ლეგენდების დაბრუნება

AutoSharing Option
22-ე ტურში რამდენიმე საინტერესო მატჩი გაიმართება. ჩვენ უპირველესად “არსენალი”-“მანჩესტერ იუნაიტედის” შეხვედრაზე გვინდა ყურადღების გამახვილება.

ამ გუნდებს შორის შეხვედრები ყოველთვის გამოირჩეოდა, მაგრამ ხვალინდელი მაინც გამორჩეულია და, ვფიქრობთ, ამის მიზეზი ყველამ იცის. ერთი თვის წინ ვერავინ წარმოიდგენდა იმას, რომ “ემირიტსზე” გამართულ შეხვედრაში ერთმანეთის პირისპირ პოლ სქოულზი და ტიერი ანრი წარდგებოდნენ. რისი თქმა შეიძლება წინასწარ?

პირველი წრის შეხვედრაში, 28 აგვისტოს, “მეთოფეებმა” ისტორიული სირცხვილი ჭამეს, მტრის "ბუნაგში" 2:8 წააგეს და ახლა, ეჭვი არ გვეპარება, რომ რევანშზე ფიქრობენ. რამდენად გამოუვათ ეს, საკითხავია. მართალია, ლონდონელთა ბანაკში
ტრავმირებული ფეხბურთელების ძირითადი ნაწილის დაბრუნებას მალევე ელოდებიან, თუმცა ლაზარეთში ჯერ კიდევ რჩება ლიდერთა მთელი წყება. პრესა ამაზე დიდი ხანი მარჩიელობდა, მაგრამ ნაკლებად მოსალოდნელია ძირითადში ტომას ვერმაელენის დაბრუნება.

არსენ ვენგერის თქმით, თუკი ბელგიელმა გამოჯანმრთელება მაინც მოასწრო, მისთვის ეს დიდი სიურპრიზი იქნება. დღეს შუადღეზე ჩასატარებელ ტესტზე იქნება დამოკიდებული, მისცემენ თუ არა ექიმები ტიერი ანრის მოედანზე გამოსვლის უფლებას. ფრანგ ვეტერანს წვივი აწუხებს. ბუნებრივია, ლონდონელებს ესმით, რომ თუკი ხვალ წააგებენ, “ჩელსი”, “ნორვიჩთან” გამარჯვების შემთხვევაში, მეტოქეს 7 ქულით დაშორდება, რისი აღმოფხვრაც შემდეგ მათ ძალიან გაუჭირდებათ. თავის მხრივ “წითელ ეშმაკებსაც” კბილები აქვთ ალესილი.

მოგების შემთხვევაში “სიტის” 6 ქულით გაქცევა შეუძლია, რაც რობერტო მანჩინის გუნდს დამატებით ფსიქოლოგიურ უპირატესობას მოუტანს. სეზონის ბოლომდე ტრავმირებული ნემანია ვიდიჩის გარდა, სერ ალექს ფერგიუსონს რიო ფერდინანდიც გამოაკლდება. იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ ბოლომდე ჯანმრთელები კრის სმოლინგი და ფილ ჯონსიც არ არიან, “ეშმაკები” შეიძლება გადაულახავი ბარიერის წინაშე აღმოჩნდნენ.

თუმცა კარგია, რომ ისინი უკვე ვარჯიშობენ. ჯანმრთელობის საქმეები ნელ-ნელა უკეთ მისდის ეშლი იანგს, თუმცა ნახევარდაცვის მარჯვენა ფლანგზე ძირითადში დღესაც ანტონიო ვალენსია იქნება. მოსალოდნელია, რომ ფერგი თავდასხმაში რუნის გვერდით სასტარტოში ხავიერ ერნანდესს დააყენებს.

მართალია, თამაშს თავად დააკლდება, მაგრამ მას მაინც მოუთმენლად ელოდება რიო ფერდინანდი, რისი მიზეზიც თავშივე მოგახსენეთ:

“უბრალოდ დაუჯერებელია, რომ ისევ შეგვიძლია ორი უდიდესი ფეხბურთელის დაპირისპირებას ვუყუროთ. თუკი ხუთი უდიდესი ფეხბურთელის დასახელებას მთხოვთ, ვისი თამაშიც ოდესმე მინახავს, ტიერი ანრი და პოლ სქოულზი მათში ნამდვილად იქნებიან”.

შუა კვირაში უკვე ვწერდით, რომ “სიტისა” და “ტოტენჰემის” ფეხბურთელებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მატჩამდე ერთი კვირით ადრე დაიწყო. თუკი “დეზების” ლიდერის გარეთ ბეილის კომენტარი ღირსეული იყო, ჯოლეონ ლესკოტის გამონათქვამები ცოტა პროვოკაციული გახლდათ. უელსელმა განაცხადა, დიდი მატჩის მოლოდინში ვცხოვრობ და მოგება რომ შეგვიძლია, ეჭვი არ მეპარებაო. “ქალაქელთა” ცენტრალურმა მცველმა კი თქვა, ჩემპიონობისთვის ბრძოლაში უპირველეს კონკურენტად “იუნაიტედს” მივიჩნევ, “ჩელსისა” და “არსენალსაც”, აი, “ტოტენჰემი” კი “სიტის” კონკურენტად ვერ წარმომიდგენიაო.

“სიტის” მარჯვენა ნახევარმცველის ადამ ჯონსონის თქმით კი, “ტოტენჰემი“ ძალიან ძლიერი გუნდია და გამორიცხავს პირველი წრის შედეგის განმეორებას. მოგეხსენებათ, “უაით ჰართ ლეინზე” სტუმრებმა 5:1 იმარჯვეს. ამ წყვილზე ლაპარაკი შემდეგი ინფორმაციით დავასრულოთ: ექიმებმა “ქალაქელთა” იტალიელი ბუნტისთავის მარიო ბალოტელის მინდორზე გამოსვლის შანსი 70/80%-ით შეაფასეს.

ბოლოს კი “ნორვიჩი”-“ჩელსის” შეხვედრაზეც ვთქვათ ორიოდე სიტყვა: მართალია, ჯონ ობი მიკელი და ბრანისლავ ივანოვიჩი ვარჯიშს დაუბრუნდნენ, მაგრამ ძირითად შემადგენლობაში მათი გამოჩენა ნაკლებად მოსალოდნელია. მოგეხსენებათ, გუნდს დაუბრუნდა მიკაელ ესიენიც, მაგრამ სასტარტოში ალბათ ვერც ის მოხვდება.
სადებიუტო შეხვედრას სკამზე შეხვდება “ლურჯების” ახალწვეული გარი კეჰილიც. ანდრე ვილაშ ბოაში “ნორვიჩის” თამაშით აღფრთოვანებულია. აი, რას ამბობს ის:

“ნორვიჩი” განაგრძობს ისეთი გუნდების გაკვირვებასაც კი, რომლებიც პრემიერლიგაში ბევრად უფრო გაშინაურებულები არიან. ეს იმას ნიშნავს, რომ პოლ ლამბერტმა უდიდესი სამუშაო შეასრულა. და სწორედ ამიტომ ადგას გუნდი აღმავლობის გზას”.

ინგლისი. პრემიერლიგა. XXII ტურის წინ
დღეს:
ნორვიჩი-ჩელსი 16:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმები: ლაეტი, რუდი, ვორდი, ვონი, ტირნი - მიკელი, ივანოვიჩი

ევერტონი-ბლექბერნი 19:00
დისკვალიფიკაცია: იაკუბუ (ბლექბერნი)
ტრავმები: დისტენი, როდუელი, ბარკლი, იაგიელკა, ოსმანი, კოულმენი, ჰიბერტი - ნელსენი, სამბა, დანი, სალგადო, გრელა

ფულჰემი-ნიუკასლი 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმები: დემბელე, გრიგერა, შვარცერი, ეტუჰუ - რეინჯერი, კაბაი, ამეობი, ლოვენკრანდსი, ტეილორი, მარვო

ქუინზ პარკი-უიგანი 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმები: დაიერი, ჰალსი - ფორლინი, მელონი, კერკლანდი

სტოკ სიტი-ვესტ ბრომვიჩი 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმები: შოტონი, სიდიბე - ბრანტი, ჯოუნსი, ოლსონი, გერა, რიდი

სანდერლენდი-სუონსი 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმები: კოლბეკი, ბრაუნი, გორდონი, კემპბელი, ბრამბლი, ანხელერი - ტეიტი, ბოდე

ვულვერჰემპტონი-ასტონ ვილა 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმები: კრედოკი, ზუბარი, ო’ჰარა - ჰერდი, ჰესკი, ლიჩაი, კუელიარი

ბოლტონი-ლივერპული 21:30
დისკვალიფიკაცია: - სუარესი (ლივერპული)
ტრავმები: დევისი, ჰოლდენი, ლი, იასკელაინენი, Aლონსო, მირსი - ლუკას ლეივა, სპირინგი, აგერი

ხვალ:
მანჩესტერ სიტი-ტოტენჰემი 17:30
დისკვალიფიკაცია: კომპანი (მანჩესტერ სიტი)
ტრავმები: ბალოტელი, რიჩარდსი - ჩორლუკა, სანდრო, ჰადლსტოუნი, კინგი, გალასი

არსენალი-მანჩესტერ იუნაიტედი 20:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმები: უილშირი, სანია, გიბსი, ჯენკინსონი, ფაბიანსკი, სანტოსი, ვერმაელენი, კოკელენი, არტეტა, დიაბი - ფლეტჩერი, ოუენი, კლევერლი, ჯონსი, ვიდიჩი, იანგი, ანდერსონი, უელბეკი, სმოლინგი

თ მ ფ წ ბ ქ
1. სიტი 21 16 3 2 57-16 51
2. იუნაიტედი 21 15 3 3 52-20 48
3. ტოტენჰემი 21 14 4 3 39-21 46
4. ჩელსი 21 12 4 5 40-25 40
5. არსენალი 21 11 3 7 38-31 36
6. ნიუკასლი 21 10 6 5 30-25 36
7. ლივერპული 21 9 8 4 24-18 35
8. სტოკ სიტი 21 8 6 7 22-31 30
9. ნორვიჩი 21 7 7 7 32-36 28
10. სუონსი 21 6 8 7 23-25 26
11. ევერტონი 21 7 4 10 21-25 25
12. სანდერლენდი 21 6 6 9 27-24 24
13. ასტონ ვილა 21 5 9 7 23-27 24
14. ფულჰემი 21 5 8 8 23-29 23
15. ვესტ ბრომვიჩი 21 6 4 11 20-30 22
16. ვულვზი 21 4 6 11 23-37 18
17. ბლექბერნი 21 4 5 12 32-44 17
18. ქუინზ პარკი 21 4 5 12 19-36 17
19. ბოლტონი 21 5 1 15 25:46 16
20. უიგანი 21 3 6 12 18-42 15

ბომბარდირები
18 - რობინ ვან პერსი (არსენალი), 15 - დემბა ბა (ნიუკასლი), 14 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი), 13 - უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი), 12 - იაკუბუ (ბლექბერნი), 11 - ედინ ჯეკო (მანჩესტერ სიტი), 9-9 - დენიელ სტარიჯი, ფრენკ ლემპარდი (ჩელსი), ემანუელ ადებაიორი (ტოტენჰემი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული