ბებე... ვრი გადაუხდიათ!

AutoSharing Option
გაირკვა, რომ პორტუგალიელი ბებეს ყიდვა "მანჩესტერ იუნაიტედს" გასულ იანვარს მხოლოდ და მხოლოდ 125 ათას გირვანქად შეეძლო... მერე რაო, იკითხავს მკითხველი, რომელმაც შეიძლება არ იცოდეს, რომ 20 წლის ყმაწვილში სერ ალექს ფერგიუსონმა სამი კვირის წინ 7,4 მილიონი გირვანქა გადაიხადა. ბევრისთვის ეს მართლაც შოკი იყო, რადგან ლეგენდარულ შოტლანდიელს თავდამსხმელის თამაში ტელევიზიითაც კი არ ჰქონდა ნანახი...

ის, რომ ბებეს პორტუგალიის მესამე დივიზიონზე უფრო მაღალი დონის ფეხბურთი არასდროს ეთამაშა, "ლელოს" მკითხველისთვის იმთავითვე ნათქვამი გვქონდა, თუმცა ის, რაც "დეილი მეილმა" აღმოაჩინა, სრული მოულოდნელობა გამოდგა: თურმე,
სულ ცოტა ხნის წინ, გაკოტრების საფრთხის წინაშე მდგარი პორტუგალიური კლუბი "ეშტრელა და ამადორა" ახალგაზრდა ფორვარდში 150 ათასი ევროს გადამხდელ კლუბს ეძებდა. "ეშტრელა და ამადორა" სწორედ ის კლუბია, სადაც ბებე "მანჩესტერამდე" თამაშობდა.

აი, რა უთხრა "ეშტრელას" მწვრთნელმა ჟორჟე პაშაიუმ ინგლისელ ჟურნალისტებს: "გასულ სეზონში ცენტიც კი არ გვქონდა და გამოსავლის ძებნაში ყველა ღონეს ვხმარობდით, რამენაირად ბებე რომელიმე კლუბისთვის მიგვეყიდა. ძალიან გვჭირდებოდა ფული. როგორც ინგლისში, ასევე ევროპის სხვა ქვეყნებში, ხალხს ვეხვეწებოდით, ეს ნიჭიერი ახალგაზრდა 150 ათას ევროდ წაეყვანათ, მაგრამ... ზედაც არავინ შემოგვხედა. ყველა ერთსა და იმავეს იმეორებდა - ბიჭს უმაღლეს დონეზე ნათამაშები არ აქვს და ვერ ვენდობითო. მერე კი, უცბად, ისეთი რამ მოხდა, რამაც ძალიან გამაოცა - ბებე "იუნაიტედმა" იყიდა. ამას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი. მეგონა, მას პორტუგალიის შედარებით დიდი ან ევროპის რომელიმე საშუალო კლუბი თუ იყიდდა, ხელთ კი... თავად "მანჩესტერ იუნაიტედი" შეგვრჩა".

ბებე ლისაბონის შემოგარენში, უსახლკაროთა თავშესაფარში ცხოვრობდა, როცა "ეშტრელა" დატოვა და პორტუგალიის უმაღლესი ლიგის კლუბ "გიმარაეშს" შეუერთდა. ეს ამბავიც სულ ახლახან, ამ ზაფხულს მოხდა. ცნობისთვის - "ეშტრელამ" თავდამსხმელს გასული წლის განმავლობაში დაახლოებით 14,4 ათასი ევრო გადაუხადა - თანხა, რომელსაც ახლა "იუნაიტედში" ერთ კვირაში უხდიან. მისმა ყოფილმა აგენტმა გონსალო რეიშმა დაადასტურა, რომ პორტუგალიელი ყმაწვილი ნახევარი წლის წინ "გროშები" ღირდა:

"გასულ სეზონში ბებეს შეძენა ძალიან იაფად შეიძლებოდა. "ეშტრელა" ბოლოს ხელფასს ვეღარც კი უხდიდა და ამიტომ ამ კლუბთან კონტრაქტი გავწყვიტეთ და იმ მომენტში საერთოდ თავისუფალი იყო. სხვათა შორის, "იუნაიტედის" სკაუტმა გასულ სეზონშიც დამირეკა, მაგრამ მე როგორც მივხვდი, მან ბებეს ნამდვილი შესაძლებლობები მხოლოდ ზაფხულში აღმოაჩინა, როცა ბიჭი უკვე "გიმარაეშში" ჩაირიცხა და სეზონისწინა ამხანაგურ შეხვედრებში გამოდიოდა. მერწმუნეთ, მანჩესტერის ხალხს ცოტა მეტი დაკვირვება რომ გამოეჩინა, ფეხბურთელის ყიდვას მეტისმეტად იაფად შეძლებდნენ".

ამ დღეებში ბებე პორტუგალიაშია, 21-წლამდელთა ნაკრებში გამოიძახეს. დღეს ინგლისელ თანატოლთა წინააღმდეგ მისი დებიუტიც შეიძლება შედგეს. ისევ "ეშტრელას" მწვრთნელი პაშაიუ: "როგორც არ უნდა იყოს, იაფი გადაიხადა თუ ძვირი, ფაქტი ერთია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედმა" განსაკუთრებული შესაძლებლობების ფეხბურთელი შეიძინა".

ხოლო, "იუნაიტედში", ამასობაში, საგანგაშო ნიშნებია: წლებია, რაც კლუბს სეზონური აბონემენტები გაუყიდავი არ დარჩენია, ახლა კი 54 ათასი აბონემენტიდან... 2 200 "დაბრუნდა". მიუხედავად ამისა, "მანკუნიანელთა" აღმასრულებელი შეფი დევიდ გილი აცხადებს, 54 ათასიდან 2 200-ის "დაბრუნება" მაინც მოგებას ნიშნავს და თვალს მხოლოდ ის ხვდება, რომ უწინდელივით ყველა აღარ გაიყიდაო...
და კიდევ - მუხლის მუდმივი ტკივილის მიუხედავად ოუენ ჰარგრივზი ფერგიუსონმა 25-კაციან განაცხადში შეიყვანა, რასაც ბევრი არ ელოდა...
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული