უეინ რუნი დარწმუნებულია, რომ აღნიშნულ პერიოდს ჩემპიონობისთვის საბრძოლველად გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება, მაგრამ იმასაც აცხადებს, რომ ის და მისი თანაგუნდელები ყველაფრისთვის მზად არიან. აი, რა უთხრა ფეხბურთელმა “მანიუს” ოფიციალურ ვებგვერდს:
“წინ მძიმე შეხვედრები გველის, მაგრამ ფეხბურთი სწორედ ასეთი თამაშების გამო არსებობს. ისღა დაგვრჩენია, ყოველი მეტოქის გამოწვევა მივიღოთ და
ფეხბურთელები სიამოვნებას იღებენ მიმდინარე სეზონით. მეჩვენება, რომ ახალი წლის შემდეგ ფორმის პიკში ვართ. ალბათ იმიტომ, რომ კონკრეტული ტიტულების მოგების პერსპექტივას ვხედავთ. კონცენტრაციის შესანარჩუნებლად ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
სავარჯიშო პროცესი მშვენივრად მიმდინარეობს, რაც, ვფიქრობ, აუცილებლად დაგვეხმარება. წინ სულის შემძვრელი 3-4 კვირა გველის. იმედი მაქვს, მიზანს მივაღწევთ”.
“ლივერპულთან” მატჩი განსაკუთრებული მოვლენა იქნება პატრის ევრასთვის. მიზეზი ყველასთვის ცნობილია. შემოდგომაზე მასა და მერსისაიდელ ლუის სუარესს კონფლიქტი მოუვიდათ. მას მერე “ენფილდი” ფრანგი ფეხბურთელის დასახვედრად განსაკუთრებულად ემზადება, რადგან სწორედ ეს არის მიზეზი, რომ ურუგვაელი დღემდე ვერ თამაშობს.
ბუნებრივია, ევრას ესმის, თუ რამხელა ზეწოლის გაძლება მოუწევს დღევანდელ შეხვედრაში. კარგად ესმოდა ეს ფერგიუსონსაც და კენჭისყრის შედეგების გამოცხადებისთანავე თქვა, ამ მიზეზით კაპიტანს “ენფილდის” მატჩისგან ვერ გავათავისუფლებო. მსგავსი პერსპექტივა შორს დაიჭირა თავად ფეხბურთელმაც.
“გუნდის კაპიტანი უნდა იყოს ის, ვინც რეგულარულად თამაშობს და არა ის, ვინც შემთხვევიდან შემთხვევამდე ჩნდება მინდორზე. პატრისი კარგი ადამიანია და დიდი ავტორიტეტით სარგებლობს. ეს კი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ევრა ძალიან მეგობრულია, აქვს იუმორის ნიჭი და ამასთან საკმაოდ მიზანმიმართულია. კაპიტნობა რიო ფერდინადსაც შეეძლო რეგულარულად რომ არ აწუხებდეს ჯანმრთელობის პრობლემები. ევრა არ არის ისეთი მოლაპარაკე, როგორიც რიო, მაგრამ გუნდზე მას არანაკლები გავლენა აქვს,” - აცხადებს სერ ალექსი.
დღევანდელი დაპირისპირებისთვის მონდომებით ემზადებიან ლივერპულლთა ბანაკშიც. ლიგის თასიდან “სიტის” გამოგდების შემდეგ დიდ გულზეა დირკ კუიტი, ვინც მეტოქეს ჰპირდება, რომ შემდეგი მსხვერპლი სწორედ “იუნაიტედი” იქნება და რომ მერსისაიდელები მზად არიან, “საბოლოოდ დამარხონ ფეხბურთი მანჩესტერში”.
“დამიჯერეთ, ბიჭები ბოლომდე მზად არიან მომავალი მატჩისთვის. დიდებული იქნება, “სიტის” მერე “იუნაიტედსაც” თუ გამოვაგდებთ. მანჩინის გუნდთან შეხვედრა გარკვეულწილად ძალების საზომად უნდა ავიღოთ და შემდგომი მატჩებიც ასეთივე მონდომებით ჩავატაროთ. თუკი ასე იქნება, დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი კარგად იქნება.
“სიტიმ” დაამტკიცა, რომ ძალიან ძლიერი გუნდია, მაგრამ ისინი გზიდან მაინც ჩამოვიშორეთ და ფინალში დამსახურებულად გავედით. ანგარიში ორჯერ გავათანაბრეთ და ჩვენი მხრივ ის დავამტკიცეთ, რომ ძლიერი ხასიათი გვაქვს,” - აცხადებს ჰოლანდიელი ფეხბურთელი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"