"გუდისონ პარკის" მკვიდრთ წამყვანი ფეხბურთელების მთელი წყება აკლდათ - ფილ იაგიელკა, სილვენ დისტენი, შეიმუს კოულმენი, ჯეკ როდუელი და ლეონ ოსმანი.
თავის მხრივ მანჩესტერელებს დისკვალიფიცირებული მარიო ბალოტელი და აფრიკის თასზე მოასპარეზე ძმები ტურეები აკლდნენ. სამაგიეროდ ძირითადში დაბრუნდა ვენსან კომპანი.
საინტერესო იყო მწვრთნელების დუელიც. დევიდ მოიესისთვის ეს 150-ე გამარჯვება აღმოჩნდა პრემიერლიგაში (ამაზე მეტი მოქმედ მწვრთნელებს შორის მხოლოდ ალექს ფერგიუსონს,
მატჩი "სიტის" უპირატესობით დაიწყო. მანჩინის ბიჭები ცდილობდნენ შეტევის ყველა მიმართულება გამოეყენებინათ. ბურთს ისინი მოკლე და გრძელი პასებით ერთნაირად წარმატებით ათამაშებდნენ. თუმცა მეტოქის ასეთ ტაქტიკას "ევერტონი" მომზადებული დაუხვდა. ერთადერთი, რაზეც მას ფიქრი უხდებოდა, თავდაცვა იყო.
ყველაფრის მიუხედავად, პირველი სახიფათო მომენტი მაინც "სიტის" კართან შეიქმნა. კუთხურის გათამაშებას დენის სტრაკუალურსის თავური მოჰყვა, მაგრამ ჯო ჰარტი ვენსან კომპანიმ დააზღვია. პირველად ტიმ ჰოვარდის კართან ხიფათი ტაიმის შუაში სერხიო აგუერომ შექმნა, თუმცა მისი დარტყმა არაზუსტი გამოდგა. 33-ე წუთზე ანგარიშის გახსნა ისევ სტრაკუალურსის შეეძლო, მაგრამ არგენტინელმა ცარიელ კარს ააცილა.
"სიტის" ფეხბურთელებმა როგორც იქნა ხელი გამოიღეს. სამირ ნასრის დარტყმა ხარიხას მოხვდა, დამატებაზე კი დავიდ სილვას ჰოვარდმა სასწაულ ნახტომში აუღო. პირველ ტაიმში ერთი საინტერესო მომენტიც მოხდა, როცა მავანმა გულშემატკივარმა მინდორზე ისკუპა და ხელბორკილებით თავი ჯო ჰარტის კარზე მიიბა.
მეორე ნახევარი ისევ "ქალაქელთა" შეტევებით განახლდა, მაგრამ გაელ კლიშისა და დავიდ სილვას აქტიურობას შედეგი არა და არ მოჰქონდა. მცირე ინციდენტს ჰქონდა ადგილი ჯოლეონ ლესკოტსა და ფილ ნევილს შორის, რისთვისაც ექსევერტონელმა ყვითელი ბარათი მიიღო. "ევერტონმა" ყოფილი ფეხბურთელის უხეშ თამაშს ლენდონ დონოვანის გარღვევითა და დარენ გიბსონის გოლით უპასუხა.
გიბსონი სულ რამდენიმე დღეა, რაც "ლურჯების" შემადგენლობაში გამოდის. ვეჭვობთ ირლანდიელს ამაზე მნიშვნელოვანი გოლი ჰქონდეს კარიერაში გატანილი. მით უფრო, რომ ბომბადირული ნიჭით დაჯილდოებული ის არც არასოდეს ყოფილა. დარონს მალე დუბლის შესრულებაც შეეძლო, მაგრამ მისმა მეორე შორეულმა დარტყმამ შტანგას სანტიმეტრებში ჩაუარა.
"სიტიმ" გოლის მერე ტემპს კი უმატა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. მატჩის შემდგომ რობერტო მანჩინი პირველ რიგში თავის თავს ადანაშაულებდა:
"ცუდად ვითამაშეთ. ყველაფერი ეს ჩემი შეცდომის ბრალია, რადგან გუნდი მატჩისთვის მზად არ აღმოჩნდა. შეიძლება "ევერტონს" სათანადო ყურადღება არ დავუთმე და არ დავაფასე. ფეხბურთელები ბოლომდე დაიხარჯნენ, მაგრამ მატჩი მაინც წარუმატებელი გამოდგა. შემდეგი შეხვედრა "ფულჰემთან" გველის. უბრალოდ ვალდებულები ვართ, რომ მოვიგოთ, თუნდაც იმიტომ, რომ პრემიერლიგაში სულ 15 მატჩი დაგვრჩა სათამაშო. დეკემბერი და იანვარი ჩემი გუნდისთვის მიზეზთა გამო რთული თვეები აღმოჩნდა".
თანაქალაქელს "იუნაიტედი" კვალში უდგას და თუკი ცხრილში ისევ მეორე ადგილზეა, ესეც ბურთების უარესი ბალანსის გამო. საინტერესო რამ მოხდა "ოლდ ტრეფორდზე". "ეშმაკებმა" ზედიზედ 42-ე საშინაო შეხვედრაში შეძლეს გოლის გატანა, რაც 1955/57 წლებში ნაჩვენები შედეგის განმეორებაა.
შემდეგი შეხვედრა ფერგიუსონის გუნდს შინ 11 თებერვალს "ლივერპულთან" აქვს. ასე რომ, პრინციპულ მეტოქესთან მანკუნიანელებს რეკორდის დამყარების შანსი აქვთ. თუმცა იქამდე გუნდს ურთულესი მატჩი აქვს გადასატანი "სტემფორდ ბრიჯზე" "ჩელსის" წინააღმდეგ. "ეშმაკებს" 100%-ით დახარჯვა მოუწევთ, თუკი სურთ, რომ "სიტის" ხელახლა არ ჩამორჩნენ.
"სტოკ სიტისთან" მატჩი საკმაოდ უცნაური აღმოჩნდა. გუნდს წამყვანი მეკარეები აკლდნენ - ანდერს ლინდეგორი და დავიდ დე ხეა ტრიბუნებზე ისხდნენ. სასტარტოში კი ინგლისის 21-წლამდელთა ნაკრების გოლკიპერი ბენ ამოსი მოხვდა, ვისთვისაც ეს სადებიუტო მატჩი აღმოჩნდა პრემიერლიგაში. გარდა ამისა, ორივე გოლი პენალტით გავიდა და რატომღაც ის სხვადასხვა ფეხბურთელმა დაარტყა. დანიშნულის გარდა მაიკ ჯონსს კიდევ 2-3-ჯერ შეეძლო თერთმეტმეტრიანისკენ ხელის გაშვერა. ჯონსი სწორედ ის არბიტრია, ვინც ასევე ორი პენალტი დადო "არსენალისა" და "ასტონ ვილას" სათასო შეხვედრაში.
მასპინძელმა უპირატესობა თავიდანვე ხელთ იგდო, თუმცა კარში დარტყმამდე საქმე პრაქტიკულად არ მიდიოდა. ამაში გასაკვირი არაფერი იყო. მასპინძლებს ხომ ბოლო ხანს იდეალურად შეთამაშებული დუეტი რუნი-უელბეკი აკლდა. სტუმარს კი, მიუხედავად იმისა, რომ მოედანზე სამი ნომინალური ფორვარდი ჰყავდა (უოლტერსი, კრაუჩი, ჯონსი) და აქტიურადაც ცდილობდა "მანიუს" ცენტრალური ნახევარმცველების სუსტი თამაშის გამოყენებას, შეხვედრის გამწვავება მაინც უჭირდა. პირველი მომენტი ამოსის კართან შეიქმნა, როცა სქოულზის მიერ დაკარგულ ბურთს სწრაფი კონტრშეტევა მოჰყვა.
დამაგვირგვინებელ ფაზაში კენუაინ ჯონსმა შესცოდა, მისი დარტყმა ცოტათი არაზუსტი აღმოჩნდა. 36-ე წუთზე სქოულზმა თავისი სიტყვა მაინც თქვა, როცა დიდებული პასით ჟი სუნ პარკი მეკარესთან პირისპირ დატოვა. პენანტმა სცადა მეკარეს დახმარებოდა, მაგრამ ერთადერთი რაც მოახერხა წესის დარღვევა იყო. სასჯელის აღსრულება თავის თავზე ხავიერ ერნანდესმა აიღო და გაიტანა. მექსიკელმა მე-4 თამაშში "სტოკს" მე-4 გოლი გაუტანა. საბოლოო ანგარიში 52-ე წუთზე ანტონიო ვალენსია წაქცევისთვის დანიშნული პენალტით დიმიტარ ბერბატოვმა დააფიქსირა.
უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ კიდევ ერთი გუნდის საჩემპიონო ამბიციებს შეუდგა წყალი. წლევანდელი "ჩელსი" არ ჰგავს იმ გუნდს, ვისაც პრემიერლიგის ოქროს მედლებისთვის შეუძლია ბრძოლა. საქმე მხოლოდ ის არის, რომ "არისტოკრატებმა" "სუონსისთან" ფრედ ითამაშეს და ეს ქულა დედაქალაქელებმა სასწაულის წყალობით მოიპოვეს. მთავარი აქ ის უხარისხო სანახაობაა, რომელსაც ლონდონური გრანდი გვთავაზობს.
XXIII ტურის პირველ დღეს კიდევ ორმა გრანდმა ითამაშა. "ტოტენჰემმა", როგორც მოსალოდნელი იყო, აუტსაიდერ "უიგანს" შანსი არ დაუტოვა, გადაწყვიტა რა მატჩის ბედი ჯერ კიდევ პირველ ნახევარში. აი, "ლივერპულმა" კი ცოტა გაგვაოცა. გუნდმა, რომელსაც მიმდინარე სეზონში გოლების გატანა საკმაოდ უჭირს (ცხრილს ჩახედეთ, მეტი მტკიცებულება რაღა გინდათ?) გუდას პირი მოხსნა და მესამედ მოახერხა შეხვედრაში 3 გოლის გატანა.
მორიგი ფანტასტიკური თამაში შემოგვთავაზა კრეიმ ბელამიმ, როგორც იქნა ბედმა გაუღიმა ენდი კეროლს და ზუსტად იმ სტილში შეაგდო, "ნიუკასლის" რიგებში რომ გაჰქონდა ხოლმე. მომდევნო ტურში კენი დალგლიშს უკვე ლუის სუარესიც ეყოლება, ასე რომ, ეს გუნდი კიდევ უფრო საინტერესო საყურებელი გახდება.
პრემიერლიგა. XXIII ტური
ასტონ ვილა-ქუინზ პარკი 2:2
ასტონ ვილა (4-4-2): გივენი - დანი, კუელიარი, უორნოკი, ჰატონი - კლარკი (70. ბანანი), პეტროვი, ნზოგბია, აირლენდი - ბენტი, კინი
ქუინზ პარკი (4-4-2): კენი - ფერდინანდი, ონუოჰა, ტაივო, ლ. იანგი - ბარტონი, დერი (73. ეპრაიმი), რაიტ ფილიპსი, მაკი - ჰალსი (54. ტ. სმიტი), სისე (81. მაკედა)
გოლები: 0:1 სისე (12), 0:2 უორნოკი (29 ს.კ.), 1:2 ბენტი (45), 2:2 ნზოგბია (79),
გაფრთხილება: ლ. იანგი
კუთხური: 9-3, ჯარიმა: 3-13, თამაშგარე: 4:3 კარში დარტყმა: 17-3(12-3), ბურთის ფლობა: 58%-42%
მაყურებელი: 32 063
სანდერლენდი-ნორვიჩი 3:0
სანდერლენდი (4-4-1-1): მინიოლე - ტერნერი, ოში, ბერდსლი, კ. რიჩარდსონი (82. ბრიჯი) - კოლბეკი, მაკლინი, გარდნერი, ლარსონი - სესინიონი (82. მეილერი) - კემპბელი (74. დონ ვონი)
ნორვიჩი (4-3-1-2): რადი - უიტბრედი, აიალა, მარტინი, ნაუტონი - ჯონსონი (61. ბენეტი), კროფტსი, სარმანი - ჰულაჰანი (61. პიკლინგტონი) - მორისონი, ჰოლტი (78. უილბრეჰემი)
გოლები: 1:0 კემპბელი (21), 2:0 სესინიონი (28), 3:0 აიალა (54 ს.კ.)
გაფრთხილება: გარდნერი - ნაუტონი
კუთხური: 3-6, ჯარიმა: 5-14, თამაშგარე: 3:0 კარში დარტყმა: 8-9(5-2), ბურთის ფლობა: 48%-52%
მაყურებელი: 34 476
ბლექბერნი-ნიუკასლი 0:2
ბლექბერნი (4-5-1): რობინსონი - ჟივე, ს. დანი, მ. ოლსონი, ლოუი - ნზონზი, პეტროვიჩი (61. ფორმიკა), გამსტ პედერსენი, დ. დანი (78. როჩინა), ჰოილეტი - მოდესტე
ნიუკასლი (4-4-2): კრული - კოლოჩინი, უილიამსონი, სანტონი, სიმპსონი - რ. ტეილორი (89. ობერტანი), გატრი, ხონასი, ბენ-არფა(46. პერჩი) - ამეობი, ბესტი (77. ლოვენკრანდსი)
გოლები: 0:1 ს. დანი (12 ს. კ.), 0:2 ობერტანი (89)
გაფრთხილება: ლოუი - რ. ტეილორი, უილიამსონი,
კუთხური: 14-1, ჯარიმა: 9-19, თამაშგარე: 4:5 კარში დარტყმა: 15-6(4-2), ბურთის ფლობა: 54%-46%
მაყურებელი: 20 817
ბოლტონი-არსენალი 0:0
ბოლტონი (4-3-3): ბოგდანი - უიტერი, ნაიტი, როკეტსი, სტეინსონი - მუამბა, რეო-კოკერი (89. პრეტლი), მ. დევისი - მ. პეტროვი (81. ტუნჩაი შანლი), იგლზი, ნგოგი (74. კ. დევისი)
არსენალი (4-5-1): შჩესნი - კოშელნი, მერტეზაკერი, ვერმალენი, სანია - სონგი, რემსი (80. როსიცკი), არტეტა, ოქსლეიდ-ჩემბერლენი (69. ანრი), უოლკოტი - ვან პერსი
გაფრთხილება: სტეინსონი - ვერმალენი
კუთხური: 6-6, ჯარიმა: 9-11, თამაშგარე: 4:4 კარში დარტყმა: 9-12(3-5), ბურთის ფლობა: 43%-57%
მაყურებელი: 24 371
ფულჰემი-ვესტ ბრომვიჩი 1:1
ფულჰემი (4-4-2): სტოკდეილი - ჰანგელანდი, სენდეროსი, რიისე, ს. კელი - მერფი, სიდუელი, დაფი, ს. დევისი - დემპსი, რუისი
ვესტ ბრომვიჩი (4-4-2): ფოსტერი - ი. ოლსონი, მაკაული, შორი, ტამაში - მულუმბუ, მორისონი (88. რიდი), დორანსი, კოკსი (80. ტჩოი) - ფურჩუნი, ოდემვინგე
გოლები: 1:0 დემპსი (69), 1:1 ტჩოი (82),
გაფრთხილება: მერფი
კუთხური: 8-7, ჯარიმა: 6-9, თამაშგარე: 1:1 კარში დარტყმა: 12-11(5-7), ბურთის ფლობა: 62%-38%
მაყურებელი: 25 689
სატურნირო ცხრილი
თ მ ფ წ ბ ქ
1. სიტი 23 17 3 3 60-19 54
2. იუნაიტედი 23 17 3 3 56-21 54
3. ტოტენჰემი 23 15 4 4 44-25 49
4. ჩელსი 23 12 6 5 41-26 42
5. ნიუკასლი 23 11 6 6 34-30 39
6. ლივერპული 23 10 8 5 28-21 38
7. არსენალი 23 11 4 8 39-33 37
8. სანდერლენდი 23 8 6 9 32-24 30
9. სტოკ სიტი 23 8 6 9 23-35 30
10. ევერტონი 23 8 5 10 23-26 29
11. ნორვიჩი 23 7 8 8 32-39 29
12. ასტონ ვილა 23 6 10 7 28-31 28
13. ფულჰემი 23 6 9 8 29-32 27
14. სუონსი 23 6 9 8 24-28 27
15. ვესტ ბრომვიჩი 23 7 5 11 23-32 26
16. ქუინზ პარკი 23 5 6 12 24-39 21
17. ბოლტონი 23 6 2 15 28-47 20
18. ბლექბერნი 23 4 6 13 33-47 18
19. ვულვერჰემპტონი 23 4 6 13 25-43 18
20. უიგანი 23 3 6 14 20-48 15
ბომბარდირები
19 - რობინ ვან პერსი (არსენალი), 15 - დემბა ბა (ნიუკასლი), 14 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი), 13 - უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი), 12 - იაკუბუ (ბლექბერნი), 11 - ედინ ჯეკო (მანჩესტერ სიტი); 10 - კლინტ დემპსი (ფულჰემი), 9-9 - დენიელ სტარიჯი, ფრენკ ლემპარდი (ორივე ჩელსი), ს. ფლეტჩერი (ვულვერჰემპტონი), ემანუელ ადებაიორი (ტოტენჰემი), მარიო ბალოტელი (მანჩესტერ სიტი),
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"