"ტოტენჰემი" - ბოლო დღის ეფექტი

AutoSharing Option
"ტოტენჰემმა" ტრანსფერების დახურვამდე რამდენიმე საათით ადრე იმდენი საქმე მოასწრო, რამდენსაც ზოგი გუნდი მთელი თვე ანდომებს.

ლონდონურმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ "ლოკომოტივთან" შეთანხმებას მიაღწია და 8,3 მილიონ ფუნტად მოსკოვურ კლუბს რომან პავლუჩენკო დაუთმო.

2008 წლის აგვისტოში "დეზებმა" მოსკოვის "სპარტაკს" ფეხბურთელში 14 მილიონი გადაუხადეს. პრემიერლიგურ კარიერაში თავდამსხმელმა 113 შეხვედრაში 42 გოლის გატანა მოასწრო.

პავლუჩენკოს საკმაოდ რთული ურთიერთობა ჰქონდა გუნდის თავკაც ჰარი რედნაპთან. მწვრთნელი დღე ერთი იყო და ხანდახან რამდენჯერმე ჩიოდა შეგირდის სიზარმაცეზე, თავის მხრივ ფეხბურთელს ის ჰქონდა სალაპარაკო, რომ მწვრთნელისგან მუდმივად უნდობლობას
გრძნობდა.

მხარეთა შორის ურთიერთობის დასრულებით ალბათ ორივე მხარე კმაყოფილი დარჩება. ცნობისთვის გეტყვით, რომ "ლოკომოტივი" ფეხბურთელს იმაზე მეტ ხელფასს ჰპირდება, ვიდრე ის "ტოტენჰემში" იღებდა.

ჰარი რედნაპმა პავლუჩენკოს გარდა გუნდიდან კიდევ სამი ფეხბურთელი გაუშვა. "ევერტონმა" გუშინწინ საღამოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე დაადასტურა, რომ ლონდონელებისგან იჯარით დაიბრუნა სამხრეთაფრიკელი შუახაზელი სტივენ პიენაარი.

ფეხბურთელს კონტრაქტი 3,5 წლის შემდეგ უმთავრდება, მაგრამ რაკი "უაით ჰართ ლეინზე" თავი ვერაფრით გამოიჩინა, "დეზებს" წინააღმდეგობა აღარ გაუწევიათ და ყოფილ კლუბში დაბრუნების ნება მისცეს. მერსისაიდელებს სეზონის ბოლოს ფეხბურთელის გამოსყიდვა 2 მილიონ ფუნტად შეეძლებათ. "ტოტენჰემმა" სეზონის დაწყებამდე მასში 2,5 გადაიხადა.

გუნდი დატოვა ცენტრალურმა მცველმა სებატიენ ბასონგმა. კამერუნელი "ვულვერჰემპტონში" სეზონის ბოლომდე დარჩება. ივნისში კი უკვე სხვა თავშესაფრის მოძებნა მოუწევს. თუკი "მგლებმა" პრემიერლიგაში ადგილი შეინარჩუნეს ის შეიძლება იქვე დარჩეს.

ლევერკუზენის "ბაიერმა" "უაით ჰართ ლეინიდან" 25 წლის ხორვატი მარჯვენა მცველი ვედრან ჩორლუკა არენდით გადაიბირა სეზონის ბოლოს გამოსყიდვის პერსპექტივით.

გერმანელებს ფეხბურთელთან სრულფასოვანი ხელშეკრულების გაფორმება 8-დან 10 მილიონ ევრომდე დაუჯდებათ. "ფარმაცევტთა" სპორტული დირექტორის რუდი ფიოლერის თქმით, ის ძალზე კმაყოფილია მიღწეული შეთანხმებით.

დაბოლოს, გარდა გასხვისებული ფეხბურთელებისა, "დეზებმა" შემადგენლობა ერთი მოთამაშითაც გააძლიერეს. ლაპარაკია ექსევერტონელ ლუის სააზე. რედნაპს პავლუჩენკოს გაყიდვის შემდეგ ჯერმეინ დეფოსა და ემანუელ ადებაიორის გარდა თავდამსხმელი პრაქტიკულად არ რჩებოდა.

პრაქტიკულად იმიტომ, რომ მართალია ჯოვანო დოს სანტოსი გუნდში ირიცხება, მაგრამ რედნაპი მას საერთოდ არ ენდობა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული