"ევერტონი" გაძლიერდა

AutoSharing Option
სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს ინგლისში დიდი ამბები დატრიალდა. მართალია, გულშემატკივარს სენსაციური ამბებით ვერ გავახარებთ, მაგრამ მოსაყოლი ნამდვილად ბევრია.

მაშ ასე: "ევერტონმა" "რეინჯერსიდან" 5,5 მილიონ ფუნტად შოტლანდიური პრემიერლიგის საუკეთესო ბომბარდირი ნიკიცა იელავიჩი შეიძინა. ასე რომ, მოსკოვის "სპარტაკისგან" დინიარ ბილიალეტდინოვის ტრანსფერში მიღებული თანხით დევიდ მოისმა კვალიფიციური თავდამსხმელი შეიძინა.

მერსისაიდელებმა 26 წლის ხორვატთან 4,5-წლიანი კონტრაქტი გააფორმეს. იელავიჩის დებიუტს შაბათს "უიგანთან" პრემიერლიგის 24-ე ტურში უნდა ველოდოთ.

კიდევ ერთი ფეხბურთელი ქალაქში
თუკი შეიძლება საერთოდ "მანჩესტერ სიტიმ" შემადგენლობა გააძლიეროს, მაშინ ვთქვათ რომ ეს ასე მოხდა. "ქალაქელებმა"
"რომადან" "ჯალოროსის" სათადარიგოდ ქცეული დავიდ პისარო შეიძინეს. რობერტო მანჩინი 32 წლის ჩილელს "ინტერში" მუშაობის დროსაც წვრთნიდა. ვეტერანს ერთ დონეზე შეუძლია როგორც დაცვითი ისე შემტევი სტილის შუახაზელის მოვალეობების შესრულება, ასე რომ, მანჩინი მას ალბათ ხანდახან მაინც გამოიყენებს.

იუნაიტედი სიტის ხარჯზე
"მანჩესტერ იუნაიტედმა" "მანჩესტერ სიტიდან" 19 წლის პერსპექტიული შვეიცარიელი მცველი ფრედერიკ ვესელი გადაიბირა. "ქალაქელებმა" ფეხბურთელი 2008 წელს "ლოზანის" აკადემიიდან წაიყვანეს. მას 3,5 წლის განმავლობაში ძირითადი გუნდის შემადგენლობაში ერთადერთი მატჩი აქვს ჩატარებული ისიც ამერიკაში მოსამზადებელი შეკრების დროს. ვესელი შვეიცარიის 17-წლამდელთა იმ ნაკრების კაპიტანი იყო, ვინც 2009 წელს მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო. მიუხედავად ასაკისა, ფეხბურთელს იმედი აქვს, რომ მალე შეძლებს გუნდთან ადაპტაციას და ძირითადში მოსახვედრად იბრძოლებს.

ბერძენი შავ კატებში
"ლივერპულის" ყოფილი ცენტრალური მცველი სოტირიოს კირიაკოსი პრემიერლიგას დაუბრუნდა. "ვოლფსბურგში" გატარებული 6 თვის შემდეგ 32 წლის ბერძენი ფეხბურთელი "სანდერლენდში" გადავიდა. თუკი "შავი კატების" დამრიგებელი მარტინ ონილი ფეხბურთელით კმაყოფილი დარჩა, მის ტრანსფერს ინგლისელები გამოისყიდიან კიდეც. შეგახსენებთ, რომ ონილმა ერთი დღით ადრე "მანჩესტერ სიტიდან" ინგლისის ნაკრების ყოფილი მცველი, 31 წლის უეინ ბრიჯიც გადაიბირა.

ფულჰემი მშრალზე არ დარჩენილა
"ქუინზ პარკში" ბობი ზამორას გაყიდვის შემდეგ ლონდონურმა კლუბმა "შტუტგარტიდან" რუსი თავდამსხმელი პაველ პოგრებნიაკი გადაიბირა. 28 წლის შემტევის 6-თვიანი იჯარა პრემიერლიგელებს სულ რაღაც 500 ათასი ფუნტი დაუჯდებათ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული