ანდრეი არშავინის გაშვებაზე "მეთოფეთა" ლეგენდა ალაპარაკდა

AutoSharing Option
გუშინ ვწერდით, რომ "არსენალის" 30 წლის თავდამსხმელ ანდრეი არშავინს გულშემატკივრების გარდა უკვე საფეხბურთო ექსპერტებიც აკრიტიკებენ. გარი ნევილის შემდეგ პრესაში რუსს "მეთოფეთა" ლეგენდა რეი პარლორიც მისდგა და განაცხადა, "არსენალი" ბალასტს რაც მალე მოიშორებს, კლუბისთვის მით უკეთესი იქნებაო.

"ასე შორიდან მსჯელობა ცოტა ძნელია, მაგრამ მაინც მრჩება შთაბეჭდილება, რომ ანდრეის ლონდონში ცხოვრება და აქაურ კლუბში ბურთის გორება აღარ უნდა. მას მოტივაციის ნატამალიც აღარ ეტყობა. არ ვიცი რატომ ხდება ასე, იმიტომ ხომ არა, რომ მას სათამაშო პრაქტიკა აკლია. დაშორება ორივე მხარისთვის საუკეთესო გამოსავალი იქნება,"
- განაცხადა ფეხბურთელმა, ვისაც "არსენალში" 12 წელი (1992/2004) გაუტარებია.

მანიუს ნანი დააკლდა
"დეილი მეილის" ცნობით, "არსენალთან" 22-ე ტურის მატჩში ლორან კოშელნის უხეში თამაშის "წყალობით" მიღებული ტრავმის გამო, "მანჩესტერ იუნაიტედის" განაპირა ნახევარმცველი ლუიშ ნანი 28 იანვარს "ლივერპულთან" ასოციაციის თასის მე-4 ეტაპის შეხვედრას დააკლდება.

გაიტანი უარზეა
ის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" "ბენფიკას" 23 წლის არგენტინელი განაპირა ნახევარმცველის ნიკოლას გაიტანის სამსახურით იყო დაინტერესებული, დიდი ხანია ცნობილი იყო. ფეხბურთელის აგენტმა ხოსე ირიბარანამ პორტუგალიურ "ა ბოლას" განუცხადა, რომ მის კლიენტს არ სურს ინგლისურ გრანდში გადასვლა და ამას ისიც მოწმობს, რომ ნიკოლასმა "არწივებთან" ხელშეკრულება გასული წლის ნოემბრის ბოლოს 2016 წლის ივნისამდე გააგრძელა. "როცა გრანდები ნიკოლასის სამსახურით ინტერესდებიან, ამაში გასაკვირი არაფერია. მისი დონის ფეხბურთელის ყოლა ყველას უნდა, მაგრამ ეს ტრანსფერი შეუძლებელია და რატომ, ეს უკვე მოგახსენეთ," -თქვა მან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული