კაპელომ კრაუჩი დაკარგა

AutoSharing Option
პიტერ კრაუჩი ბულგარეთსა და შვეიცარიასთან ევრო 2012-ის შესარჩევ თამაშებს გამოტოვებს. სხვათა შორის, "ტოტენჰემის" თავდამსხმელის საქმე იმთავითვე გაურკვევლად იყო. მისი კლუბის მწვრთნელმა ჰარი რედნაპმა კრაუჩი შეკრებაზე კი გაუშვა, მაგრამ იქვე დასძინა - დიდი ეჭვი მაქვს, მაგან "უიგანთან" ბოლო ტურის შეხვედრაში ნეკნი დაიზიანაო...

ამ ნათქვამის გამო თადარიგი დაიჭირა ნაკრების თავკაცმა ფაბიო კაპელომაც. იტალიელმა შესარჩევი შეხვედრებისთვის მოსამზადებლად დამატებითი, ოცდამეოთხე ფეხბურთელიც გამოიძახა, ასე რომ, კრაუჩის შემცვლელის გამოძახება აღარ დასჭირვებია. გათავისუფლებულმა ფორვარდმა "სფურზის" ექიმებს მიაშურა.

მოგეხსენებათ, სანაკრებო მატჩებში ვერც ბობი ზამორა მონაწილეობს და ამდენად, კაპელოს
განკარგულებაში ეს თავდამსხმელები დარჩნენ - უეინ რუნი, კარლტონ კოული, დარენ ბენტი და ჯერმეინ დეფო. ამათგან, დეფო რა ხანია საზარდულს უჩივის და რამდენადაც ცნობილია, საოპერაციოცაა.

აქვე დავძენთ: ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ გადაწყვიტა, ტრავმების შესახებ აღარაფერი გამოაცხადოს. ფაქტია, რომ ტრავმებმა ამ ეტაპზე ინგლისელებს მართლა სერიოზულად დარია ხელი. ბოლო დღეებში შეკრებას მარტო კრაუჩი როდი გამოაკლდა - სამშაბათის ვარჯიშზე კაპელოს სულაც ერთი მეკარე ჰყავდა. ვერ ვარჯიშობდა ფილ ჯაგიელკაც, რომელზეც, რედნაპისა და კრაუჩის არ იყოს, მისი მწვრთნელი დევიდ მოიესი ამბობდა - "ასტონ ვილასთან" შაბათის თამაშის შემდეგ ისეთი დაშავებული ჩანდა, სავარაუდოდ შესარჩევებში მონაწილეობა ძალიან გაუჭირდებაო...
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული