვითარდება ის, ამას მერე ვნახავთ," - თქვა ჰიიპიამ.

ანდრე ვილაშ ბოაშის "ჩელსიმ" მოიგო. მინიმალური გამარჯვებით, მით უფრო მაშინ, როცა სტუმრებმა ბოლო 10 წუთში 3 რეალური მომენტი გაუშვეს ხელიდან, შეუძლებელი იყო, ახალგაზრდა პორტუგალიელი სპეციალისტი კმაყოფილი დარჩენილიყო. თუმცა კარგია, რომ "ლურჯებმა" "პორტსმუთთან" თასზე მოგების შემდეგ 2012 წელი წარმატებულადვე განაგრძეს: "კარგი ფეხბურთი ვაჩვენეთ.

შევძელით და "სანდერლენდის" წარმატებათა სერია შევწყვიტეთ. ეს გუნდი კი, იცით, რომ მშვენიერ ფორმაშია. ასეთ მოტივირებულ მეტოქესთან თამაში ყოველთვის ძნელია. ბიჭებს სწორედ მძიმე თამაშისთვის ვამზადებდი. პირველ ტაიმში ბურთს ვაკონტროლებდით, ვცდილობდით, მეტოქის მასიური დაცვითი ზღუდეები გადაგველახა. შესვენების შემდეგ კი უფრო სახიფათოები გავხდით. უფრო გამოგვდიოდა სწრაფი კონტრშეტევები.

მეორე გოლის გატანა ვერაფრით მოვახერხეთ, რის გამოს მატჩის ფინალური სტადია მეტისმეტად ნერვიული გამოვიდა. კარგია, რომ ბოლოს ყველაფერი ჩვენი 3 ქულით დამთავრდა".


უიგანი-მანჩესტერ სიტი 0:1
უიგანი (4-4-2): ალი ჰაბსი - კოლდუელი, ფიგეროა, სტამი, ალკარასი - მაკარტი, მაკარტური (68. უოტსონი), გომესი (81. მაკმანამანი), კრუსატი (68. დი სანტო) - როდალიეგა, მოზესი
მანჩესტერ სიტი (4-3-3): ჰარტი - კლიში, ლესკოტი, სავიჩი, საბალეტა - ბერი, ნასრი (74. დე იონგი), მილნერი - დ. სილვა (81. ონუოჰა), ჯეკო, აგუერო (90. ა. ჯონსონი)
გოლი: 0:1 ჯეკო (22)
გაფრთხილება: საბალეტა, დე იონგი, მილნერი - მაკარტური, მაკარტი, ფიგეროა
კუთხური: 4-5, ჯარიმა: 17-16, თამაშგარე: 3:5 კარში დარტყმა: 5-11(3-6), ბურთის ფლობა: 43%-57%
მაყურებელი: 16 026

სატურნირო მდგომარეობა

თ მ ფ წ ბ ქ
1. სიტი 21 16 3 2 57-16 51
2. იუნაიტედი 21 15 3 3 52-20 48
3. ტოტენჰემი 21 14 4 3 39-21 46
4. ჩელსი 21 12 4 5 40-25 40
5. არსენალი 21 11 3 7 38-31 36
6. ნიუკასლი 21 10 6 5 30-25 36
7. ლივერპული 21 9 8 4 24-18 35
8. სტოკ სიტი 21 8 6 7 22-31 30
9. ნორვიჩი 21 7 7 7 32-36 28
10. სუონსი 21 6 8 7 23-25 26
11. ევერტონი 21 7 4 10 21-25 25
12. სანდერლენდი 21 6 6 9 27-24 24
13. ასტონ ვილა 21 5 9 7 23-27 24
14. ფულჰემი 21 5 8 8 23-29 23
15. ვესტ ბრომვიჩი 21 6 4 11 20-30 22
16. ვულვზი 21 4 6 11 23:37 18
17. ბლექბერნი 21 4 5 12 32:44 17
18. ქუინზ პარკი 21 4 5 12 19:36 17
19. ბოლტონი 21 5 1 15 25:46 16
20. უიგანი 21 3 6 12 18:42 15

ბომბარდირები: 18 რობინ ვან პერსი (არსენალი), 15 დემბა ბა (ნიუკასლი), 14 სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი), 13 უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი), 12 იაკუბუ (ბლექბერნი), 11 ედინ ჯეკო (მანჩესტერ სიტი), 9-9 დენიელ სტარიჯი, ფრენკ ლემპარდი (ჩელსი), ემანუელ ადებაიორი (ტოტენჰემი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული