არა მხოლოდ ფეხბურთი

AutoSharing Option
პრემიერლიგის XXIII ტური სამ დღეზეა გაწელილი და რაც ყველაზე საინტერესოა, საინტერესო თამაშები პრაქტიკულად თანაბრად არის გადანაწილებული.

დღეს "ლივერპული" და "ჩელსი" თამაშობენ, ხვალ ჩაატარებენ თავიანთ შეხვედრებს მანჩესტერული გრანდები, აი, ზეგისთვის კი "არსენალი" იასპარეზებს. მოკლედ, ფეხბურთის გულშემატკივარი მოსაწყენად ვერ მოიცლის.

"ლივერპულს" მართლა ეკუთვნის ცალკე ტირადა. მერსისაიდელებმა ხომ პრაქტიკულად შეუსრულებელ მისიას გაართვეს თავი და თასის გათამაშებებიდან ჯერ "მანჩესტერ სიტი" გამოთიშეს (ლიგა), შემდეგ მას "მანჩესტერ იუნაიტედიც" მიაყოლეს (ასოციაცია). გრანდებთან ტოლსწორად ჭიდილი, ბუნებრივია, შეიძლება ძალის საზომად ჩაითვალოს, მაგრამ კენი დალგლიშის გუნდს წელს სულ სხვა ჭირი
სჭირს. საშუალო და მცირე კალიბრის გუნდებთან სკაუზერებს კონცენტრაცია არ ჰყოფნით და ამიტომაც არის, პრემიერლიგის ცხრილის პირველ საფეხურს გუნდი 19 ქულით რომ არის დაშორებული.

ჩემპიონობაზე ლაპარაკი უკვე სასაცილო გახდა. მაქსიმუმი, რასაც მერსისაიდელები შეიძლება შესწვდნენ, ჩემპიონთა ლიგის საგზურია. მეოთხე ადგილოსანი "ჩელსი" მას ხომ სულ 6 ქულით უსწრებს. თავისთავად არც ეს ამოცანაა იოლი, მაგრამ ბრძოლას ჯერ კიდევ აქვს აზრი, მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტებმა ურჩიეს, შეგიძლია, ლიგაზე ფიქრსაც დაემშვიდობოო. წინა ტურში "ბოლტონთან" 3:1, იქამდე შინ "სტოკ სიტისთან" 0:0-ით გაფუჭებული საქმე სასწრაფოდ გამოსასწორებელია.

"ლივერპულის" შემტევებისთვის ეს პრაქტიკულად უკანასკნელი შანსია, რომ მთავარ მწვრთნელს თავიანთი საჭიროება დაუმტკიცონ.

"ვულვერჰემპტონთან" შეხვედრა უკანასკნელია ლუის სუარესისთვის ტრიბუნებზე - ურუგვაელს დისკვალიფიკაცია უმთავრდება. ბუნებრივია, ეს დირკ კუიტი იქნება თუ ენდი კეროლი, გაორმაგებული ენერგიით უნდა შეუდგეს საქმის კეთებას, რადგან სუარესი კუთვნილ ადგილს ძირითადში ულაპარაკოდ დაიბრუნებს. ვინ იქნება მეორე და ვის მოუწევს სკამზე ჯდომა, ეს ამ ფეხბურთელებმა თავად უნდა გაარკვიონ.

რაც შეეხება მერსისაიდელთა მეტოქეს - "მგლები" წელს ყველაზე ნაკლებად ჰგვანან მგლებს. 22 მატჩიდან მიკ მაკარტის გუნდს მხოლოდ 4 მატჩი აქვს მოგებული. გუნდს ბურთების ბალანსიც საშინელი აქვს -15. ამაზე უარესი შედეგი მხოლოდ "ბოლტონსა" და "უიგანს" აქვთ. მათ ფსიქოლოგიურ მდგომარეობას ისიც მძიმე ტვირთად აწვება, რომ პრემიერლიგაში აგერ უკვე 8 მატჩია არ მოუგიათ. უკანასკნელად 3 ქულა მაკარტის გუნდმა 4 დეკემბერს "სანდერლენთან" შეხვედრაში აიღო.

"ლივერპულის" გარდა დღეს "ტოტენჰემი" და "ჩელსიც" თამაშობენ. თასზე "ქუინზ პარკის" ძლევის შემდეგ "ჩელსის" ბანაკში სიმშვიდეა. "ლურჯებმა" "ლოფტუს როუდზე" მძიმე დღე გადაიტანეს. მიზეზი უფრო მეტად არასაფეხბურთოა. მოგეხსენებათ, შემოდგომაზე ანტონ ფერდინანდსა და ჯონ ტერის შორის უსიამოვნება მოხდა. პირველმა "არისტოკრატთა" კაპიტანს რასიზმში დასდო ბრალი. ამის გამო ჯერ კიდევ მატჩის დაწყებამდე იყო დიდი ამბავი. ფედერაციამ მხარეებს შერიგებისკენ მოუწოდა, თუმცა ფერდინანდმა მეტოქისთვის ხელის ჩამორთმევა სასტიკად იუარა.

გულშემატკივრებმა "ლურჯებს" სტადიონის მისადგომებთანვე მოუწყვეს ობსტრუქცია. "დეილი მეილის" ჟურნალისტი მარტა კელნერი წერდა, თავად გავიგონე, როგორ ეუბნებოდა მამა შვილს, დღეს მნიშვნელობა არ აქვს მოვიგებთ თუ არა, უმთავრესია, ტერის ნერვები მოვუშალოთო. და ისინი ამას 90 წუთის განმავლობაში ცდილობდნენ. ქუინზპარკელი ფანები ღრიალებდნენ, "ჯონ, ისევე ცუდად თამაშობ, როგორც დედაშენი ითამაშებდაო".

"ჩელსის" მრავლისმნახველი კაპიტანი "სუონსისთან" მატჩს როგორმე გადააგორებს, აი შემდეგი შეხვედრა კი მას ისევ ფერდინანდთან ელის, ოღონდ რიო ფერდინანდთან.

"მანიუს" ფეხბურთელი ძმასა და ნაკრებში მის თანაგუნდელს შორის არსებულ ცუდ ურთიერთობაზე კომენტარს არ აკეთებს, მაგრამ საფეხბურთო ასოციაციამ თავი წინასწარ დაიზღვია და 5 თებერვალს "სტემფორდ ბრიჯზე" დანიშნული შეხვედრის წინ ფერდინანდი დაავალდებულა (!) მატჩის დაწყებამდე ტერის ხელი ჩამოართვას, წინააღმდეგ შემთხვევაში მას დისკვალიფიკაცია ელის.

ინგლისი. პრემიერლიგა. XXIII ტური
დღეს:
სუონსი-ჩელსი 23:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმები: ტეიტი, ბოდე - მიკელი, ლემპარდი, რამირესი

ტოტენჰემი-უიგანი 23:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმები: სანდრო, ჩორლუკა, ბეილი, გალასი, ჰადლსტოუნი - მელონი, კერკლანდი, ჯონსი, ალკარასი

ვულვერჰემპტონი-ლივერპული 23:45
დისკვალიფიკაცია: სუარესი (ლივერპული)
ტრავმები: კრედოკი, ზუბარი, ო’ჰარა, ჰენრი - ლეივა, სპირინგი

ხვალ:
მანჩესტერ იუნაიტედი-სტოკ სიტი 00:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმები: ნანი, ჯონსი, ვიდიჩი, რუნი, ანდერსონი, ოუენი, კლევერლი, იანგი, ფლეტჩერი - სიდიბე

ევერტონი-მანჩესტერ სიტი 00:00
დისკვალიფიკაცია: ბალოტელი (სიტი)
ტრავმები: დისტენი, როდუელი, ბარკლი, იაგიელკა, ოსმანი, კოულმენი, ჰიბერტი -

ასტონ ვილა-ქუინზ პარკი 23:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმები: ჰერდი, კოლინზი, ნზოგბია, ოლბრაიტონი - დაიერი, კემპბელი, ჰელგუსონი, კონოლი, ბოთროიდი, გებიდონი

ზეგ:
ბოლტონი-არსენალი 00:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმები: დევისი, ჰოლდენი, ლი, ალონსო, გარდნერი - ჯენკინსონი, გიბსი, უილშირი, დიაბი, სანტოსი

სანდერლენდი-ნორვიჩი 00:00
დისკვალიფიკაცია:
ტრავმები: ბრაუნი, გორდონი, კემპბელი, ბრამბლი, ანხელერი, კილგალონი, ბენდტნერი - რუდი, ვორდი, ვონი

ბლექბერნი-ნიუკასლი 00:00
დისკვალიფიკაცია: იაკუბუ (ბლექბერნი)
ტრავმები: ნელსენი, სალგადო, გრელა - რეინჯერი, ამეობი, ტეილორი, მარვო, კოლოჩინი

ფულჰემი-ვესტ ბრომვიჩი 00:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმები: სა, დემბელე, გრიგერა, შვარცერი, ეტუჰუ - შარნერი, ბრანტი, ჯოუნსი, გერა, რიდი

სატურნირო ცხრილი
თ მ ფ წ ბ ქ
1. სიტი 22 17 3 2 60-18 54
2. იუნაიტედი 22 16 3 3 54-21 51
3. ტოტენჰემი 22 14 4 4 41-24 46
4. ჩელსი 22 12 5 5 40-25 41
5. არსენალი 22 11 3 8 39-33 36
6. ნიუკასლი 22 10 6 6 32-30 36
7. ლივერპული 22 9 8 5 25-21 35
8. სტოკ სიტი 22 8 6 8 23-33 30
9. ნორვიჩი 22 7 8 7 32-36 29
10. სანდერლენდი 22 7 6 9 29-24 27
11. ასტონ ვილა 22 6 9 7 26-29 27
12. ფულჰემი 22 6 8 8 28-31 26
13. სუონსი 22 6 8 8 23-27 26
14. ევერტონი 22 7 5 10 22-26 26
15. ვესტ ბრომვიჩი 22 7 4 11 22-31 25
16. ქუინზ პარკი 22 5 5 12 22-37 20
17. ბოლტონი 22 6 1 15 28-47 19
18. ბლექბერნი 22 4 6 12 33-45 18
19. ვულვერჰემპ. 22 4 6 12 25-40 18
20. უიგანი 22 3 6 13 19-45 15

ბომბარდირები
19 - რობინ ვან პერსი (არსენალი), 15 - დემბა ბა (ნიუკასლი), 14 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი), 13 - უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი), 12 - იაკუბუ (ბლექბერნი), 11 - ედინ ჯეკო (მანჩესტერ სიტი), 9-9 - დენიელ სტარიჯი, ფრენკ ლემპარდი (ორივე ჩელსი), ს. ფლეტჩერი (ვულვერჰემპტონი), ემანუელ ადებაიორი (ტოტენჰემი), მარიო ბალოტელი (მანჩესტერ სიტი), კლინტ დემპსი (ფულჰემი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული