რატომ მუდამ მარიო ბალოტელი?!

AutoSharing Option
ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ "მანჩესტერ სიტის" იტალიელ თავდამსხმელ მარიო ბალოტელის სკოტ პარკერის წინააღმდედ უხეში თამაშისთვის ბრალდება წაუყენა.

21 წლის ფეხბურთელს დისკვალიფიკაცია ელის. შეგახსენებთ, რომ კვირას, 22 იანვარს მისმა გუნდმა "ტოტენჰემი" 3:2 დაამარცხა. ამ შეხვედრაში მარიომ ძირს დაცემულ მეტოქეს ფეხი თავში ორჯერ ჩაარტყა. პარკერი მხოლოდ შემთხვევით გადაურჩა სერიოზულ დაზიანებას.

მატჩის არბიტრმა ჰოვარდ ვებმა აშკარა შეცდომა დაუშვა, როცა ფეხბურთელს წითელი ბარათი არ უჩვენა. გუშინდელ ნომერში უკვე ვწერდით, რომ ჰარი რედნაპმა ასოციაციას მოქმედებისკენ მოუწოდა. ინგლისური ფეხბურთის მამებმა არ დაახანეს. ვების მატჩის შემდგომი ოქმის შესწავლის
შემდეგ საქმის გამოძიება დაიწყო.

ბრალდება ბალოტელის უკვე წაყენებული აქვს. ფეხბურთელს საკუთარი საქციელის ახსნა დღევანდელი დღის საღამომდე მოუწევს. თუკი ასოციაცია მის არგუმენტებს არადამაჯერებლად ჩათვლის, ფეხბურთელს 4 თამაშით აუკრძალავს მოედანზე გასვლას.

რაც იმას ნიშნავს, რომ თავდამსხმელი "ლივერპულთან" ლიგის თასის განმეორებით მატჩს გამოტოვებს. ის გუნდს დააკლდება ასევე პრემიერლიგის შეხვედრებში "ევერტონის", "ფულჰემისა" და "ასტონ ვილას" წინააღმდეგ. თუკი მარიო გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს, შესაძლოა მან "ენფილდ როუდზე" ასპარეზობის უფლება მოიპოვოს.

ბალოტელის აგენტი მინი რაიოლა ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის ბრალდებებით აღშფოთებულია და ამტკიცებს, რომ მისმა კლიენტმა პარკერს "ფეხი შემთხვევით მოარტყა". "თუკი მარიოს მიმართ მსგავსი დამოკიდებულება კიდევ დიდხანს გაგრძელდა, აუცილებლად ვურჩევ მას, რომ დატოვოს პრემიერლიგა და სათამაშოდ სხვა ქვეყანას მოაშუროს. ასოციაციამ მარიო აქეთ უნდა დაიცვას ის ასეთი საშინელი დისკრიმინაციისგან," - აცხადებს რაიოლა.

თითქოს რობერტო მანჩინის ვენსან კომპანისა და მარიო ბალოტელის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები არ ჰყოფნიდა, "ტელეგრაფის" მტკიცებით, ასოციაცია მალე ჯოლეონ ლესკოტის საქმესაც მოჰკიდებს ხელს, ვინც "ტოტენჰემთან" მატჩში სტუმართა მცველ იუნეს კაბულს იდაყვი ჩაარტყა.

ბოლოს "სიტის" შესახებ ცოტა მსუბუქ თემებზე გადავიდეთ. "ტოტენჰემთან" შეხვედრაში ხანგრძლივი პაუზის შემდეგ გამოიჩინა თავი "ქალაქელთა" ფრანგმა ნახევარმცველმა სამირ ნასრიმ. 24 წლის ფეხბურთელის თქმით, ეს გოლი მისთვის ფსიქოლოგიური თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი იყო, რადგან ბოლო პერიოდის განმავლობაში პრესაში მასზე მხოლოდ კრიტიკა იწერებოდა.

"დიახ, ეს გოლი ჰაერივით მჭირდებოდა. გავიტანე და დავამტკიცე, რომ შემიძლია მაღალ დონეზე თამაში. "მანჩესტერ სიტი" ჩემი გუნდია," - თქვა ნასრიმ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული