ლუკას ლეივა ბედნიერია

AutoSharing Option
"ლივერპულის" ბრაზილიელმა საყრდენმა ნახევარმცველმა, ლუკას ლეივამ ნოემბერში მუხლზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ სამშობლოში 6 კვირა გაატარა და ლივერპულში ორიოდე დღის წინ დაბრუნდა, სადაც მას თანაგუნდელები გულთბილად დახვდნენ.

პირველი კომენტარი ფეხბურთელმა კლუბის ოფიციალურ ვებგვერდს მისცა. აი, რას აცხადებს ის: "ბედნიერი ვარ, რომ დავბრუნდი. ჩემი თანაგუნდელები ძალიან მომენატრა. მომენატრა ის ატმოსფეროც, რაც ამ კლუბში სუფევს. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, რომ სარეაბილიტაციო პროცედურები აქ გამეგრძელებინა. მართალია, ბოლომდე გამოჯანმრთელებისთვის ჯერ კიდევ დიდი დრო მჭირდება, მაგრამ მუხლი მაინც უკეთ მაქვს.

ყავარჯნების გარეშე ჯერ ვერ დავდივარ, ვარჯიშზე კი
ლაპარაკიც ზედმეტია. ფიზიოთერაპევტები მამშვიდებენ, რომ ეს დიდხანს აღარ გაგრძელდება.

2 თვეში ალბათ ინდივიდუალური პროგრამით დავიწყებ მზადებას. მაგალითად, აუზში სიარულის ნებას მომცემენ. იქამდე, ვიდრე თამაშს შევძლებ, ყველაზე დიდი გასართობი ჩემთვის გულშემატკივრებთან ტვიტერში მიმოწერაა".

"ლივერპულმა" 24 წლის ცენტრალური ნახევარმცველის ესტებან გრანეროს თაობაზე "რეალთან" მოლაპარაკებები წამოიწყო. კენი დალგლიშს ფეხბურთელთან სეზონის დასრულებამდე საიჯარო ხელშეკრულების გაფორმება სურს.

მართალია, მერსისაიდელებს ცენტრალური ნახევარმცველები აქამდეც არ აკლდა, მაგრამ ესტებანი უნივერსალია და ცენტრის გარდა თამაში ორივე ფლანგზე თანაბრად შეუძლია. ჟოზე მოურინიო გრანეროს პრაქტიკულად არ ათამაშებს - ლა ლიგის 19 ტურში ძირითად შემადგენლობაში ერთადერთხელ დააყენა და სამჯერაც შეცვლაზე ათამაშა, რის გამოც ფეხბურთელი ძალიან უკმაყოფილოა. მისი გადაბირება "არსენალსაც" სურს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული