ლუიშ ნანი ორი თვე ვერ ითამაშებს

AutoSharing Option
22-ე ტურში "არსენალთან" "მანჩესტერ იუნაიტედის" 25 წლის პორტუგალიელმა განაპირა ნახევარმცველმა ლუიშ ნანიმ ლორან კოშელნისთან შეტაკებისას ტერფის მძიმე ტრავმა მიიღო და ექიმების თქმით, გუნდს ალბათ ორი თვის განმავლობაში ვერ დაეხმარება.

ფეხბურთელს კოჭი საკმაოდ სერიოზულად აქვს გასიებული. ამიტომ ზუსტი დიაგნოზის დასმა ჯერჯერობით ვერ ხერხდება. თავდაპირველად კლუბში მოტეხილობასაც კი ვარაუდობდნენ, მაგრამ ყველაზე პესიმისტური პროგნოზები არ გამართლდა. ასე რომ მიუხედავად მოგებისა (2:1 "ეშმაკების" სასარგებლოდ), მანჩესტერელებს 3 ქულა ძალიან ძვირი დაუჯდათ. ნანის გარდა მათ 10-12 დღით დაკარგეს ფილ ჯონსი. მიკროტრავმა მიიღო უეინ რუნიმაც.

პირველი შეხვედრა,
რომელსაც "იუნაიტედი" ნანის გარეშე ჩაატარებს, 28 იანვარს "ენფილდზე" შედგება. მანკუნიანელებს მერსისაიდში როგორც ყოველთვის მძიმე ბრძოლა ელით. ასოციაციამ მატჩის გაძღოლა 23 იანვარს 40 წლის მარტინ ატკინსონს ანდო, მაგრამ სერიოზულმა ვირუსულმა დაავადებამ ის საწოლს მიაჯაჭვა. ატკინსონის ნაცვლად შეხვედრას მასზე გამოცდილი მსაჯი, 50 წლის მარკ ჰალსი გაუძღვება.

"იუნაიტედმა" 21 წლის დენი უელბეკს ორიოდე კვირის წინ ახალი 4-წლიანი კონტრაქტი და კვირაში 45 ათასი გირვანქა შესთავაზა.

ფეხბურთელი კმაყოფილი დარჩა ხელშეკრულების ხანგრლივობით, მაგრამ ხელფასის 60 ათასამდე გაზრდა მოითხოვა. მანჩესტერში დაბადებული და გაზრდილი ყმაწვილი ლამის ყოველ მატჩში ამტკიცებს, რომ დიდი პოტენციალის მქონე ფეხბურთელია. მისი ამბიციებიც აქედან მოდის.

როგორც ჩანს, მიუხედავად თავდაპირველი უარყოფითი რეაქციისა, "ეშმაკები" თანახმანი არიან, ფეხბურთელის მოთხოვნები დააკმაყოფილონ.

უელბეკის მოქმედ პირველ პროფესიულ კონტრაქტს ვადა 2013 წლის ივნისში ეწურება. ამჟამად დენი კვირაში 15 ათას ფუნტს იღებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული