"ჩელსი"-"მანჩესტერ იუნაიტედი". გამოხმაურება

AutoSharing Option
შეიძლება ძალიან ბანალურად ჟღერდეს, მაგრამ ასეა: ფეხბურთი სწორედ ისეთი თამაშების გამო გვიყვარს, 5 თებერვალს "ჩელსისა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" შორის რომ გაიმართა. ვინც თამაშს უყურა, სხვაგვარი შთაბეჭდილება ალბათ ძალიან ცოტას თუ დარჩებოდა.

"მანჩესტერმა" პრემიერლიგაში მესამედ მოახერხა 0:3 ჩამორჩენის გაბათილება. 1992 წლის 26 დეკემბერს "შეფილდ უენსდისთან" შეხვედრა 3:3 დამთავრდა, 2001 წლის 29 სექტემბერს კი "ეშმაკებმა" "ტოტენჰემთან" 5:3 იმარჯვეს.

ანდრე ვილაშ ბოაშს დაცვაში ეშლი კოული და ჯონ ტერი დააკლდა. ის იძულებული გახდა, მარცხენა მცველად ჟოზე ბოსინგვა გამოეყენებინა, კაპიტნის ნაცვლად კი ძირითადში გარი კეჰილი
გაემწესებინა.

მასპინძელთა ძირითადში არ იყვნენ ტრავმირებული ფრენკ ლემპარდი და რამირესიც. მათ ნაცვლად მიკაელ ესიენი და ფლორან მალუდა დადგნენ. აქედან გამომდინარე პორტუგალიელმა მწვრთნელმა გუნდის ტრადიციულ სქემას ცოტა გადაუხვია. სერ ალექს ფერგიუსონმა კი პირიქით, ზუსტად ის შემადგენლობა დააყენა, რასაც ყველა ელოდა.

პირველ წრეში ამ გუნდებმა უცნაური მატჩი ჩაატარეს. "იუნაიტედმა" მეტოქე 3:1 დაამარცხა მიუხედავად იმისა, რომ სულ ოდნავ უკეთ თამაშობდა. კვირას კი საწინააღმდეგო მოხდა. ამჯერად "ჩელსიმ", ისე, რომ რაიმე განსაკუთრებული უპირატესობა არ ჰქონია, 3 გოლი გაიტანა. მიუხედავად ანგარიშში სხვაობისა, ვილაშ ბოაშის ახალი სქემა რეალურად არ მუშაობდა.

"ჩელსის" განლაგება 4-2-3-1-ს უფრო ჰგავდა, ვიდრე 4-2-1-3-ს. მათ შორის სხვაობა მინიმალურია, მაგრამ მნიშვნელოვანი. ლონდონელები არ თამაშობდნენ განსაკუთრებულ პრესინგს. მალუდა და სტარიჯი "იუნაიტედის" განაპირა მცველებს ბურთის ამოტანისას არ აწუხებდნენ. დაცვითი ფუნქციების შესრულებისას კი სიღრმეში იწევდნენ და ესიენისა და მეირელეშის გასწვრივ დგებოდნენ.

ფერნანდო ტორესთან ყველაზე ახლოს კი ხუან მატა თამაშობდა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი: უეინ რუნი უბურთოდ ნაკლებად მუშაობდა. როგორც წესი, ის ხშირად იხევს სიღმეში, რათა მისმა გუნდმა ცენტრში უპირატესობა შექმნას. კვირას კი ის მეირელეშსა და ესიენს იმდენად არ აწუხებდა. სამაგიეროდ, მეტად იყო კონცენტრირებული შეტევაზე.

ბრანისლავ ივანოვიჩს მუდმივად ჰქონდა ეშლი იანგთან გამკლავების პრობლემა. "მანიუს" შუახაზელი ხან ცენტრისკენ იწეოდა, ხან მეტოქის მოტყუებას ცდილობდა, ხან კიდევ უბრალოდ სისწრაფის წყალობით სცდებოდა მას.

იანგი და ანტონიო ვალენსია არ იყვნენ ისეთი პროდუქტიულები, როგორც ჩვეულებრივ. ეს ყველაფერი კი რაიან გიგზის სუსტი თამაშის წყალობით. ვეტერანი ვერაფრით ახერხებდა პასებით თანაგუნდელთა მომარაგებას. თავის მხრივ ამის მიზეზი იყო ის, რომ "იუნაიტედს" ცენტრში ნაკლები ხალხი ჰყავდა.

მეორე გოლისას მარჯვნივ მოთამაშე მატა (ზოგადად მთელი სეზონის მარცხნივ თამაშობს) ცენტრისკენ შეიწია და ტორესის პასით ფანტასტიკური ბურთი გაიტანა. მესამე გოლის შემდეგ კი ფერგიუსონმა გუნდში სერიოზული ცვლილებები შეიტანა. შოტლანდიელმა იანგის ნაცვლად ხავიერ ერნანდესი შეუშვა, ფლანგზე კი უელბეკი გადაწია. მექსიკელმა გუნდს შეტევაში სისწრაფე შემატა, რამაც "ჩელსი" აიძულა, დაცვაში უფრო დიდი ძალები გადაესროლა. ბევრად უფრო მნიშვნელოვანი გამოდგა მეორე ცვლილება, როცა რაფაელის ნაცვლად პოლ სქოულზი გამოვიდა. მარჯვენა მცველად ვალენსია დადგა, ცენტრიდან ფლანგზე კი გიგზმა გადაინაცვლა.

სქოულზმა თამაში დაალაგა და "იუნაიტედის" შეტევებს სათავეში ჩაუდგა. "ჩელსი" იძულებული გახდა, დაცვაში ჩამდგარიყო, რამაც მეტოქეს მთელი ფრონტი გაუთავისუფლა. მასპინძლები ბურთს ვეღარ ანაწილებდნენ. თითქოს, არც სურდათ დიდხანს მისი შენარჩუნება.

ხოლო როცა რამდენიმე პასს გადააბამდნენ, შეტევისთვის ზედმეტად მარტივ გამოსავალს ეძებდნენ. მათ ვერაფრით მოახერხეს ტემპის დაგდება. ვერც მოახერხებდნენ, რადგან შემადგენლობაში ერთადერთი ფეხბურთელი ჰყავდათ, ვინც იცის, თუ როგორ კეთდება ეს. შეცდა ვილაშ ბოაშიც, როცა რომეუ შეუშვა, რადგან ის ბურთს ძალიან იოლად კარგავდა და თანაც ამის გამო მატა ცენტრიდან მარცხენა ნახევარმცველად გადავიდა. ყოველივე ამის წყალობით "იუნაიტედმა" ბურთი საბოლოოდ ჩაიგდო ხელთ და ლოგიკური შედეგიც მიიღო.

მატჩის შემდგომ
ალექს ფერგიუსონი
(მანჩესტერ იუნაიტედი): "მიმაჩნია, რომ 2 ქულა დავკარგეთ, რადგან მეორე ტაიმის პირველ 10 წუთს თუ გამოვაკლებთ, ძალიან კარგად ვთამაშობდით და მეტოქეს აშკარად ვჯობდით. ძალიან რთულია 3:0-ის შემდეგ შეხვედრას დაუბრუნდე.

ფეხბურთელებმა ამისთვის ძალიან დიდი ძალები გაიღეს. ნეიტრალური მაყურებლისთვის შეხვედრა კარგი სანახავი გამოდგა. "ჩელსიმ" ამ სანახაობაში დიდი როლი ითამაშა. საერთო ჯამში ჩემი ფეხბურთელებით კმაყოფილი ვარ.

რუნი ძალიან ბევრს ვარჯიშობდა "ბოლტონთან" გაფუჭებული პენალტის შემდეგ. აშკარაა, ამან თავისი შედეგი გამოიღო. ჩვენ მიერ მოპოვებული ორივე თერთმეტმეტრიანი სამართლიანი იყო. თუმცა შეიძლებოდა ოთხი პენალტიც კი დაგვერტყა. ერნანდესის შემოყვანის დროს, რასაკვირველია, ვრისკავდით. ასეც უნდა მოვქცეულიყავით. სიმართლე გითხრათ, ახლა ვფიქრობ, რომ ჯობდა "ჩიჩარიტო" სასტარტოში დამეყენებინა.

მან მეტოქეს ბევრი პრობლემა შეუქმნა. სერიოზულ ზეწოლას ახორციელებდა "ჩელსიზე" უელბეკიც. ის ძალიან კარგი ბიჭია და რა თქმა უნდა მისგან დიდი თავდამსხმელი დადგება. რაც შეეხება დავიდ დე ხეას: მისი რეაქცია მატას საჯარიმოს დროს ფანტასტიკური იყო. ბურთი ზუსტად შორეულ, მაღალ კუთხეში მიდიოდა. დავიდმა ულაპარაკოდ დიდი წვლილი შეიტანა შედეგის მიღწევაში. მე მისით კმაყოფილი ვარ. დავიდს მთელი თავისი ბრწყინვალებით 3-4 წელიწადში ვნახავთ. დიახ, ის რამდენჯერმე შეცდა, მაგრამ ეს იმის გამო მოსდის, რომ ჯერ მხოლოდ ადაპტაციას გადის ინგლისურ ფეხბურთთან. მისთვის აქ ბევრი რამ ჯერ კიდევ უჩვეულოა".

ანდრე ვილაშ ბოაში (ჩელსი): "ვფიქრობ, გვაქვს უფლება კმაყოფილები ვიყოთ ჩვენი თამაშით. მატჩს დიდხანს ვაკონტროლებდით და დიდ უპირატესობას ვფლობდით. გვქონდა სერიოზულ ფორაც. "იუნაიტედს" შეუძლია თავი გამარჯვებულად იგრძნოს, რადგან მათ სამბურთიანი უპირატესობა გაგვიბათილეს.

იმედგაცრუებულები ვართ, რომ ყველაფერი ასე მოხდა. ყველაფერი ჩვენს ხელში იყო, მაგრამ მოგება ხელიდან გავუშვით. ცოტა უცნაური იყო დღეს მსაჯობაც. პირველ წრეში "ოლდ ტრეფორდზე" არბიტრის ორი შეცდომის გამო ორი ბურთი ვერ გავიტანეთ, დღესაც რაღაც ამის მსგავსი ხდებოდა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული