ვფიქრობთ, ის ჩვენი მკითხველისთვისაც საინტერესო უნდა იყოს. სხვა რომ არაფერი, ეს ადამიანი 2005 და 2006 წლებში ბრიტანეთის წლის საუკეთესო სპორტულ ჟურნალისტად არის დასახელებული და მთელ კუნძულზე უზარმაზარი ავტორიტეტით სარგებლობს. მასალას მცირედი შემოკლებით გთავაზობთ.
"უდანაშაულოა, სანამ საწინააღმდეგო არ დამტკიცდება," - ჩვენს დროში ეს სიტყვები ფორმალობად გადაიქცა. ეს იგივეა, რაც სიტყვა "თითქოს". მოგისმენიათ, როგორ წამოთქვამენ მას გადაცემებში, თითქოს ანეკდოტს ჰყვებიან. ისვრიან ამ "თითქოს" ეთერში, წარბს ზემოთ აწევენ და იღიმებიან.
"ჯონ ტერი უდანაშაულოა, სანამ საწინააღმდეგო არ დამტკიცებულა," - გავაკეთოთ მცირე პაუზა კომიკური ეფექტისთვის და დაველოდოთ პუბლიკის სიცილს. საბოლოოდ ყველაფერი მიდის შეჯიბრებამდე, ვინ უფრო ხმამაღლა იყვირებს. ვესტმინსტერიდან "ტვიტერის" გრამაფონების ხმის გადაფარვა კი შეუძლებელია. ყვირილისას ყოველთვის ძნელია მომხდარის დეტალებსა და ლოგიკაში გაერკვე. "ლინჩის წესების საზოგადოება," - ზუსტად ასე დაარქვა მათ ჩემმა ერთმა მეგობარმა. ის ფეხბურთით დიდი ხანია აღარ არის გატაცებული, მაგრამ ინსტინქტმა არ უღალატა.
თუკი საჭიროა, რომ ტერი ნაკრებიდან გავუშვათ სასამართლოს გადაწყვეტილებამდე, დაე ეს იყოს საფეხბურთო გადაწყვეტილება. თუკი ფაბიო კაპელო მიიჩნევს, რომ ფეხბურთელი ნაკრების ერთიანობას ხელს უშლის, იმოქმედოს და თავად გადაწყვიტოს. ის ხომ არ მოერიდა მსოფლიოს ჩემპიონატის წინ ჯონისთვის კაპიტნობა ჩამოერთმია. მაგრამ ამჯერად პირიქით, იტალიელმა თავისი კაპიტანი დაიცვა.
როცა საკითხი გადაწყდა, კაპელო იტალიაში იყო. გამოდის, რომ მწვრთნელს 6 მილიონ ფუნტს ვუხდით და იმასაც კი არ ვანდობთ, რომ ნაკრების შესახებ გადაწყვეტილებები მიიღოს? რას ვიზამთ? მაშინ კაპელოს მემკვიდრემ ეს უნდა გაითვალისწინოს.
მორიგი კრიზისი ნაკრებში აუცილებლად დადგება და ეს მოხდება მხოლოდ საფეხბურთო ასოციაციის ხელმძღვანელთა, "მენეჯმენტის ჯადოქართა" ბრალით. იტალიელის "შეუსრულებელი მისია" კი ბევრად გაიოლდა. ასოციაცია ადამიანს 6 მილიონს სპორტულ კოსტიუმში უხდის და მეტში არაფერში. თუკი მდგომარეობა გაუარესდება, პასუხს სხვა აგებს. წარმატებები.
აღმასკომს პრესა, რა თქმა უნდა, თავს მოუქონავს და მადლობასაც გადაუხდის მტკიცედ დგომისთვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების მიღებისას, თუმცა ის სულ სხვა რამეში შეიძლებოდა გამოხატულიყო. ასოციაცია სიმტკიცეს გამოიჩენდა მაშინ, თუკი განაცხადებდა, რომ ადამიანმა არ შეიძლება დაკარგოს სამუშაო ისე, რომ თავისი სახელის სასამართლოში დაცვის უფლება არ დარჩეს და მიუხედავად იმისა, რომ საქმის გადაწყვეტა ჭიანურდება, საჭირო იყო, ბოლომდე დავლოდებოდით მას.
ემანუელ ფრიმპონგი ("ვულვერჰემპტონი") უერთდება "ტვიტერის" ბრალმდებელთა რიცხვს და წერს: "ანტონ ფერდინანდს ნაკრებში რომ ეთამაშა და რასიზმში ყოფილიყო ბრალდებული, ასოციაცია დაელოდებოდა კი საქმის გადაწყვეტას?" განა რა, ასოციაცია წყვეტს სასამართლოს სხდომათა თარიღებს? ფრიმპონგის სიტყვები კიდევ ერთი მტკიცებულებაა ტერის მიმართ საზოგადოების ცუდი წინასწარი განწყობისა.
ჯეისონ რობერტსმა (რედინგი) ამჟამინდელი ვითარება 2003 წელს რიო ფერდინანდის სიტუაციას შეადარა, როცა რიო ნაკრებიდან დროებით მოკვეთეს დოპინგსკანდალის გამო. მას დაავიწყდა მთავარი განსხვავება. ფერდინანდის შემთხვევაში რაიმე განსაკუთრებული მტკიცებულება საჭირო არ იყო. ის არ გამოცხადდა დოპინგტესტზე და მორჩა. ვერდიქტი მაშინ თავიდანვე ცხადი იყო. ეს ორი მოვლენა რომ შეგვედარებინა, საჭირო იყო, რომ ტერის ანტონ ფერდინანდი კამერების წინ გაელანძღა. მაშინ ეს ყველასთვის გასაგები იქნებოდა და არავინ დაუცდიდა სასამართლოს განაჩენს. გადაწყვეტილებას მაშინვე მიიღებდნენ და ხმასაც არავინ ამოიღებდა.
რასიზმს თავისთავად არავინ ამართლებს. თუმცა არსებობს ფაქტი: ტერი აცხადებს, რომ ის უდანაშაულოა. თუკი მისი სიტყვები სიმართლე აღმოჩნდება, მაშინ სიტუაცია კიდევ უფრო უსიამოვნო აღმოჩნდება, რადგან ისევე როგორც რასიზმს, ცრუ ბრალდებასაც არ მოეძებნება გამართლება. მით უფრო, რომ ასოციაცია ტერის დამნაშავედ მიიჩნევს განაჩენის გამოტანამდე.
ტერის შეეძლო არ ეთამაშა "ქუინზ პარკის" წინააღმდეგ, მაგრამ ამ შემთხვევაში ვინმეს შეიძლებოდა ეფიქრა, რომ ეს ტაქტიკური სვლა იყო ანტონ ფერდინანდთან შეხვედრის თავიდან ასარიდებლად. ჯონი მოედანზე იყო. სინამდვილეში მას მუხლის სერიოზული ტრავმა აქვს. არ არის გამორიცხული, რომ ჰოლანდიასთან უახლოესი სანაკრებო შეხვედრის გამოტოვებაც მოუხდეს.
ასეთ შემთხვევაში მას სეზონის ბოლომდე მიეცემა იმაზე ფიქრის საშუალება, წავიდეს თუ არა ევრო 2012-ზე. რა იქნება მისთვის გადამწყვეტი, ასოციაციისგან მხარდაჭერის ნაკლებობა თუ კაპელოს მხარში დგომა.
მან ხომ უკვე განუცხადა ფეხბურთელს, რომ ის მისთვის ნამდვილ კაპიტნად დარჩება, რადგან საუკეთესო კანდიდატად მიიჩნევს ამ თანამდებობაზე. სასაცილოა, თუკი ვინმე ფიქრობს, რომ მწვრთნელმა ეს შეცოდების გამო თქვა. უბრალოდ კაპელო დარწმუნდა, რომ ინგლისურ ფეხბურთში ნაკრების კაპიტანი ეს არის ნამდვილი ლიდერი. სტივ ჯერარდმა კი ამ ტვირთს 2010-ში ვერ გაუძლო.
ტერის კი ერთი რამ დარჩა გადასაწყვეტი: წავა თუ არა ევროპის ჩემპიონატზე და ამით მისცემს თუ არა საზოგადოებას მისი ლინჩით წესით გასამართლების საშუალებას. ყველა იმ ადამიანს კი, ვინც შერცხვენილ ექსკაპიტანზე, მეორედ კაპიტნობის პატივაყრილ ადამიანზე წერს, ჩუმად შევახსენებ, რომ ტერი "უდანაშაულოა, სანამ საწინააღმდეგო არ დამტკიცდება".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"